რეესტრმა „ალტ-ინფოს" პარტია დაარეგისტრირა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა ბიურომ ძალადობრივი, პრორუსული გაერთიანება "ალტ-ინფოს" პოლიტიკური პარტია -"კონსერვატიული მოძრაობა" დაარეგისტრირა. გადაწყვეტილება 7 დეკემბრით არის დათარიღებული. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი გიორგი ქარდავა.

სააგენტომ 25 ნოემბერს პარტიის წევრების მიერ წარდგენილი განაცხადი დაახარვეზა და 10 დღის ვადა მისცა ხარვეზების გამოსასწორებლად.

პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ყრილობა 20 ნოემბერს გაიმართა.

5 ივლისის ჰომოფობიური აქციის ორგანიზატორ "ალტ-ინფოს" ბაზაზე შექმნილი ახალი პარტია - "კონსერვატიული მოძრაობა" სამოქმედო გეგმის ქვაკუთხედად რუსეთთან მოკავშირეობასა და მოსკოვის ინტერესებით მოქმედ სისტემებში ინტეგრირებას ასახელებს. 5 ივლისს ქუჩაში გამოსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა 50-ზე მეტ ჟურნალისტს დაზიანებები მიაყენეს. მოძალადეთა ნაწილი, მათ შორის ორგანიზატორები, ამ დრომდე დაუსჯელი არიან.

პარტიის მიზნებად სახელდება საქართველოში "ლიბერალური დიქტატურის" დასრულება და "ქრისტიანული დემოკრატიის" შექმნა. პარტიის ლიდერები 5 ივლისის მოვლენებით კვლავ ამაყობენ და აცხადებენ, რომ დაჭერის არ ეშინიათ.