მარიამ ჯიშკარიანი: სააკაშვილს ორ-სამთვიანი მკურნალობა მაინც სჭირდება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ცოტა ხნის წინ მივიდა. როგორც მან მედიასთან საუბარში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს მკურნალობისათვის, სულ ცოტა, 2-3 თვე დასჭირდება, რასაც სარეაბილიტაციო პერიოდი უნდა მოჰყვეს.

მისი დიაგნოზების გათვალისწინებით კი, ამბობს ჯიშკარიანი, სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ამ ეტაპზე რეკომენდებული არ არის.

„ემპათიის“ ხელმძღვანელმა მედიასთან საუბარში ასევე შენიშნა, რომ სააკაშვილს არასწორად ჰქონდა დანიშნული ერთ-ერთი ნეიროლეფსიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ფსიქოზური მდგომარეობის კუპირებისთვის. თუმცა, მისი სიტყვებით, დღეს მიხეილ სააკაშვილს ფსიქოზი არ აღენიშნება.

ჯიშკარიანის სიტყვებით, ეს პრეპარატი ფიგურირებს როგორც რუსთავის მე-12 დაწესებულების სამედიცინო ბარათში, ასევე გორის ჰოსპიტლის სამედიცინო დოკუმენტაციაში. ინფორმაცია გამოთხოვილია მე-18 სამედიცინო დაწესებულებიდანაც იმისათვის, რომ ექიმებისთვის ცნობილი გახდეს ინფორმაცია პრეპარატის დოზირების შესახებ.

„სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობა შეფასებული იყო როგორც ნეიროლეფსია. ეს ჩვენი პირველი ვიზიტის დროსაც დავაფიქსირეთ, გორში. ჩვენი რეკომენდაციით დანიშნულება შეიცვალა, და თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლო ორშაბათს სასამართლო პროცესზე დასწრება. ძველი დანიშნულებით მკურნალობა რომ გაგრძელებულიყო, ის სასამართლო სხდომაზე დასწრებას ვერ შეძლებდა“.

მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი ფსიქიატრს ნანახი არ ჰყავდა და ამიტომ, მას უგრძელდებოდა ის დანიშნულება, რაც მე-18 დაწესებულებიდან გადმოჰყვა.

„იყო თუ არა ეს დანიშნულება მიზანმიმართული? ამ კითხვას, ალბათ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასცემენ პასუხს, ნებისმიერ შემთხვევაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ფსიქოტროპული პრეპარატების არაადეკვატური გამოყენება ფასდება როგორც ფარმაკოლოგიური წამება და უნდა გაეცეს პასუხი, რას ემსახურებოდა ეს. მას ეს წამალი არ ესაჭიროებოდა“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მისივე სიტყვებით, ექსპერტების ჯგუფი ისევ დაწერს მორიგ დასკვნას ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად.

ფსიქიატრი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ციხეში ეწინააღმდეგება ყველა დიაგნოზს, რაც მას აქვს დადგენილი, მათ შორის, ვერნიკეს სინდრომს, ე.წ. რეფიდინგის ფაზას, რასაც ერთი თვე მაინც სჭირდება. მისი ამ და სხვა დიაგნოზების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სააკაშვილს სჭირდება 2-3-თვიანი მკურნალობის კურსი და შემდგომ რეაბილიტაცია. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ თუკი მას უახლოეს ხანებში მაინც გადაიყვანენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ეს წინააღმდეგობაში მოვა მისი დაავადების გაიდლაინთან.