საქმეზე „ნონა გაფრინდაშვილი „ნეტფლიქსის“ წინააღმდეგ“ კალიფორნიის სასამართლომ სხდომა 2022 წლის 24 იანვრისთვის დანიშნა. მოჭადრაკე ამტკიცებს, რომ სერიალ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა სიმართლე იცოდა, მაგრამ განზრახ დაამახინჯა. ნონა გაფრინდაშვილი შეცდომის გასწორებასა და კომპენსაციას, 5 მილიონ დოლარს ითხოვს.
ნონა გაფრინდაშვილის წარმომადგენელი, იურისტი მაია მწარიაშვილი ამბობს, რომ „ნეტფლიქსმა“ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა. ადვოკატის თქმით, კომპანიის წარმოდგენილი არგუმენტები არადამაჯერებელი და სუსტია, ამიტომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დავა გამოიწვია სერიალ „ლაზიერის გამბიტში“ გაჟღერებულმა ფრაზამ, რომელიც ნონა გაფრინდაშვილს შეეხებოდა. მხატვრულ ფილმში მოვლენები 1960-იან წლებში ვითარდება. ნიჭიერი ამერიკელი გოგონა ჩადის საბჭოთა კავშირში და ეთამაშება მთავარ მეტოქეს, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონს, რომლის პროტოტიპი სავარაუდოდ გარი კასპაროვია. პარტიის დასაწყისში კადრში ჩნდება ნონა გაფრინდაშვილის პერსონაჟი, ის დარბაზში სხვა მაყურებლებს შორის ზის, ჭადრაკის კომენტატორი კი ამბობს: „ერთადერთი, რაც [ფილმის მთავარი გმირისთვის] უჩვეულოა, მისი სქესია, მაგრამ რუსეთში არც ეს არის უნიკალური, აქ არის ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა, ის ქალთა შორის არის მსოფლიო ჩემპიონი და მამაკაცს არასდროს დაპირისპირებია“.
რეალურად, 1968 წლისთვის გაფრინდაშვილს უკვე ნათამაშები ჰქონდა სულ მცირე 59 კაც მოჭადრაკესთან, რომელთაგან 10 დიდოსტატის ტიტულს ატარებდა.
ფილმის ფრაზის ინტერპრეტირებას „ნეტფლიქსი“ შემდეგი არგუმენტებით ცდილობს:
- სადავო წინადადება „ნონა გაფრინდაშვილს არასოდეს უთამაშია მამაკაც მოჭადრაკეებთან“ გულისხმობს იმას, რომ მას არ უთამაშია პრესტიჟულ საბჭოთა ტურნირებზე 1968 წლამდე. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირები მამაკაცების წინააღმდეგ იწყება 1968 წლის შემდეგ.
- ობიექტურმა დამკვირვებელმა სადავო წინადადებიდან უნდა გამოიტანოს აზრი, რომ ნონა გაფრინდაშვილი არ მონაწილეობდა საბჭოთა პრესტიჟულ მამაკაცთა ტურნირებში 1968 წლამდე და არა საერთაშორისო მამაკაცთა ტურნირებში.
ნონა გაფრინდაშვილის ეროვნებით რუსად მოხსენიებასთან დაკავშირებით კი მოპასუხე მიუთითებს, რომ 60-იან წლებში ამერიკელები ასე მოიხსენიებდნენ საბჭოთა კავშირის მოქალაქეებს.
საპასუხოდ, ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ შეუძლებელია, „ნეტფლიქსს“ მოჭადრაკის რეალური მიღწევების შესახებ არ სცოდნოდა. მათ მოჰყავთ აშშ-ის ჭადრაკის ოსტატის ნიკოლას ა. კარლინის წერილობითი ახსნა-განმარტება: „ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესდებოდა ნონა გაფრინდაშვილის კარიერის შესახებ ცნობების აღმოჩენით, განსაკუთრებით იმის დადგენით, უასპარეზია თუ არა მას 1968 წლამდე მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ, შეეძლო მარტივად ეპოვა ეს ცნობები ინტერნეტწყაროების საშუალებით, მათ შორის, ვიკიპედიის, chessgames.com-ისა და მსგავსი ვებსაიტების გამოყენებით“.
ქართულმა მხარემ ასევე მოიძია და წარადგინა იმ ასპარეზობების ნუსხა, რომელშიც ნონა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა, მაგალითად:
1963-65 წლებში ნონა გაფრინდაშვილმა მონაწილეობა მიიღო მამაკაცთა შორის, მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ - ჰასტინგსის (ინგლისი) საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირში. ამ ტურნირზე იგი არაერთ მამაკაც მოჭადრაკეს ეთამაშა, მათ შორის, დრაგოლიუბ ბარეტიჩს, დიდი ბრიტანეთის ჩემპიონებს - ჯონ ტეილორსა და ჰაინრიხ იუჰეს, რუმინეთის 9-გზის ჩემპიონს, დიდოსტატ ფლორინ გეორგიუს, ირანის ჩემპიონს - იაკოვ მაშიანს და იუგოსლავიის 12-გზის ჩემპიონს, დიდოსტატ სვეტოზარ გლიგორიჩს. ნონა გაფრინდაშვილმა დაამარცხა მამაკაცი მოჭადრაკეები - ბრიტანელი დიდოსტატი ვიქტორ მარდლი, დიდი ბრიტანეთის ჩემპიონები - პიტერ ნიკოლალისი და ოუენ ჰინდლი, ფრედ დაასრულა დიდოსტატ პოლ კერესთან. ამ პრესტიჟულ ტურნირზე ნონა გაფრინდაშვილი ერთადერთი მოჭადრაკე ქალი იყო.
1968-ში, სწორედ იმ წელს, რომელსაც ფილმი ეხება, ნონა გაფრინდაშვილმა წარმატებით იასპარეზა 9 მამაკაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით New York Times-ი წერდა: „ნონა გაფრინდაშვილი საბჭოთა კავშირიდან [და არა რუსეთიდან], მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის, არის ერთადერთი ქალი, რომელმაც ახლახან შვედეთში, გოტებორგის საერთაშორისო ტურნირზე მიიღო მონაწილეობა და მოიპოვა მე-3 ადგილი“.
უკვე 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილმა მიიღო პირველი დიდოსტატი ქალის წოდება მამაკაცთა შორის.
„პირველმა მივიღე მამაკაცთა შორის დიდოსტატის წოდება. ისეთი შესანიშნავი პარტიები მაქვს მოგებული დიდოსტატებისთვის! ამ დროს სერიალში ამბობენ, რომ მამაკაცებთან არ მითამაშია“, - ამბობს ნონა გაფრინდაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
„მთელი ფილმის იდეოლოგია არის ის, რომ ამერიკელი ქალი საბჭოთა დიდოსტატებს უგებს, სინამდვილეში კი, პირიქით, ქართველმა მოჭადრაკე ქალმა დაამარცხა ამერიკაში მამაკაცები. ნონა გაფრინდაშვილი არის პირველი დიდოსტატი ქალი მამაკაცთა შორის. ეს წოდება მანამდე არავის ჰქონია და მან ეს წოდება სწორედ ამერიკაში მიიღო“, - ამბობს მაია მწარიაშვილი და აზუსტებს, რატომ არის „ნეტფლიქსის“ არგუმენტები გაფრინდაშვილისთვის მიუღებელი: - „ნეტფლიქსი“ ამბობს, მაყურებელმა ეს ფრაზა ფაქტების დამდგენ ფრაზად კი არ უნდა მიიჩნიოს, არამედ, უფრო შეფასებადო. მაგრამ ნონას ან უთამაშია კაცებთან, ან არ უთამაშია. სხვა რა ფრაზა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ფაქტის დამდგენი? ასევე „ნეტფლიქსი“ მიიჩნევს, რომ მაყურებელს უნდა ეგულისხმა, რომ ნონას საბჭოთა ტურნირებზე, საბჭოთა დიდოსტატ მამაკაცებთან არ უთამაშია. ფილმი ყველას გაქვთ ნანახი და ასეთი დასკვნა ალბათ არავის გამოგიტანიათ. ჩვენ წარვადგინეთ, სოციალურ ქსელებში როგორ ფასდებოდა ეს ეპიზოდი, მედია რას წერდა. არა ის, თუ როგორ უნდა გაიგონ, არამედ - როგორ გაიგეს სინამდვილეში“.
ნონა გაფრინდაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ საქმესთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა ფილმის სცენარის ავტორი და პროდიუსერი ფრენკ სკოტი.
„დიდხანს გაგრძელდა დაკითხვა. ძალიან აირია ფრენკ სკოტი. უმეტეს კითხვებზე პასუხობდა: არ ვიცი, არ მახსოვს... ქართულ სასამართლოებში რომ არის ხოლმე: ალბათ ასე იყო, ალბათ ისე იყო... ამ დაკითხვამ შექმნა ცხადი სურათი. ჩვენს შესაგებელში სკოტის ჩვენებას საჩვენოდ ვიყენებთ. სასამართლოს უნდა დავანახოთ, რომ „ნეტფლიქსმა“ ანუ სცენარისტმა იცოდა სინამდვილე და ის განზრახ, ფილმის დრამატიზების მიზნით შეცვალა“, - ამბობს მაია მწარიაშვილი.
იურისტების თქმით, სკოტმა განმარტა, რომ მისმა გუნდმა ძალიან დიდხანს იმუშავა ჭადრაკთან დაკავშირებულ ნიუანსებზე, შესაბამისად, ისინი ვალდებულები იყვნენ, სწორი ინფორმაცია მოეკვლიათ.
„ვფიქრობ, სცენარის ავტორის დაკითხვის შემდეგ ჩვენ საპროცესო უპირატესობა გვაქვს, რადგან ფრენკ სკოტმა მნიშვნელოვანი რაღაცეები აღიარა“, - ამბობს იურისტი ანა რეხვიაშვილი.
ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათ ნება არ მისცეს, ფილმის კონსულტანტი, მოჭადრაკე გარი კასპაროვი გამოეკითხათ.
„კასპაროვი ამ ეტაპზე არ დაგვაკითხინეს, მაგრამ ერთ-ერთი ტელევიზია დაგვეხმარა, მოგვეპოვებინა მისი ინტერვიუ, სადაც ის ნონას მიღწევებზე საუბრობს. ჩვენ ამით ვაჩვენებთ, რომ კასპაროვმა იცოდა, ნონა გაფრინდაშვილი რომ მამაკაცებთან თამაშობდა. რადგან იცოდა მან, იცოდა „ნეტფლიქსმაც“. თუ სასამართლო არ ჩათვლის ჩვენს არგუმენტაციას საკმაოდ, ვთხოვთ, რომ დაგვაკითხინონ კასპაროვი“, - ამბობს მაია მწარიაშვილი.
ასევე ნახეთ კასპაროვი: „საბჭოთა ჭადრაკში დომინანტურ როლს ქართველი მოჭადრაკე ქალები ასრულებდნენ“ნონა გაფრინდაშვილმა ეს სასამართლო დავა რომც მოიგოს, ბუნდოვანია, როგორ უნდა შეასრულოს „ნეტფლიქსმა“ მისი მოთხოვნა - შეცდომის გასწორების შესახებ. „ეს თავად უნდა მოიფიქრონ“, - ამბობენ ყველაზე გამოჩენილი ქართველი მოჭადრაკე ქალის ადვოკატები.
ასევე ნახეთ
გაფრინდაშვილი ამასაც მოიგებს? – Netflix-ი დათმობას არ აპირებსრუსუდან მაისურაძე: „სანამ სასამართლოს მივმართავდით, Netflix-ს ვთხოვეთ, ნონა გაფრინდაშვილისთვის ბოდიში მოეხადა”ნონა გაფრინდაშვილი: „თუ რამე იყო მოსაგები, ყველაფერი მოგებული მაქვს“