მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად წყვეტს მკურნალობას

მიხეილ სააკაშვილი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა მისი პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე. მან საზოგადოებას გააცნო ექსპრეზიდენტის წერილი, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ პროტესტის ნიშნად წყვეტს მკურნალობას. ამის მიზეზად ყოფილი პრეზიდენტი ასახელებს მის წინააღმდეგ გატარებულ ზომებს. მიხეილ სააკაშვილის წერილის თანახმად, დღეს, 7 დეკემბერს, მასთან იმყოფებოდა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების ორი თანამშრომელი. სააკაშვილი აცხადებს, რომ ამოიცნო მისი წამების მონაწილეები.

„დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეშ დარღვევაში. ამ განცხადებიდან დაახლოებით ექვს საათში ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები და მათ გამომიცხადეს, რომ იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ სამედიცინო მანიპულაციების ჩატარებას (გლდანის #18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ), დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემ წინააღმდეგ დისციპლინური ზომების გატარება (ეს უკვე დღეს), რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ასევე ტელევიზორის ჩამორთმევას. ამის შემდეგ, დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლის და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით ოთხი საათი აცდევინეს ქუჩაში და გააბრუნეს უკან, თბილისში. ასევე არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია.

ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნაზე. მათ არათუ არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემ წინააღმდეგ დღეს. ამიტომ, მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ჩემს პროტესტს, სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების გადაწყვეტილებებს, არ გააუქმებენ ე.წ. დისციპლინურ ზომებს, არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

როგორც პირადი ექიმი ამბობს, სააკაშვილი ძალიან განერვიულებული იყო. ის აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ექსპრეზიდენტის პალატაში ტელევიზორი არის.

ექიმის აზრით, მიხეილ სააკაშვილთან არ უნდა შედიოდნენ ის პირები, რომლებთანაც ინციდენტი მოუვიდა. როგორც ყიფშიძე ამბობს, სააკაშვილი ნეგატიურად შეხვდა მე-18 დაწესებულების თანამშრომლების მასთან შესვლას.

ასევე ნახეთ სააკაშვილი მისი პერსონალური მონაცემების ამსახველი მასალების თაობაზე ინსპექტორის დასკვნას მიესალმება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაასრულა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა და დაასკვნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ:

  • ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
  • მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
  • რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალა;
  • რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.

პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრათ ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.

იუსტიციის სამინისტრო ინსპექტორმა კანონით გათვალისწინებული ოდენობით 500 ლარით დააჯარიმა. პენიტენციური სამსახური კი - 2000 ლარით, კანონის განმეორებით დარღვევისთვის.

ასევე ნახეთ სააკაშვილის პირადი მონაცემების გამჟღავნებისთვის ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა

„ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ „ფეისბუკის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა“.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა.