„სოხუმი იწვის. მე სადესანტო გემ „კონსტანტინე ოლშანსკის“ კეჩოზე ვდგავარ. გამხდარი, გაუპარსავი და დაღლილი. შორიდან გავყურებ აბრიალებულ სანაპირო ზოლს”…
ლადო ფოჩხუას წიგნი „ენიკი ბენიკი“ სოხუმიდან გამოქცევის ამ სცენით იწყება. ლადო ნიუ-იორკში მცხოვრები სოხუმელი მხატვარია, რომელმაც წერა ცოტა ხნის წინ დაიწყო. წიგნმა კი, რომელიც „ინდიგოს“ გამომცემლობამ დასტამბა, უკვე მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ლიტერატურული პრემია.
ლადო ფოჩხუას სადებიუტო წიგნის შავ გარეკანზე, სოხუმის ბინაში გადაღებული, ავტორის დედის ფოტოა, 1950-იანი წლებია, ახალგაზრდა გალინა ალანია აივნიდან გაჰყურებს თავის ქალაქს და იღიმის.
„მე დავწერე ეს წიგნი, იმიტომ, რომ მინდოდა ჩემი დაკარგული ქალაქი აღმედგინა“, - იტყვის ლადო ფოჩხუა წლების შემდეგ, 2021 წლის სექტემბერში, წიგნის ქართველი მკითხველისთვის წარდგენისას.
წიგნს, რომელშიც ლადო სოხუმურ ცხოვრებაზე, იქიდან გამოქცევასა და თბილისამდე მოსასვლელ გზაზე ჰყვება, შვიდი წელი წერდა. ცდილობდა, ის სოხუმი აღედგინა, სადაც, როგორც თავად ამბობს, აქცენტიანი, „შიშინა ბგერებიანი“ რუსულით ლაპარაკობდნენ, როგორითაც ახლა თავად ლადო ლაპარაკობს და ამ აქცენტით ყველა სოხუმელი ცნობს ერთმანეთს.
„ასეთი რუსულით მარტო სოხუმში ვლაპარაკობდით, სხვაგან არსად მომისმენია... ესეც ქრება. ეს წიგნი რუსულ ენაზე დავწერე, მაგრამ ქართული წიგნია. მინდა, რომ ეს წიგნი გამოიცეს ჯერ ევროპაში და შემდეგ უკვე რუსულადაც ითარგმნოს“, - ამბობს ლადო.
ქართულ ენაზე „ენიკი ბენიკი“ რუსუდან დარჩიაშვილმა თარგმნა.
„მე და ჟვანსკი კუპეში ვართ. სოხუმიდან ერთი ჩანთით წამოსულს საზაფხულო შარვალი მაცვია. გაქექილი შავი ესპადრილი და ტყავის თბილი ქურთუკი. ნეტავ საით მიგვეჩქარება? იცის კი ვინმემ? ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს. შემოდგომაა. სიზმარია“.
ლადო ფოჩხუა ექვსი წლიდან ხატავს. ხატავდა სოხუმში, მერე ხატავდა თბილისში, სადაც დევნილობის პერიოდში სამხატვრო აკადემია დაამთავრა, ხატავდა წყნეთის დევნილთა საცხოვრებელში, სადაც წლები იცხოვრა. და ხატავს ნიუ-იორკშიც, სადაც უკვე წლებია ცხოვრობს.
უფრო სწორად, ახლა ხატავს და წერს კიდეც.
ერთ დღეს, ლადოს ხელში ჩაუვარდა ცნობილი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ისააკ ბაშევის ზინგერის იდიშზე დაწერილი რომანი „შოშა“ - ეს არის წიგნი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამქრალ ებრაულ კვარტალებზე.
„იცი, რომ დღეს აღარ არსებობს ეს ხმები, აღარც ბრძენი რაბინები, აღარც მათი აქცენტი. მაგრამ უცებ, ამ წიგნის კითხვისას ხვდები, რომ ეს ყველაფერი, მართალია, გამქრალია, მაგრამ კითხვისას, წამებით, მაგრამ მაინც, თავიდან ცოცხლდება. მეც მომინდა, რომ რაღაც მსგავსი გამეკეთებინა“.
მაგრამ ვიზუალურ ხელოვნებას არ შეეძლო სრულყოფილად იმის გაცოცხლება, რისი ჩვენებაც ლადო ფოჩხუას უნდოდა, თუნდაც სოხუმური აქცენტის.
„და თუ ამის გაკეთება ვინმეს მაინც შეუძლია მხატვრობით, არ ვიცი, ალბათ, შაგალი უნდა იყოს. მე კი შაგალი არ ვარ, რომ ეს ასე ზღაპრულად შევძლო. არც მეზღაპრე ვარ. ამიტომ მე ლიტერატურა ავირჩიე“.
„ენიკი ბენიკის“ თხრობა ორ ხაზს მიუყვება - როგორ გამორბიან ლადო და მისი მეგობარი ჟვანსკი ცეცხლმოკიდებული სოხუმიდან და მეორე, მახსოვრობაზე დაფუძნებული სურათები - ლადოს ბავშვობის სოხუმიდან. აღდგენა სწორედ იმ წლებიდან იწყება.
„დღესაც კადრებაც მახსოვს, მაგალითად, ჩემი ნათლობა, სოხუმის ეკლესიის სარკმელში შემოსული შუქი. არადა, ალბათ, სამი წლის თუ ვიქნებოდი“.
რატომ დასჭირდა ამდენი წელი ლადო ფოჩხუას ამ ომზე და თავის თავგადასავალზე დასაწერად?
ამ კითხვაზე ლადოს პასუხი ასეთია: სწორი წიგნი რომ დაწერო, ამისთვის დრო გჭირდება. თორემ გამოვა წიგნი სადღეგრძელო. რაღაც ასეთი: ჩემო აფხაზეთო, შენ ჩემი მიწა ხარ, მე დავბრუნდები...
„ასეთი წიგნის დაწერა მე არ მინდოდა. დრო აუცილებლად უნდა გასულიყო, რომ რაღაცები სუფთად, გამჭვირვალედ დამენახა. ახლა მე ვიცი, არსებობს ორი მხარე. ორი სიმართლე. ვოცნებობ, რომ ეს წიგნი აფხაზურადაც ითარგმნოს“.
იქნებ ამაზე წერა მხოლოდ თავისი ამბის თხრობა კი არა, ტრავმისგან გათავისუფლების მცდელობაც იყო? ლადოს თბილისში ეს კითხვაც დაუსვეს. მაგრამ ლადო ფოჩხუასთან ცოტა სხვანაირადაა: ტრავმა როგორ არ იყო, სამშობლო დაკარგა, მაგრამ მაშინვე გაჩნდა მიზანი - ჯერ სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება.მერე ამ მიზანს კიდევ სხვა მიზანიც მოჰყვა და არასოდეს მიუცია საკუთარი თავისთვის უფლება, ზედმეტად განეცადა ის ყველაფერი, რაც თავს გადახდა.
ისე, ერთხელ ლადოც წავიდა ამერიკაში ფსიქოლოგთან, მაგრამ როცა მასთან თავისი ცხოვრების მოყოლა დაიწყო:
„ფსიქოლოგი გამიხდა დასამშვიდებელი. იმიტომ, რომ მე ვყვებოდი დამწვარ ქალაქზე, გაქცევაზე, ჩაბნელებულ თბილისზე, დევნილების გაყინულ საცხოვრებელზე წყნეთში, სადაც წლები ვცხოვრობდი. მაშინ მივხვდი, რომ ის ადამიანი მე ვერ დამეხმარებოდა“.
მაგრამ ლადოს სჯეროდა ხელოვნების ძალის.
იმასაც მიხვდა, რომ როცა წერდა, თითქოს უკეთესი ადამიანი ხდებოდა. ეს აღმოაჩინა, როცა წერა ხატვის პროცესს შეადარა - როცა ვხატავ, საშინელი ადამიანი ვხვდებიო, ამბობს:
„სულ ვებრძვი ტილოს, სულ ვეჩხუბები, მზად ვარ დავხვრიტო. სულ უკმაყოფილო ვარ. წერისას კი სრული ჰარმონიაა. და მგონია, რომ ამ შვიდ წელში, როცა ამ წიგნს ვწერდი, ცოტა უფრო კარგ ადამიანად ვიქეცი, ვისთანაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობა“.
ასევე ნახეთ „არტისტერიუმი 2013“„ენიკი ბენიკი“ არის წიგნი იმაზე, თუ როგორ ინგრევა რაღაც სამყარო. ლადოს მეორე წიგნი კი, რომელზეც ახლა მუშაობს, იქნება იმაზე, თუ როგორ აშენებს აგურ-აგურ თავის ახალ სამყაროს, ნულიდან. არაფრიდან.
„ადამიანი - ესპადრილებით, წყნეთის ცივ ზამთარში იწყებს თავისი ცხოვრების აშენებას... ამ წიგნში ვყვები, როგორ ვიყიდე ფირსაკრავი და ერთი გრამფირფიტა, რომელსაც უწყვეტად ვუსმენდი. ჩემი ახალი წიგნიც ასეთი ფრაგმენტებისგან იქნება შემდგარი და მგონია, რომ საინტერესო გამოვა, იმიტომ, რომ დღესაც, ყველა ვუყურებთ როგორ გარბიან ადამიანები ქვეყნებიდან, სირიიდან, ერაყიდან, მაგრამ ცოტა ხანში, აღარავინ იცის, როგორ არიან ისინი, როცა სადმე მიირბენენ“.
ამ მირბენის შემდეგ გაგრძელებულ სიცოცხლეზე იქნება ლადოს მეორე წიგნიც, სავარაუდო სათაურით „ქართული მელანქოლიის ანატომია“. და რადგან ლადო ამ წიგნში სწორედ თოვლიან წყნეთში გატარებულ წლებზე წერს, სიმბოლურად, „ენიკი ბენიკისგან“ განსხვავებით, რომელიც შავყდიანი წიგნია, ახალი წიგნი თეთრი იქნება.
ეს სახელი „ქართული მელანქოლიის ანატომია“ შემთხვევით არ გაჩენილა. წლების წინ, ლადომ, თავისუფლების მოედანზე მდგარი ბუკინისტისგან, მაშინდელი კუპონებით იყიდა ინგლისელი მეცნიერის, რობერ ბარტონის მე-18 საუკუნეში, ოქსფორდში დაწერილი წიგნი, რომელსაც სწორედ ასე ერქვა - „მელანქოლიის ანატომია“.
„იმ დღეებში ვიპოვე ინგლისურ-რუსული ლექსიკონიც, ვიყიდე და მისი დახმარებით ვკითხულობდი ამ წიგნს, რომელიც ჩემთვის რაღაც მედიტაციასავით იქცა. თან ვცდილობდი, ვითომ ინგლისური მესწავლა, რაც, სინამდვილეში, შეუძლებელია, მე-18 საუკუნის წიგნის დახმარებით გააკეთო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ წიგნს, ჩემთვის თითქმის მთელი წელი ვთარგმნიდი“...
ლადო ფოჩხუას ტრილოგია დასრულდება მესამე წიგნით, რომელიც ნიუიორკულ ცხოვრებაზე მოგვიყვება. ლადოს უნდა, რომ იმ წიგნს „კაფე ბოჰემია“ ერქვას და ეს იყოს ამბავი იმაზე, რა ხდება, როცა ჩადიხარ ნიუ-იორკში, სადაც ძალიან უცნაური ცხოვრება იწყება:
„ნიუ-იორკში, ჯადოსნური რაღაცები შეიძლება მოხდეს. მაგალითად, შევდივარ კაფეში, ვუკვეთავ ყავას და უცებ, ბარისტა სადღაც რეკავს და ავტომოპასუხეზე ვიღაცას უტოვებს შეტყობინებას, call me Ishmael - და უცებ შეშდები, რადგან იცი, რომ ეს თან ცნობილი ფრაზაა „მობი დიკიდან“ (დამიძახე იშმაელი, რაც გინდათ დამიძახეთ, ეგ აზრი დევს), მაგრამ, ამავე დროს, ბარისტამ იგივე ფრაზა მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ უბრალოდ ვიღაცას სთხოვა, მისთვის დაერეკა...
ანუ იმის თქმა მინდა, რომ ნიუიორკული ცხოვრება ჩემთვის ყავის სახლების გარშემოა აწყობილი. ეს არის ადგილები, სადაც მე ვწერ. იყო ასეთი ჩემი საყვარელი ყავის სახლი „კომუნა“, მაგრამ დაიხურა. ახლა დავდივარ კაფე „ბოჰემიაში“, სადაც შეიძლება უცებ ვუდი ალენმა ჩაიაროს ან პატი სმიტი შემოვიდეს ყავის დასალევად... მოკლედ, მესამე წიგნში უკვე ეს ამბები მოხვდება“.
მანამდე კი „ენიკი ბენიკია“ წასაკითხი. ომიდან გამოქცევის ამბავი, რომელიც დიდ ქალაქში ჩამოსვლით მთავრდება.
მატარებელი ყანყალებს. ღამეში ნაპერწკლები ჩანს.
- ნახე, მეუბნება ჟვანსკი.
- რა ვნახო?
სიბნელეში მოლიცლიცე წარწერა გავარჩიე. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა, სული შემიგუბდა.
- შეხედე, - ისევ მეუბნება ჟვანსკი, - თბილისი.
- თბილისი?
- თბილისი.