აზარტული თამაშების 32-მილიარდიანი ინდუსტრიის ბუნდოვანი მომავალი 

საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების ბიზნესის მკაცრი შეზღუდვისთვის ემზადება. ბიზნესი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, ბევრისთვის, დამოკიდებულების, გაკოტრების და არცთუ იშვიათად თვითმკვლელობამდე მისვლის მიზეზი ხდება. 

აზარტული თამაშები, ისევე, როგორც ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება, ან შოპინგიც კი, შეიძლება იქცეს დამოკიდებულებად. თამაშზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქცევით აშლილობად მიიჩნევს.

გიორგი [სახელი შეცვლილია - რ.თ.] 15 წლის იყო, როცა პირველად შევიდა ერთ-ერთი ონლაინკაზინოს ვებსაიტზე. ზოგჯერ იგებდა, ხშირად - ვერ. 4 წლის განმავლობაში ნელ-ნელა პოკერის, რულეტისა და სლოტების თამაშზე დამოკიდებული გახდა.

„არცერთ ეტაპზე არ მქონია რაიმე დაბრკოლება [რომ არ მეთამაშა]“, - ამბობს გიორგი და ამატებს, რომ როცა ფული არ ჰქონდა, კლასელებს, მეგობრებსა და ნათესავებს სთხოვდა. ჯამში 20 000 ლარამდე ვალი დაუგროვდა, რომელიც მშობლებმა გადაიხადეს მას შემდეგ, რაც ბინა გაყიდეს. გიორგიმ დამოკიდებულების დაძლევა ძნელად, მხოლოდ ფსიქოლოგიური დახმარების და მშობლების ძალისხმევის შედეგად შეძლო.

ბავშვობის ტრავმები, პრობლემისგან გაქცევის სურვილი, დეპრესია თუ მშობლებთან რთული ურთიერთობა - თამაშისკენ მიდრეკილების საფუძველი ბევრი მიზეზი შეიძლება გახდეს, მათ შორის, სიღარიბე.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთში ღარიბ რაიონებში მცხოვრები ადამიანები უფრო ხშირად თამაშობდნენ ონლაინკაზინოებში და დებენ სარისკო ფსონებს.

„ჯანმოს პოზიციით, თამაშდამოკიდებული ადამიანები არსებობდნენ, არსებობენ და იარსებებენ. სახელმწიფოს როლი კი არის მათი რაოდენობის ჩარჩოში მოქცევა. ჯანმო ამბობს, რომ თუკი ქვეყნის მოსახლეობის 2-3% არის თამაშდამოკიდებული, ეს ნორმალურია. საქართველოში ეს არის 15%“, - ამბობს გუგა ბესელია „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

რა მასშტაბი აქვს აზარტული თამაშების ინდუსტრიას საქართველოში?

აზარტული თამაშები ერთ-ერთი წამყვანი ინდუსტრიაა. სათამაშო ბიზნესის რეესტრის თანახმად, საქართველოში სამორინეებზე, აზარტულ კლუბებსა თუ სათამაშო აპარატების სალონებზე 169 ნებართვაა გაცემული, თბილისში 69, ბათუმში კი - 43.

საქსტატის მონაცემებით, ინდუსტრიის ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება და პიკს პანდემიის პერიოდში მიაღწია. 2020 წელს ბრუნვა - 32 მილიარდ ლარზე მეტი იყო, 2019-ში - 25,8 მილიარდზე მეტი, 2018 წელს კი - 13,8 მილიარდ ლარზე მეტი.

სათამაშო ინდუსტრიაში გასულ წელს დასაქმებული იყო თითქმის 10 000 ადამიანი, რომელთა ხელფასებზე, საერთო ჯამში, 200 მილიონამდე დაიხარჯა, საშუალოდ, დაახლოებით, 1 600 ლარი ერთ ადამიანზე.

აზარტული თამაშების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილ კომპანიას, „აჭარაბეთს“, 2019 წლის აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 220.6-მილიონიანი შემოსავალი ჰქონდა. 202.1 მილიონი ონლაინკაზინოს თამაშებიდან. ამავე დოკუმენტის მიხედვით, კომპანიის მოგება 2019 წელს 76.4 მილიონი ლარი იყო.

სათამაშო ინდუსტრია სახელმწიფო ბიუჯეტში ხუთი სახის გადასახადს იხდის - მოგებისა და საშემოსავლოს, დღგ-ს, სანებართვო და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. ინდუსტრია ბოლო წლებში, გადასახადების სახით, საშუალოდ 300 მილიონ ლარს იხდის.

„ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი გუგა ბესელია რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესიდან მიღებული მონაცემებით, არსებობს მილიონი ანგარიში, რომელთაგან საშუალოდ 35%-მდე არის აქტიური. ანუ 350 000-მდე ადამიანი თამაშობს რეგულარულად.

რას ითვალისწინებს რეგულაციები, რომლის შემოღებაც უნდა მთავრობას?

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ჯერჯერობით პარლამენტში ინიცირებული არაა, თუმცა მთავრობა ამბობს, რომ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეუზღუდავს წვდომას როგორც ონლაინ, ისე ე.წ. სახმელეთო კაზინოებზე. ასევე:

  • გაიზრდება გადასახადები, ჯამურად, თითქმის 65-70%-ით;
  • აიკრძალება სატელევიზიო, გარე და ქართულ ვებსაიტებზე რეკლამის განთავსება. დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობა, ძირითადად, სპორტის სფეროში;
  • თამაში აეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს, საჯარო მოხელეებს;
  • მოქალაქეებს შეეძლებათ თვითშეზღუდვისთვის მიმართონ შემოსავლების სამსახურს;
  • ოჯახის წევრებს ასევე შეეძლებათ შეუზღუდონ თამაში ადამიანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
  • ასაკობრივი ზღვარი გაიზრდება 25 წლამდე;
  • იკრძალება ერთი მოთამაშის მიერ მეორისთვის თანხის გადარიცხვა, რამაც უნდა შეზღუდოს სხვისი ანგარიშით თამაშით შესაძლებლობა;
  • ორგანიზატორები ვალდებულნი იქნებიან, მოგებული თანხა მოთამაშეს ჩაურიცხონ მხოლოდ პირად ანგარიშზე.

პრობლემის აღმოფხვრა აღიარების გარეშე?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან განსხვავებით, აზარტული თამაშები საქართველოში არაა აღიარებული პრობლემად. ამის გარეშე კი, კრიტიკოსების აზრით, საერთოდ გაუგებარი ხდება რეგულაციების დაწესება.

ხელისუფლებაში 9-წლიანი ყოფნის პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ განაცხადა სათამაშო ბიზნესის მკაცრი რეგულირების შესახებ. პარტიამ კანონში ცვლილებებიც შეიტანა - გაზარდა სამორინეს მაგიდებსა და სლოტებზე მოსაკრებელი - თუმცა დიდწილად დანაპირები არ შეუსრულებია.

2017 წელს უნდა შექმნილიყო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სია და მათ 3 წლით აკრძალვოდათ თამაში. ამავე ინიციატივით, 170 000-მდე მოქალაქეს ერთმეოდა თამაშის უფლება.

2018 წლის კანონპროექტი ითვალისწინებდა ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვას.

სხვადასხვა დროს, ხელისუფლება შეღავათებსაც უწესებდა სათამაშო ბიზნესს. მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ 2021 წელს თბილისში ნებართვამიღებულ სამორინეებს მოსაკრებელი გაუნახევრა.

რეგულაციების ადვოკატირების ჯგუფებს არ სჯერათ, რომ მათმა მოთხოვნებმა მთავრობის ყურამდე მიაღწია. მათი აზრით, ხელისუფლება ჯერ კიდევ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე მხარდაჭერის შენარჩუნებას ცდილობს.

„წლების განმავლობაში ამ ინდუსტრიის ზრდას - რომელიც ყველაზე ძვირადღირებული გართობის სახეა - მოჰყვა უამრავი სოციალური პრობლემა. ეს დაგროვდა და საზოგადოების დაკვეთაა, რომ სათამაშო ბიზნესი დაიხუროს, შეიზღუდოს“, - ამბობს გუგა ბესელია, „აზარტული თამაშებისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

ახლა მთავრობის ინიციატივა სამიზნეში იღებს მილიონამდე ადამიანს.

„ეს რიცხვი არის ღარიბაშვილის მოფიქრებული. სახელმწიფო დღეს არ აწარმოებს მოთამაშეების აღრიცხვას. ჯანდაცვის სამინისტრო არ აღრიცხავს, აქედან რამდენია დამოკიდებული“, - განმარტავს რადიო თავისუფლებასთან ანა დოლიძე, რომელიც სათავეში უდგას კამპანიას აზარტული თამაშების წინააღმდეგ.

კრიტიკოსების მტკიცებით, შეზღუდვების შემთხვევაში, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა შექმნას სარეაბილიტაციო და პრევენციული სერვისები და თამაშდამოკიდებულებს ალტერნატივა შესთავაზოს.

ხელისუფლებას კი პრევენცია/რეაბილიტაციასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

„უნდა ვიცოდეთ, რომ სამორინეში თუ შევდივართ, უბრალოდ უნდა გავერთოთ და არა შემოსავალი მივიღოთ“, - ამბობს ის.

რა როლი აქვს რეკლამას?

სათამაშო ინდუსტრია საქართველოში ათობით მილიონ ლარს ხარჯავს მარკეტინგში. მოწოდებები თამაშისა და დიდი ფულის მოგებისკენ გვხვდება ყველგან - ბილბორდებზე, ტელევიზორსა თუ ინტერნეტში, კომპანიები SMS-ებსაც კი გვიგზავნიან.

„აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ კვლევის თანახმად, მოზარდები ონლაინკაზინოების შესახებ ინფორმაციას იღებენ, პირველ რიგში, ინტერნეტიდან (75%), შემდეგ მობილურით მიღებული შეტყობინებებით (54%) და ბილბორდებით (47%). კვლევაში თბილისის 10 სკოლის 500 მოსწავლე მონაწილეობდა.

რეკლამას ხშირად ასახელებენ თამაშისკენ მიბრუნების მთავარ მიზეზად ისინი, ვინც დამოკიდებულების დაძლევას ცდილობენ.

ამასთან, სათამაშო ინდუსტრიისგან მნიშვნელოვან სარეკლამო შემოსავალს იღებენ საქართველოში მოქმედი კერძო მედიაორგანიზაციები. „ფორმულასა“ და „მთავარ არხზე“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათი კომერციული შემოსავლის 20-25%-ს ფარავს სწორედ აზარტული თამაშების ბიზნესი. 2020 წელს ეს „მთავარი არხისთვის“ 2 მილიონ ლარზე მეტია, „ფორმულასთვის“ კი ნახევარ მილიონს აღემატება.

„აჭარაბეთმა“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა საქართველოში, 2019 წელს მარკეტინგულ ხარჯებზე 27.65 მილიონი ლარი დახარჯა, მათ შორის 14.7 მილიონი ლარი უშუალოდ რეკლამაზე, 9.4 მილიონი კი - წამახალისებელ გათამაშებებზე.

„თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ალკოჰოლის, თამბაქოს რეკლამა უნდა იყოს აკრძალული, სათამაშო ბიზნესის რეკლამაც არ უნდა არსებობდეს“, - ამბობს გუგა ბესელია.

ვინ თამაშობს?

მიიჩნევა, რომ აზარტული თამაშები მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა. საქართველოში, კანონით, ონლაინსამორინეში თამაში დაშვებულია 18 წლიდან, კაზინოში - 21 წლიდან. თუმცა ახლა ხელისუფლება მის 25 წლამდე გაზრდას აპირებს.

2020 წელს გამკაცრდა მოთამაშეთა იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის რეგულაციები, რასაც განსაკუთრებით უნდა შეეზღუდა არასრულწლოვნების წვდომა თამაშზე, თუმცა ბავშვები ისევ ახერხებენ თამაშს.

15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი - ბოლო 1 წლის განმავლობაში, - ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კვლევა.

„ლუდომანიის პრევენციის ცენტრის“ კვლევით, თბილისში გამოკითხული 16 წლის ასაკის ბავშვების 63%-ს აქვს შეხება აზარტულ თამაშებთან, 17 წლის ასაკში - 62%-ს, 18 წლის ასაკში კი - 90%-ს.

ლუდომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი გუგა ბესელია ამბობს, რომ 25 წლამდე ასაკის გაზრდას მისი ჯგუფი არ იწონებს, უფრო პირიქით, ეწინააღმდეგება, რადგან ეს შეზღუდვა არაა დაფუძნებული კვლევებზე და ამ ასაკობრივ ჯგუფს უკონტროლო, იატაკქვეშა თამაშში ჩართავს.

მეორე ეტაპი: აკრძალვა?

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მკაცრი რეგულირების შემდეგ, „მეორე ეტაპზე“ ონლაინკაზინოები საერთოდ გაუქმდება.

აზარტული თამაშების აკრძალვა არაერთმა ქვეყანამ სცადა. მათ შორის, გერმანიამ. 2008 წელს ქვეყანაში აიკრძალა ონლაინთამაშებისა და ფსონების ყველა ფორმა, გარდა დოღზე ფსონებისა. თუმცა „ევროპის სათამაშო და ფსონების ასოციაციამ“ მიმართა ევროკომისიას მტკიცებით, რომ გერმანიის მკაცრი კანონმდებლობა არღვევდა ევროკავშირის წესებს. 2010 წელს ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გერმანიაში სათამაშო ინდუსტრიის ლიბერალიზაცია უნდა მომხდარიყო.

რუსეთში 2006 წლიდან საერთოდ აკრძალულია ონლაინ აზარტული თამაშები.

2009 წელს, მას შემდეგ, რაც დნიპროში უკანონო სათამაშო დარბაზში ხანძარი გაჩნდა და ცხრა ადამიანი დაიღუპა, უკრაინაში უკანონო გახადა აზარტული თამაშების ყველა ფორმა, მათ შორის, ტოტალიზატორი და ონლაინთამაშები. თუმცა თამაში იატაკქვეშ გაგრძელდა და საბოლოოდ, 2020 წელს უკრაინაში ეს ბიზნესი ისევ ლეგალური გახდა.