რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ბუქარესტის ნატოს სამიტის თეზისების გამეორება, ცეცხლთან თამაშს წარმოადგენს. უფრო ადრე თავის გამოსვლაში სერგეი ლავროვმა ნატო დაადანაშაულა სიტუაციის ესკალაციაში რუსეთის საზღვარზე და დასძინა, რომ ალიანსს არ სურს დაძაბულობის განმუხტვა და უარს არ ამბობს თავისი რიგების გაფართოებაზე, რასაც მოსკოვის საფრთხის წყაროდ აღიქვამს.
„ისინი, ვინც ბუქარესტის თეზისებს იმეორებენ და ამბობენ, რომ ნატოს გაფართოების საკითხში მესამე ქვეყნებს არ გააჩნიათ უფლება გამოხატონ საკუთარი პოზიცია - ეს ადამიანები ცეცხლს ეთამაშებიან. დარწმუნებული ვარ, მათ შეუძლებელია არ გააცნობიერონ ეს“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა სტოკჰოლმში, ეუთოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სესიაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „ნაღმი“ უწოდა საქართველოს და უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების თაობაზე ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში უკვე აფეთქდა.
„ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატოს წევრები - ეს არის ნაღმი, რომელიც ჩადებულია ევროპული უსაფრთხოების საძირკველში. ერთხელ 2008 წლის აგვისტოში ეს ნაღმი უკვე აფეთქდა, როდესაც სააკაშვილმა, რომელიც ნატოს პერსპექტივისგან ეიფორიაში იყო, ავანტიურაზე წასვლა გაბედა, რაც უმძიმესი შედეგებით დაუბრუნდა თავად საქართველოს და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარება სახიფათო ნიშნულამდე მიიყვანა“, - განაცხადა ლავროვმა.
რუსმა მინისტრმა კატეგორიულად მიუღებელი უწოდა რუსეთის მეზობელი ქვეყნების გადაქცევას მასთან წინააღმდეგობის პლაცდარმად და რუსეთის უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რაიონებთან უშუალო სიახლოვეს ნატოს ჯარების განთავსებას.