გიული ალასანიამ გამოთქვა ეჭვი, რომ სააკაშვილს წამლის დოზა სპეციალურად გაუზარდეს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ დედამისმა, გიული ალასანიამ, თქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთლობის მდგომარეობა უარესდება.

„უფრო სუსტად არის, ურჩევნია, რომ იწვეს, ისეთი ვეღარ არის აშკარად“, - თქვა გიული ალასანიამ გორში გამართულ ბრიფინგზე.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი დასუსტებული ჩანს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ამასთან დაკავშირებით მან ახსენა რამდენიმე სხვა პირის მოსაზრებაც, რომელთაც მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ თქვეს, რომ ის „არაადეკვატურ“ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს დანიშნული აქვს მედიკამენტი, რომლითაც ფსიქიკურად დაავადებულებს მკურნალობენ, თავდაპირველად - მცირე დოზა, 25 მგ. ალასანიას სიტყვებით, თანდათან წამლის დოზა რატომღაც გაზარდეს, დაუნიშნეს 200 მგ, შემდეგ კი დოზა 400 მგ-მდეც კი გაზარდეს. მან გამოთქვა ეჭვი, რომ ეს მიზანმიმართულად გაკეთდა, ვინაიდან მოახლოებული იყო სასამართლო განხილვა. „400-მილიგრამიანი დოზა რომ მიეღო, ის ვერ წარდგებოდა სასამართლოს წინაშე“, - თქვა ბრიფინგზე ალასანიამ და დასძინა, რომ სასამართლოზე დასწრება ექსპრეზიდენტმა იმიტომ შეძლო, რომ წამალი მოუხსნეს.

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა 4 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სააკაშვილს არასწორად ჰქონდა დანიშნული ერთ-ერთი ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობის კუპირებისთვის. ჯიშკარიანის სიტყვებით, ეს პრეპარატი ფიგურირებს როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულების სამედიცინო ბარათში, ასევე გორის ჰოსპიტლის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ჯიშკარიანი აცხადებს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება, როგორც ფარმაკოლოგიური წამება და კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამართალდამცავებმა საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მას ორ სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა შეუფარდეს. მის წინააღმდეგ მიმდინარეობს სასამართლო განხილვები სხვა ბრალდებებთან დაკავშირებითაც.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან შიმშილობდა. შიმშილობის 50-ე დღეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. სწორედ ამ დღეს, 20 ნოემბერს შეწყვიტა მან შიმშილობა.