თბილისის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.
სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ისინი ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის, გამოსახულებიანი მაისურებით მივიდნენ. თბილისის საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 13 წევრი ჰყავს.
საკრებულოს სხდომას 43 დეპუტატი ესწრებოდა. გიორგი ტყემალაძის კანდიდატურას მხარი საკრებულოს 27-მა წევრმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
თავმჯდომარის არჩევის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
თბილისის საკრებულოში უმრავლესობას „ქართული ოცნება“ ფლობს 29 დეპუტატით. დანარჩენი 21 დეპუტატი ოპოზიციური პარტიებიდანაა. „ნაციონალურ მოძრაობას" 13 დეპუტატი ჰყავს, „საქართველოსთვის“- 4 , „ლელოს“ - 2 , ერთი კი ანა დოლიძის პარტიის, „ხალხისთვის“, წარმომადგენელია.
გორის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დეპუტატებმა აქცია გამართეს და პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, გათავისუფლება მოითხოვეს.
ამ წუთებში გორის მუნიციპალიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საკრებულოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეებს აირჩევენ.
გორის მუნიციპალიტეტის 36 წევრიან საკრებულოში 24 წევრი ჰყავს "ქართულ ოცნებას", 3 - გახარიას პარტიას და 9 - "ნაციონალურ მოძრაობას".
ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის, ფოტოები მიიტანეს.
ზუგდიდის საკრებულოში 22 მანდატს, "ნაციონალურმა მოძრაობა" ფლობს, 20 -ს - "ქართული ოცნება", 3 კი - პარტია "საქართველოსთვის".
ქუთაისის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.
,,ხმების ქურდებს სიცოცხლე", ,,კარუსელი 41", ,,გაბათილება ჩემზე იყო", - ამ ლოზუნგებით ქუთაისში 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები ზალიკო კუხიანიძე და მიშო მუმლაძე საკრებულოს შენობის შესასვლელთან ითხოვენ ვადამდელ არჩევნებს. ისინი 2021 წლის არჩევნების შედეგად არჩეულ საკრებულოს და ქუთაისის მერს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
,,ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა, მე პირადად ვნახე როგორ არიგებდნენ ფულს და შემდეგ როგორ იმალებოდნენ მაგიდის ქვეშ. კომისიის წევრებს აიძულებდნენ არჩევნების შედეგი გაეყალბებინა და ბათილად ეცნო ბიულეტენები, რომლებშიც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი იყო შემოხაზული. კომისიის წევრები პირად საუბრებში ამბობენ, როგორ აიძულებდნენ გაეყალბებინათ არჩევნები. პირადად ვნახე, შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ადამიანები როგორ ახდენდა ხალხის მობილიზებას და როგორ ახდენდა ხალხზე ზეწოლას. ქუთაისის მერმა განაცხადა, რომ ხელფასის გაზრდას ითხოვს, კითხვა მაქვს ყველა ქუთაისელთან: რაში ვუხდით მას ხელფასს", - თქვა ზალიკო კუხიანიძემ.
ზალიკო კუხიანიძე და მიშო მუმლაძე საკრებულოს სხდომაზე შესვლას ითხოვენ, დაცვის პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
ქუთაისის 35 წევრიან საკრებულოში 17 მანდატი ოპოზიციას, 18 კი მმართველ პოლიტიკურ გუნდს ერგო.
ქუთაისის საკრებულოში 7 მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, საიდანაც 5 “ქართულ ოცნებას” წარმოადგენს, 2 კი - “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. 17 ოპოზიციონერი დეპუტატიდან 14 “ნაციონალური მოძრაობის” წევრია.
“ქართული ოცნება” ამ დროისთვის ქალაქის საკრებულოს უმრავლესობაშია. ქუთაისის საკრებულოში ორი მანდატი მოიპოვეს პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა. “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელს” კი ქუთაისის საკრებულოში ერთი მანდატი ერგო. ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულოში 12 ქალი დეპუტატია.
დღეიდან, 3 დეკემბრიდან საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების შესრულებას შეუდგნენ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოები.
2021 წლის ოქტომბრის 2-ტურიანი ადგილობრივი არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", ერთპარტიული უმრავლესობა დაკარგა შვიდ - წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის საკრებულოებში, სადაც ყველაზე მეტი წევრი "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავთ, გადამწყვეტს ხმებს კი ფლობს ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის".
ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, რასაც "ქართულ ოცნებაში" უარყოფენ.
საერთო ჯამში, ქვეყნის საკრებულოებში მანდატები მოიპოვა ათამდე პარტიამ. მერის არჩევნებში 64-დან მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გაიმარჯვა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა, დანარჩენ 63 მუნიციპალიტეტში კი, "ქართული ოცნების" კანდიდატებმა. პირველივე ტურში, 2 ოქტომბერს არჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას ოქტომბრის ბოლოს შეუდგნენ, ხოლო 20 მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს ჩატარებულ მეორე ტურში გამარჯვებულები - ნოემბრის შუა რიცხვებიდან.