"ომიკრონი" უკვე რუსეთშია - რა დრო დასჭირდება მას საქართველომდე?
„ომიკრონს“, კორონავირუსის ახალ შტამს, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში „იპოვეს“ და, სავარაუდოდ, თავის წინამორბედებზე უფრო გადამდებია, მეცნიერები და ექიმები ჯერ კიდევ არ იცნობენ კარგად.
ევროპის ქვეყნების შემდეგ „ომიკრონი“ რუსეთშიც გამოვლინდა. ამ დრომდე იქ ორი დადასტურებული შემთხვევაა. რადიო თავისუფლებამ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ხათუნა ზახაშვილს ჰკითხა, ამ ფაქტით დაჩქარდება თუ არა „ომიკრონის“ საქართველოში გამოჩენაც.
ხათუნა ზახაშვილმა გვითხრა, რომ რაიმეს მტკიცების საფუძველი არ არსებობს, რადგან: „რუსეთი დიდი ქვეყანაა მოსახლეობის დიდი რაოდენობით, ერთეული შემთხვევების დაფიქსირების პირობებში ამაზე მსჯელობა ცოტა ნაადრევია“.
იმისათვის, რომ ამა თუ იმ ქვეყანამ კორონავირუსის ამ ახალი ვარიანტის დროული გამოვლენა შეძლოს, სპეციფიკური ტესტებია საჭირო, რომელიც ჯერ საქართველოს არ აქვს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ „ომიკრონის“ გამოვლენა გამორიცხვის მეთოდით მაინც შესაძლებელია:
„ჩვენ ახლაც სეკვენირებით არჩევითად ვსწავლობთ, სადაც შეიძლება საეჭვო იყოს. გვაქვს ასევე სხვა შტამების PCR-ები, რომლითაც შეგვიძლია გამორიცხვის მეთოდით მივიტანოთ ეჭვი. თვითონ “ომიკრონის” სპეციფიურ PCR-ის შემოტანაზე ვმუშაობთ და ვფიქრობ, მომავალი კვირის განმავლობაში შეიძლება შემოვიდეს“.
„ომიკრონამდე“ ყველაზე საყურადღებო შტამად „დელტა“ ითვლებოდა. იგი საქართველოში მაისში დაფიქსირდა, დომინანტური კი გახდა აგვისტოდან. რა მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს „ომიკრონის“ შემთხვევაში? წაიკითხე ანი ბურდულის სტატიაში.
სადავო ჩანაწერები IX კლასის ისტორიის სახელმძღვანელოებში - რატომ ვერ ხედავს სამინისტრო პრობლემას
მეცხრე კლასის მოსწავლეებისთვის ისტორიის ორი სახელმძღვანელო არსებობს - ორივე ახალი შედგენილია და სკოლებში წელს, 2021 წლის შემოდგომაზე შევიდა. ორივე წიგნი საქართველოსა და მსოფლიო ისტორიას ერთმანეთთან კავშირში ასწავლის მოსწავლეს და ორივეშია საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ ჩანაწერები.
გამომცემლობა „დიოგენეს” მიერ გამოცემულმა ისტორიის სახელმძღვანელომ გრიფირება 2020 წელს მიიღო, „ლოგოს პრესის“ სახელმძღვანელომ - 2021 წელს. ჩანაწერები ვარდების რევოლუციის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის და 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების შესახებ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ორივე სახელმძღვანელოში პარტია „ქართული ოცნების” დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეცენატად და ქველმოქმედად არის მოხსენიებული.
სასკოლო სახელმძღვანელოს შინაარსს პროტესტი უკვე მოჰყვა და მომავალშიც არის დაგეგმილი. განათლების სამინისტრო კი ამბობს, რომ სახელმძღვანელოებში „პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად“.
სახელმძღვანელოში ასევე საუბარია ვარდების რევოლუციისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
ერთ-ერთ ქვეთავში კი საუბარია ერგნეთის ბაზრობაზე, როგორც წარმატებული თანაცხოვრების მაგალითზე ეთნიკურად ქართველებსა და ეთნიკურად ოსებს შორის.
ერგნეთის ბაზრობა კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობის მთავარი ცენტრი და ქართული ეკონომიკის შავი ხვრელი იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წლის ზაფხულის დასაწყისში დახურა. ბაზრობის დახურვას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკმაყოფილებით შეხვდა.
კიდევ რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში, რომელმაც უკვე გამოიწვია უკმაყოფილება საზოგადოების ნაწილში? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.
საკრებულო დედაქალაქის მთავრობას დაამტკიცებს
დღეს თბილისის საკრებულო საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსა და თბილისის რაიონების გამგებლებს დაამტკიცებს. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.
თბილისის ათი რაიონის გამგებელი კახა კალაძემ გუშინ წარადგინა. საკრებულოს წინაშე დღეს თავად მერიც წარდგება.
„გვაქვს ამბიციური და რეალისტური გეგმები, რომელთა განხორციელების შემდეგაც თბილისის ბევრად უფრო მწვანე, კომფორტული, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა „ქართული ოცნებისაა“, მას 29 დეპუტატი ჰყავს. დანარჩენი 21 დეპუტატი ოპოზიციური პარტიებიდანაა. „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 დეპუტატი ჰყავს, „საქართველოსთვის“ - 4, „ლელოს“ - 2 , ერთი კი ანა დოლიძის პარტიის, „ხალხისთვის“, წარმომადგენელია.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების ლენტაში.
ბაიდენი-პუტინის მეორე შეხვედრა: დაგეგმილი საუბარი უკრაინასა და ნატოს გაფართოების საკითხებზე
7 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეორედ დასხდებიან სასაუბროდ, თუმცა ამჯერად დისტანციურ ფორმატში. განხილვის მთავარი თემა კი, როგორც დაანონსდა, უკრაინა და ნატოს შესაძლო გაფართოება იქნება.
როგორც პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, ორი პრეზიდენტი ერთობლივ განცხადებას არ გააკეთებს, თუმცა მან წინასწარ ჩამოთვალა ის საკითხები, რასაც ისინი საუბრისას შეეხებიან:
„რა თქმა უნდა, საჭირო იქნება იმის განხილვა, თუ როგორ სრულდება ჟენევაში მიღწეული შეთანხმებები, რა ხორციელდება სრულად და რა მოითხოვს დამატებით ძალისხმევას. სხვა განსახილველ თემებს შორისაა დაძაბულობა უკრაინის გარშემო, ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ და რუსეთის ლიდერის ინიციატივა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა.
აშშ-ის დაზვერვის ბოლო ინფორმაციით, უკრაინის საზღვართან რუსეთს დიდი სამხედრო მობილიზაცია აქვს დაწყებული. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გუშინ ეს ინფორმაცია დიდ საფრთხედ შეაფასა უკრაინისთვის. მისი თქმით, თუკი აგრესია განმეორდება, ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგი მოჰყვება.
საია: ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი განაგრძობს 5 ივლისის საქმეებზე ზედამხედველობას
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა 2021 წლის 5 ივლისს მომხდარ ძალადობაზე პასუხისმგებელი ყველა პირის იდენტიფიცირებისა და დასჯისკენ.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“(საია) მიერ 6 დეკემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გასულ კვირაში გამართულ შეხვედრაზე განიხილა იდენტობის ჯგუფის საქმეთა აღსრულების მდგომარეობა, 5 ივლისს განვითარებული ძალადობრივი მოვლენები.
არასამთავრობო ორგანიზაციამ მინისტრთა კომიტეტს მიმართა, საქმეების განხილვა გაძლიერებული ზედამხედველობით გაეგრძელებინა. საია-ს ინფორმაციით, 2 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტმა არ დახურა იდენტობის ჯგუფის საქმეები, განაგრძო მათზე ზედამხედველობა და სახელმწიფოს მოუწოდა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებისკენ.
აზარტული თამაშების 32-მილიარდიანი ინდუსტრიის ბუნდოვანი მომავალი
საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების ბიზნესის მკაცრი შეზღუდვისთვის ემზადება. ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, ბევრისთვის, დამოკიდებულების, გაკოტრების და არცთუ იშვიათად თვითმკვლელობამდე მისვლის მიზეზი ხდება.
აზარტული თამაშები, ისევე, როგორც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება, ან შოპინგიც კი, შეიძლება იქცეს დამოკიდებულებად. თამაშზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქცევით აშლილობად მიიჩნევს.
ბავშვობის ტრავმები, პრობლემისგან გაქცევის სურვილი, დეპრესია თუ მშობლებთან რთული ურთიერთობა - თამაშისკენ მიდრეკილების საფუძველი ბევრი მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ შორის, სიღარიბე.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ღარიბ რაიონებში მცხოვრები ადამიანები უფრო ხშირად თამაშობდნენ ონლაინკაზინოებში და დებენ სარისკო ფსონებს.
საქართველოში აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. სათამაშო ბიზნესის რეესტრის თანახმად, საქართველოში სამორინეებზე, აზარტულ კლუბებსა თუ სათამაშო აპარატების სალონებზე 169 ნებართვაა გაცემული, თბილისში 69, ბათუმში კი - 43.
საქსტატის მონაცემებით, ინდუსტრიის ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება და პიკს პანდემიის პერიოდში მიაღწია. 2020 წელს ბრუნვა - 32 მილიარდ ლარზე მეტი იყო, 2019-ში - 25,8 მილიარდზე მეტი, 2018 წელს კი - 13,8 მილიარდ ლარზე მეტი.
რა მომავალი აქვს აზარტულ თამაშებს საქართველოში მას მერე, რაც მისი რეგულირების გეგმა პრემიერ-მინისტრმა დააანონსა? წაიკითხე მეტი თორნიკე მანდარიას სტატიაში.
„ბოდიში, მაგრამ ვერ ვხვდები, გვერდით გასვლა და ბავშვის ისე დაპურება, რატომაა პრობლემა. ძაან ძველმოდური ვარ?“; „არაა ლამაზი, სადაც ზიხარ, იქ გადმოალაგო და აჭამო ბავშვს“.