მარიამ ჯიშკარიანი: ციხეთა სისტემა სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის, ის უნდა გათავისუფლდეს

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ არაჰუმანურ მოპყრობასა და წამებაში, გამოძიების დასრულებამდე გადაყენებულ უნდა იქნენ თანამდებობიდან.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, თანამდებობა უნდა დატოვოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემაც. ეს განცხადება ფსიქიატრმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე გააკეთა.

მისივე თქმით, დასკვნაში, რომელსაც „ემპათია“ უახლოეს პერიოდში წარადგენს, სრულად იქნება ასახული მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების მეთოდები და ფაქტები:

„დასკვნაში ასახული იქნება ის შედეგებიც, რაც აისახა ჯანმრთელობაზე, როგორც ფიზიკურ, ისე ნეიროფსიქოლოგიურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. დასკვნაში იქნება რეკომენდაციებიც. ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა მიხეილ სააკაშვილისთვის უსაფრთხო არ არის, ის არ არის უსაფრთხო მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობისთვის და შესაბამისად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული“.

მარიამ ჯიშკარიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება ყველა საერთაშორისო სტანდარტით დაუშვებელია:

„ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა წამებასა თუ არასათანადო მოპყრობაში, კვლავ რჩება თანამდებობაზე, იქნება ეს იუსტიციის მინისტრი, მე-12 დაწესებულების ხელმძღვანელობა თუ მე-18 დაწესებულების წარმომადგენლები და ხელმძღვანელობა“.

4 დეკემბერს მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილს არასწორად ჰქონდა დანიშნული ერთ-ერთი ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობის კუპირებისთვის. ჯიშკარიანის სიტყვებით, ეს პრეპარატი ფიგურირებს როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულების სამედიცინო ბარათში, ასევე გორის ჰოსპიტლის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება და კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

ჯიშკარიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომდევნო დღეს დაადასტურა მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემაც, რომლის განცხადებითაც, ექსპრეზიდენტის სამედიცინო ისტორიის თანახმად, იგეგმებოდა დოზების დაახლოებით ათჯერ გაზრდა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი წამალს გაზრდილი დოზებით მიიღებდა, ის ვერ შეძლებდა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლასაც.

7 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად კი იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ პერსონალური ინფორმაცია და ვიდეო-კადრები.

ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრათ ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

იუსტიციის სამინისტრო ინსპექტორმა კანონით გათვალისწინებული ოდენობით 500 ლარით დააჯარიმა, პენიტენციური სამსახური კი 2000 ლარით, კანონის განმეორებით დარღვევისთვის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა ქვეყანაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

9 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე, რომელმაც 8 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა, აცხადებს, რომ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება და ის 9 დეკემბერს დანიშნულ სხდომას ვერ დაესწრება.