15 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტზე ორი არასრულწლოვანი დააკავეს

შემთხვევის ადგილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, "სანზონაში", 15 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ ორი პირი დააკავა.

უწყების განცხადებით, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. დაკავებულია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით. ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ისინი პოლიციამ თბილისში დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ , 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ., რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს.

მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, 15 წლის ბიჭს ერთ-ერთი ჭრილობა გულის არეში ჰქონდა მიყენებული:

„უცხო პირებმა მიიყვანეს ბავშვი, გული გაჩერებული ჰქონდა. ექიმებმა მაინც ჩაატარეს გულ-ფილტვის რეანიმაცია, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ექიმი-რეანიმატოლოგები ეცადნენ გულის მუშაობა აღედგინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი გამოვიდა. როგორც ჩვენმა ექიმმა მითხრა, ჭრილობა გულის არეში ჰქონდა, დანარჩენს ექსპერტიზა გაარკვევს“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ლიახვის ქუჩაზე, 32-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაწყებულ დაპირისპირებაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.

ინციდენტის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული გაიზარდოს ბრალდებულთა წრე.

მოზარდის ცხედარს უახლოეს საათებში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლი გადაასვენებენ.