დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფიქრობს, რომ ალბათ, მალე „ომიკრონის“ შტამი საქართველოშიც გამოჩნდება - მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ქვეყანაში „ომიკრონის“ შემთხვევა არ ჩანს.
გამყრელიძის სიტყვებით, წინასწარი შედეგებით, ამ შტამით რეინფიცირება დაახლოებით სამჯერ მეტია.
საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ამირან გამყრელიძემ ასევე შენიშნა, რომ ნელ-ნელა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, რადგან მოსახლეობამ ისევ დაიწყო დიდი შეკრებების მოწყობა.
„ქვეყანაში იმუნური ფენა იმატებს, მილიონი მოსახლე უკვე სრულად აცრილია, გადაიტანა 861 ათასმა ადამიანმა და უსიმპტომოდ ალბათ კიდევ უფრო მეტმა გადაიტანა. ჩვენ ახლა ვითვლით და მალე გვექნება პასუხი, რამდენია იმუნური ფენა ქვეყანაში. სექტემბრის ბოლოს გვქონდა დათვლილი და მაშინ 54%-ზე გავედით, ახლა მეტი იქნება, 60%-ს ასცდებოდა. დარჩენილი 30% თუ 35% გაავრცელებენ დაავადებას, მერე იქნება რეინფექცია. ჯერ „ომიკრონი“ არ ჩანს, მაგრამ ალბათ ეგეც გამოჩნდება და რეინფექცია საკმაოდ სერიოზულია. წინასწარი შედეგებით, რეინფიცირება „ომიკრონის“ შემთხვევაში დაახლოებით სამჯერ მეტია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სწრაფი ტესტი ადგენს ადამიანის ვირუსით ინფიცირებას და ის ვერ ასხვავებს, კონკრეტულად რომელი შტამით არის დაინფიცირებული - „ომიკრონით“, „დელტათი“, „ბეტათი“, „ალფათი“ თუ სხვა შტამით.
ამირან გამყრელიძე განსაკუთრებით მოუწოდებს აცრისკენ ორსულებს და ამბობს, რომ ამ მხრივ საქართველოში სავალალო შედეგი გვაქვს. „სამწუხაროდ, გუშინ თურქეთში გარდაიცვალა ერთი ორსული ქალბატონი, რომელიც ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს“, – თქვა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე დაადასტურა, რომ ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა გრიპის ვირუსის შემთხვევაც.
„ეს ნიშნავს, რომ თანდათან გრიპის სეზონიც დაემატება. ახლა საუბარი გამკაცრებაზე კი არ არის, ის უნდა დავიცვათ, რაც დაწესებულია. პირბადის ტარება არის უნივერსალური პირობა, მისი ტარების მაჩვენებელი 28%-ზეა ჩამოსული. ორივე უნდა იყოს, თვითშეგნება და აღსრულება, კონტროლი კი, აუცილებელია. ორივე მიდგომა უნდა იყოს ერთმანეთთან შეზავებული“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ე.წ. მწვანე პასპორტი უვადო არ შეიძლება იყოს და ეს პოზიცია უნდა გადაიხედოს.