5 დეკემბრიდან, ერთი კვირის განმავლობაში, დედაქალაქელ კინოს მოყვარულებს დიდი ზეიმი ელით; იხსნება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი - საინტერესო პროგრამით, ახალი ქართული ფილმების პრემიერებითა და კლასიკური კინოს რეტროსპექტივებით. როგორც ყოველთვის, ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია. კარგი ფილმების ლაბირინთში შეიძლება, უბრალოდ, დაიკარგოთ. თუმცა თავიდანვე მინდა გირჩიოთ, არ გამოტოვოთ დიდი ფრანგი რეჟისორის, ანიეს ვარდას ფილმების რეტროსპექტივა. არ შეცდეთ და არ იფიქროთ, რომ ვარდას ფილმების ნახვა ინტერნეტითაც შესაძლებელია. კინო თუ გიყვართ, ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ-ერთი ლიდერის, ან, როგორც ბოლო წლებში ამბობდნენ ხოლმე, „ახალი ტალღის ბებიის“ შედევრები, განსაკუთრებით მისი „ბედნიერება“, სწორედ კინოდარბაზში, დიდ ეკრანზე უნდა ნახოთ.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ თბილისის წლევანდელი კინოფესტივალის ძლიერი მხარე ქართული პროგრამაა. უაღესად საინტერესო მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური სურათების გარდა, პროგრამაში ჩართულია ქართული ფილმები, რომელთა გამოტოვება არანაირად არ შეიძლება - ესაა პირველ რიგში წლის სენსაცია, სანდრო კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“, ასევე პირადად ჩემთვის სრულიად მოულოდენელი და ორიგინალური „ოთარის სიკვდილი“. გირჩევთ ნახოთ ასევე ქართული ფილმები „დასაწყისი“ და „გვიანდელი შემოდგომა“. პირველს, დეა კულუმბეგაშვილის სურათს, საერთაშორისო აღიარება ნამდვილად არ აკლდა, მეორე, განსაკუთრებით დააინტერესებს ჩემს თაობას - გიორგი ბარაბაძის ფილმი გვიამბობს ადამიანებზე, რომლებმაც ტერორისტული აქტი მოუწყვეს ედუარდ შევარდნაძეს.
რაც შეეხება უცხოურ პროგრამას, აქ თქვენი ნებართვით ობიექტური კრიტიკოსის როლს არ ვითამაშებ და სწორედ იმ სურათების ნახვას გირჩევთ, რომლებიც თავად მიმაჩნია საინტერესოდ. თუმცა გავიმეორებ, რომ წლევანდელი უცხოური პროგრამა საკმაოდ სუსტია, რაც, ალბათ, მაინც არა იმდენად კინოფესტივალის ორგანიზატორებს, რამდენადაც საერთო კინემატოგრაფიულ ფონს უნდა დავაბრალოთ - პანდემიამ, როგორი მძიმეც უნდა იყოს ამის აღიარება, კინოს ხარისხზე მაინც უარყოფითად იმოქმედა - უსაშველოდ დეპრესიული და „ნაცრისფერი“ გახადა.
1 - Babi Yar. Context. „ბაბი იარი, კონტექსტი.“ (2021, რეჟისორი სერგეი ლოზნიცა)
გერმანიაში მცხოვრები უკრაინელი რეჟისორის ეს ფილმი „ჩემი სიის“ ლიდერია. „ბაბი იარი“ იმ შემთხვევაშიც უნდა ნახოთ, თუკი დოკუმენტური კინო არ გიყვართ და მაინცდამაინც არც უკრაინის ისტორიის ეს ტრაგიკული ამბავი გაინტერესებთ. კინოარქივებში დაცული მასალის განახლებით, მათი გაწმენდით და, რაც მთავარია, აწყობით (ლოზნიცას დოკუმენტურ ფილმებში სწორედ ეს „აწყობაა“ მთავარი... როცა კინო მუსიკალურ ნაწარმოებს ემსგავსება), სერგეი ლოზნიცა ახერხებს განაზოგადოს კონკრეტული ისტორიული ფაქტი და გვიამბოს, როგორ ახერხებს რეჟიმი მასების მანიპულაციას, როგორ შეუძლია, ადამიანების დასჯის და გასამართლების პროცესი წარმოადგინოს როგორც სანახაობა ისევ და ისევ მშიერი და შეშინებული მასების დასამორჩილებლად.
2 - Benedetta. „ბენედეტა“ (2021, რეჟისორი პოლ ვერჰოვენი)
დაწვრილებით როცა ღმერთი ქალია„ხორციელ ვნებებზე როგორმე უნდა გავიმარჯვოთ, თორემ ჯოჯოხეთი არ აგვცდება!“ - ამას გვეუბნება ყველა რელიგია... „კინემატოგრაფი მოძრავი სხეულის ხელოვნებაა“, - კინოს დაბადების პირველივე დღიდან გვიმეორებენ კინემატოგრაფისტები. კონფლიქტი „რელიგიის ენასა“ და „კინოს ენას“ შორის ახალი არაა. მაგრამ ეროტომანმა და ცინიკოსმა პოლ ვერჰოვენმა ეს დაპირისპირება ნამდვილად ახლებურად გაათამაშა. რუსეთის კულტურის სამინისტრომ აკრძალა „ბენედეტას“ გაქირავება, რადგანაც ცენზორებმა გადაწყვიტეს, რომ ვერჰოვენი მაყურებლის რწმენას შეურაცხყოფს. სინამდვილეში, რეჟისორი დასცინის არა რწმენას, არამედ სწორედაც რომ ურწმუნობას, „რელიგიის ენის“ გამოყენებას ადამიანთა მანიპულაციისთვის... და იქნებ, ამავე მიზნით კინოს ენის გამოყენებასაც.
3 - Drive my car. „ჩემი მანქანა“ (2021, რეჟისორი რიუსუკე ჰამაგუჩი)
ჰამაგუჩი ჩემი საყვარელი იაპონელი რეჟისორია. ტყუილად არ უწოდებენ სამშობლოში „იაპონელ ერიკ რომერს“. თუმცა „ჩემს მანქანას“ პირველ რიგში სწორედ რომერისეული მთლიანობა, ამბის „სასპენსური“ თხრობა და შავი იუმორი აკლია. ამ ყველაფრით გამოირჩეოდნენ ჰამაგუჩის ფილმები, მაგრამ, როგორც კი რეჟისორს გაუჩნდა პრეტენზია მასშტაბურობაზე, კლასიკური დრამატურგიის ახლებურ გათამაშებაზე და, პირდაპირ უნდა ითქვას, „ჩეხოვმცოდნეობაზე“, ამ სამსაათიან სურათში ამბავი გაიფანტა და „ძია ვანიას“ მოლოდინი უფრო „გოდოს მოლოდინად“ იქცა. არ ვიცი, შეძლებთ თუ არა, ბოლომდე უყუროთ ჰამაგუჩის სურათს, მაგრამ მაინც გირჩევთ არ გამოგრჩეთ - „ჩემი მანქანა“, ასეა თუ ისე, თანამედროვე კინოს დიდი ოსტატის ახალი ნამუშევარია.
4 - Great freedom. „დიდი თავისუფლება“ (2021, რეჟისორი სებასტიან მეიზი)
ეს ფილმი წელს კანის კინოფესტივალის მეორე დიდი პროგრამის, „განსაკუთრებული მზერის“ ფარგლებში უჩვენეს (ჟიურის სპეციალური პრიზით აღინიშნა). ავსტრიელი რეჟისორის ახალი ნამუშევარი ამერიკულ „ოსკარზეა“ წარდგენილი უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაზე და გამარჯვების შანსებიც აქვს. „წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სიყვარული კანონითაა აკრძალული“, - აღნიშნა ავტორმა კანში, ფილმის წარდგენისას. აქაურ პუბლიკას შეიძლება გაუჭირდა კიდეც ამის წარმოდგენა - არადა, სურათის მოქმედება არც ისე შორეულ წარსულში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გერმანიაში ხდება, სწორედ იმ წლებში, როცა ღია ჰომოსექსუალობა აქ ჯერ კიდევ კანონით ისჯებოდა. ამ ერთი შეხედვით ძალიან ტრადიციულ ფილმში ერთი ადამიანის ცხოვრება ომისშემდგომი ევროპის ისტორიას ასახავს. და რამდენადაც კანში შეიძლება გაუკვირდათ, როგორ შეიძლება კანონი კრძალავდეს სიყვარულს, საქართველოში, სამწუხაროდ, ავსტრიელ რეჟისორს უკეთ გაუგებენ.
5 - The worst person in the world. „ყველაზე ცუდი ადამიანი დედამიწის ზურგზე“ (2021, რეჟისორი იოაჰიმ ტრიერი)
ტელესერიალების გავლენა სახეზეა - თავებად დაყოფილი ფილმი უფრო ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სერიალია, ვიდრე ერთიანი მხატვრული ნაწარმოები. შესაბამისად, აბსოლუტურად არათანაბარი, ძლიერი სცენებით და სრულიად პრიმიტიული, კლიშეებით გადატენილი „საქმის გარჩევებით“ შეყვარებულებს შორის. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ახალგაზრდებს ნამდვილად დააინტერესებს ტრიერის ფილმი (ავტორი არაა იმ ტრიერის ნათესავი, მხოლოდ მოგვარეა!), ეს მსუბუქი, ზედაპირული, მაგრამ ძალიან გულწრფელი მსჯელობა პროფესიებზე, საქმეზე, სექსზე, სიყვარულზე, ოჯახზე... ხანდახან ძალიანაც გემრიელი ირონიით. ჰო, კიდევ ერთი რამ არის მნიშვნელოვანი - მსახიობთა შესანიშნავი ანსამბლი და განსაკუთრებით რენატე რეინსვე, რომელმაც კანში ამ როლისთვის „პალმა“ მოიპოვა, როგორც საუკეთესო მსახიობმა.
6 - Three floors. „სამი სართული“ (2021, რეჟისორი ნანი მორეტი)
ამ ფილმის ნახვას ვურჩევ მხოლოდ ნანი მორეტის შემოქმედების თაყვანისმცემლებს. ისინი გამიგებენ. „სამი სართული“ ის შემთხვევაა, როცა კარგი რეჟისორის ცუდი ფილმიც სანახავია. ნახულობ, ბრაზდები (ან გული გწყდება), მაგრამ გადის დღეები და ვერ ივიწყებ, ხვდები, რომ ეგ კარგი რეჟისორი თავის ცუდ ფილმში სადღაც „ბუჩქებში იმალება“ (თუმცა ერთ-ერთ როლს თვითონ თამაშობს). ნანი მორეტიმ გადაიღო წარმოუდგენლად ძველმოდური ფილმი, უკვე ანაქრონიზმად ქცეული „საპნის ოპერა“, რომელშიც პერსონაჟები განსაკუთრებით სასაცილოდ გამოიყურებიან, როცა... ტირიან. მიუხედავად ამისა, ამ დემონსტრაციულ მელოდრამატიზმში უთუოდ იგრძნობთ რაღაც ძალიან ადამიანურს, სრულიად დაკარგულს თანამედროვე კინოში. თუკი მორეტი გიყვართ, წაიყვანეთ ფილმის სანახავად თქვენი ბებიები და ბაბუები. მადლობას გადაგიხდიან!
7 - Unclenching the fists. „მუშტების გახსნა“ (2021, რეჟისორი კირა კოვალენკო)
ფილმი აღინიშნა წლევანდელი კანის ფესტივალის პროგრამის, „განსაკუთრებული მზერის“ მთავარი პრიზით, ახალგაზრდა რეჟისორის (ფაქტობრივად დებიუტანტის) ნამუშევარი რუსეთის კულტურის სამინისტრომ ამერიკულ „ოსკარზე“ წარადგინა. სურათმა აუცილებლად უნდა დააინტერესოს ქართველი მაყურებელი - მოქმედება ხომ ჩრდილოეთ ოსეთის პატარა ქალაქში, მიზურში მიმდინარებს. ფილმის რეჟისორი ნალჩიკში დაიბადა. აქაური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ რამდენიმე წელი იცხოვრა აფხაზეთში. თემა, რომელსაც ეხება რეჟისორი, მტკივნეულია, ალბათ, კავკასიის ნებისმიერ პროვინციაში მცხოვრები თინეიჯერი გოგოსთვის - ესაა ოჯახური ძალადობა და ბორკილებისგან (მუშტებისგან) თავის დახსნის სურვილი, რასაც უმრავლესობა ვერ ახერხებს. „მუშტების გახსნა“ ძალიან საინტერესოდ იწყება, ფილმის პირველ ნაწილში მაყურებელს სულ აქვს განცდა, რომ რაღაც ძალიან დრამატული მოხდება ეკრანზე. მაგრამ, სამწუხაროდ, მეორე ნაწილში ავტორი „სიჩქარეს კარგავს“ და სურათიც იმ რუსულ „არტჰაუზს“ ემსგავსება, რომლის მსგავსი მრავლად გვინახავს.