სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სიცრუე უწოდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მისთვის შეხვედრების შეზღუდვის და ტელევიზორის ჩამორთმევის შესახებ.
სამსახურმა "მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ცრუ ბრალდებების" პასუხად, გვიან ღამით გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მე-18 სამკურნალო დაწესებულების მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.
ასევე ნახეთ სააკაშვილის პირადი მონაცემების გამჟღავნებისთვის ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმასპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილთან მე-18 დაწესებულების უფლებამოსილი პირების ვიზიტი განპირობებული იყო მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით, რაზეც სააკაშვილმა უარი თქვა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს:
„ამ დროისთვის მიხეილ სააკაშვილის მიმართ არ არის გამოყენებული რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება მის მიერ ჩადენილი დარღვევის გამო, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია მისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში უწყების იმიჯის შელახვას“.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებითვე, მე-18 დაწესებულების დირექტორის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო:
„ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი“.
პენიტენციური სამსახურის თანახმად, ამ ეტაპზე სააკაშვილი შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით. სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს სამსახურისა და მისი მოსამსახურეების მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებისგან.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად წყვეტს მკურნალობას7 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მისმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მედიას გააცნო სააკაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის პასუხად, მასთან მივიდა გლდანის მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც მისი „წამების მონაწილეები ამოიცნო“:
„გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას (გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ), დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემ წინააღმდეგ დისციპლინური ზომების გატარება(ეს უკვე დღეს), რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ასევე ტელევიზორის ჩამორთმევას“.
სააკაშვილის განცხადებით, წყვეტს ყველანაირ მკურნალობას, სანამ არ შეასრულებენ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ დისციპლინურ ზომებს და არ განაახლებენ მასთან მნახველების ნორმალურად დაშვებას.
7 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის თანახმად, იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის:
- ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
- მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
- რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალა;
- რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.
სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო 500 ლარით დააჯარიმა, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური - 2000 ლარით.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 ნოემბრიდან იმყოფება გორის სამხედრო ჰოსპიტალში. უკრაინიდან საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნებულ სააკაშვილს, რომელიც 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს, დაკავების დღიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, შემდეგ კი გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც, ექსპრეზიდენტის განცხადებით, მოტყუებით და იძულებით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.
2018 წელს, საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბერში, ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით. მიხეილ სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.
2021 წლის 20 ოქტომბერს, საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს, სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია. 1 ოქტომბერს პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. ამავე საქმეზე, დანაშაულის დაფარვის მუხლით ბრალდებულია კიდევ 3 პირი.