3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. შშმ პირებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოაწყვეს და მოითხოვეს, მათი პირობები ისე გაუმჯობესდეს, რომ დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლონ.
„ტოტალური უსინათლო ვარ. როგორ ფიქრობთ, ორ ნაბიჯს გადავდგამ პერსონალური ასისტენტის გარეშე? აგერ, ეს ცოტას ხედავს და ამას დავყავარ“, - ფრიდონ ლობჟანიძე გვერდით მდგომზე გვითითებს, რომელიც მცირემხედველია და ისევე სჭირდება მოვლა, როგორც იმ ადამიანს, რომელსაც ახლა სიარულში ეხმარება.
50-მდე ეტლით მოსარგებლე, უსინათლო და სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი დილით ვარდების რევოლუციის მოედანზე შეიკრიბა და პარლამენტისკენ დაიძრა.
„დამოუკიდებელი ცხოვრება“ - ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომლითაც შშმ პირები ხელისუფლებას მიმართავდნენ. ისინი ითხოვენ, საქართველოში პერსონალური ასისტენტის პროგრამა დაინერგოს. სწორედ ასისტენტი შეითავსებდა იმ ფუნქციებს, რომელიც დღეს ახლობლებს აქვთ გადანაწილებული, ანუ დაეხმარებოდა ქუჩაში სიარულში, თავის მოვლაში, სხვებთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ.
ანა ხაჭაპურიძე უსინათლოა. აქციაზე დედასთან ერთად მოვიდა, მსვლელობისას სწორედ ის უკარნახებდა, სად გზა იყო და სად ტროტუარი. სახლში კიდევ ერთი უსინათლო და ჰყავს, ისიც აქტივისტი, მაგრამ აქციაზე წამოსვლა დღეს ვერ მოახერხა, რადგან დედა ორივეს ვერ მიხედავდა. „ორი უსინათლო შვილით აქ ვერ ვივლიდი. ასისტენტი რომ მყოლოდა, ეს ხომ არ მოხდებოდა“, - თქვა მან.
ანა ჰყვება, რომ ფერები ჯერ კიდევ ახსოვს, საკუთარი გარდერობიც იცის და ასისტენტის გარეშეც ჩაიცვამს. ასისტენტი სჭირდება იმისთვის, რომ უკვე ჩაცმულმა სახლიდან გამოსვლაც შეძლოს. ამას მარტო ვერ ახერხებს, ჯერ ერთი, ქუჩებია მოუწყობელი და მეორეც, მაწანწალა ძაღლების ეშინია, რომლებიც შეიძლება მის ხელჯოხზე გაღიზიანდნენ.
„შეიძლება შემჭამოს ძაღლმა. ქუჩაში თუ წევს, დავაბიჯებ და, რა თქმა უნდა, გაბრაზდება. პერსონალური ასისტენტი ძალიან გვჭირდება, თან არ შეიძლება, უსინათლოს, ყრუს, ეტლით მოსარგებლეს ერთი და იგივე ასისტენტი ემსახურებოდეს. ყველა საჭიროებისამებრ უნდა გადამზადდეს“.
ანის დედა ელენე პაიჭაძე ამბობს, რომ შვილების მომავალზე ისედაც მუდმივად დარდობდა, პანდემიის დროს კი ყველაფერი ორმაგად სანერვიულო გაუხდა.
„ახლა ყველაფერი მშობლების ზურგზე გადადის. საშინელი გრძნობაა, როცა ფიქრობ, მე რომ არ ვიქნები, ამათ მერე რა მოუვათო. რაც მეუღლე გარდამეცვალა და მარტო დავრჩი, სულ ამას განვიცდი. პანდემიის გამოც მუდმივად შიშში ვარ, ერთს რამე რომ დაემართოს, მე ორად ხომ არ გავიხლიჩები? საავადმყოფოებში, კოვიდსასტუმროებში ახლობლებს არ უშვებენ და ეს შშმ პირებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. მაგალითად, ყრუ-მუნჯი რომ ხვდება საავადმყოფოში, ექიმებმა ჟესტური ენა არ იციან. ამ დროს ვიდეომესინჯერით ურთიერთობენ თარჯიმნებთან“.
აქციაზე შშმ პირები მოითხოვდნენ სოციალური პაკეტის გაზრდასაც და სარეაბილიტაციო პროგრამებსაც, რომლებიც, მათი თქმით, ახლა მხოლოდ 18 წლამდე პირებისთვის არის ხელმისაწვდომი.
„ყველას გაუზარდეს სოციალური პაკეტი 25 ლარით, ჩვენ გარდა“, - ამბობს ფრიდონ ლობჟანიძე. მისი თქმით, ახლა მათი სოციალური პაკეტი 250 ლარია და არაფერში ჰყოფნით. დიდ ცვლილებას ვერც 25 ლარში ხედავს, „მაგრამ მაინც“.
თორნიკე კუსიანი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“, ამბობს, რომ შშმ პირს შესაძლოა ბანკში ანგარიშიც კი არ გაუხსნან, თუ დედა არ მიიყვანა.
„გზები არ არის მოწყობილი, ეს ქუჩა რომ გადმოვიარეთ, ერთი ეტლით მოსარგებლე ეტლიდან გადმოვარდა. მიწისქვეშა გადასასვლელებში შშმ პირებისთვის თითქოს დაამონტაჟეს ლიფტები, მაგრამ სინამდვილეში არცერთი არ მუშაობს“.
სხვა ლოზუნგებს შორის დღეს აქციაზე შშმ პირები სრულფასოვან სექსუალურ ცხოვრებასაც ითხოვდნენ. „ჩემს სხეულს შეუძლია სიამოვნების მიღება“, „სექსუალური ცხოვრება ჩემი უფლებაა“ - ეწერა მათ პლაკატებზე, რამაც აქციის რამდენიმე მონაწილე გააღიზიანა კიდეც.
„ესეც ძალიან მძიმე სურათია, როცა ზოგი სწორად ვერ აღიქვამს ჩვენს ლოზუნგს და ჰგონიათ, შეურაცხყოფას ვაყენებთ, - თქვა ორგანიზაციის „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ თავმჯდომარემ გიორგი ძნელაძემ აქციის დასასრულს, როდესაც მსვლელობის მონაწილეები პარლამენტის წინ შეჩერდნენ, - „სექსუალური ცხოვრება ჩემი უფლებაა“ - ამ ლოზუნგმა ბევრი გააღიზიანა. იმ ხალხს, რომელიც ახლა ინსტიტუციებშია ჩაკეტილი, ეს უფლება არა აქვთ და ჩვენ მათი სახელითაც გამოვდივართ. ყველა ფიქრობს, რომ სექსუალური ცხოვრება, რეპროდუქცია შშმ პირებს არ ეხებათ. ეხებათ! პირდაპირ ეხებათ!“