პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში საპროტესტო შიმშილობის შემდგომ სარეაბილიტაციო კურსს გადის, ფეისბუკის გვერდზე სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნას ეხმაურება.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მოწმობს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით და ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს.
"მივესალმები სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებას, ჩემი უფლებების დარღვევის დადგენის თაობაზე და იუსტიციის სამინისტროსთვის შემდგომი ასეთი ქმედებების აკრძალვას. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში არსებობს მინიმუმ 2 დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი - სახალხო დამცველის და სახელმწიფო ინსპექტორის სახით. ნიშანდობლივია, რომ ორივეს ქალი ხელმძღვანელობს.
ასევე, ვიცი, რომ ბევრ სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოშიც უამრავი წესიერი და პატრიოტი მოქალაქეა და ველი მათგანაც სამართლიან პოზიციას, უსამართლო ფაქტების წინააღმდეგ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
"იმედი გვაქვს, სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიება იქნება თანმიმდევრული და დადებს დასკვნას მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით",– ამის თაობაზე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს დასკვნა ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება, პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო უხეშად არღვევენ სააკაშვილის უფლებებს.
"უფლებების დარღვევის კიდევ უფრო ინტენსიური სახე და დანაშაულებრივი ქმედებები ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილის იძულებით, მოტყუებით გადაყვანისას და შემდეგ მე-18 დაწესებულებაში განვითარებული მოვლენებიდან, რასაც ცალსახად ადვოკატები ვაძლევთ წამების შეფასებას. დღეს გავრცელებული დასკვნა გვაძლევს იმედის საფუძველს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიება ამ ნაწილში იქნება თანმიმდევრული და ის დადებს დასკვნას მიხეილ სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს დასკვნა მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ინსტანციებში, რომ ჩვენი არგუმენტაცია მტკიცებულებითაც გავამყაროთ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ასევე ნახეთ სააკაშვილის პირადი მონაცემების გამჟღავნებისთვის ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაასრულა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების საკითხზე მოკვლევა და დაასკვნა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა კანონდარღვევით გაავრცელეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ:
- ციხის მაღაზიაში შეძენილი და მოხმარებული პროდუქტებისა და მისი კვების რაციონის შესახებ ინფორმაცია;
- მიხეილ სააკაშვილის მიერ სამედიცინო პუნქტში საკვების მიღების ფაქტების ამსახველი ვიდეოჩანაწერი და გარკვეული საკვები დანამატების ამსახველი ფოტომასალა;
- რუსთავის ციხიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის ამსახველი ვიდეო მასალა;
- რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან №18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ტრანსპორტირების მიზნით გამოყენებულ რეანომობილში განვითარებული მოვლენების ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერი.
პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით დაეკისრათ ჯარიმა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის.
იუსტიციის სამინისტრო ინსპექტორმა კანონით გათვალისწინებული ოდენობით 500 ლარით დააჯარიმა. პენიტენციური სამსახური კი - 2000 ლარით, კანონის განმეორებით დარღვევისთვის.
„ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ „ფეისბუკის“, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავებმა საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.
მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა.