ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებს უკრაინას

უკრაინის მესაზღვრეები უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე. 12 ნოემბერი.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ კვირას საპროტესტო ნოტა გადასცა უკრაინის სამხედრო ატაშეს და უკრაინის სამხედროებს ბრალი დასდო ბელარუსის საჰაერო სივრცის დარღვევაში.

როგორც ოფიციალური მინსკი ამტკიცებს, უკრაინის ვერტმფრენი Mi-8 გუშინ დაახლოებით ერთი კილომეტრის სიღრმეზე შევიდა ბელარუსის ტერიტორიაზე, დასახლებულ პუნქტ ნოვაია რუდნის მიდამოებში. სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინა საზღვრის მახლობლად სწავლებას ატარებს „ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ ბრალდებითი რიტორიკის ფონზე“, რაც ნათელყოფს ბელარუსის უსაფრთხოებისთვის მუქარას სამხრეთის მიმართულებით.

უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა გუშინვე განაცხადა, რომ არავითარი საზღვრის დარღვევა არ მომხდარა. უკრაინის მხარე არ უარყოფს, რომ ბელარუსის საზღვართან ნოემბრის ბოლოდან მოკიდებული ტარდება სასწავლო ოპერაცია „პოლესიე“. მესაზღვრეები ემზადებიან საზღვრის შესაძლო უკანონო გადმოკვეთისთვის ახლო აღმოსავლეთიდან ბელარუსში ჩასული მიგრანტების მიერ, რომელთაგან რამდენიმე ათასი იმყოფება ბელარუსში.

ორ ქვეყანას შორის დავა მოხდა კიევსა და მინსკს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე. უკრაინამ დაგმო ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი მასობრივი საპროტესტო აქციების სასტიკად ჩახშობის გამო და სანქციები დაუწესა მას. თავის მხრივ, ლუკაშენკამ განაცხადა, რომ ანექსირებული ყირიმი რუსეთის ტერიტორიად მიაჩნია, ასევე პირობა დადო, რომ თუკი „უკრაინა შეეცდება რუსეთთან კონფლიქტის გაჩაღებას,“ მაშინ „ბელარუსი განზე არ გადგება“. უკრაინელი პოლიტიკური ანალიტიკოსების ნაწილი გამოთქვამს შიშს, რომ რუსეთმა შესაძლოა ბელარუსის ტერიტორია გამოიყენოს უკრაინის წინააღმდეგ ჰიპოთეზური იერიშის დასაწყებად.