თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მორიგი პროცესის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ბრალდებას დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის შესახებ, პროკურორმა გიორგი მუჯირმა ბრიფინგი გამართა.
ბრალმდებელი გამოეხმაურა სასამართლოს სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, რომელიც ეხებოდა მის ჩასვლას ტაილანდში.
„ამ განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის აღიარება, რომ იმ სპა პროცედურებს თუ ფუფუნების საგნებს ნამდვილად თვითონ მოიხმარდა. შვილის სწავლის დაფინანსება სწორედ მისი გადაწყვეტილი იყო და ეს ახსნა მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვით, რომ ეკუთვნოდა. რეალურად კი სამართლებრივი საფუძველი ამ დანახარჯს არ გააჩნდა.
პლუს მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში ჩვენ მოვისმინეთ უამრავი ტყუილი. პირობითად, ტაილანდში დასვენება, სადაც ერთი სასტუმროს ნომერი ორი დღის განმავლობაში დაჯდა 60 000 ლარი, თითქოსდა ემსახურებოდა რაიმე სახელმწიფო ინტერესს. რეალურად, ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი განკარგულება, რომელსაც თავად მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, სადაც მითითებული არის, რომ უნდა გადახდილიყო, ბრალდებულის, მიხეილ სააკაშვილის VIP მომსახურება, რაც რეალურად განხორციელდა. არცერთი დოკუმენტი არ მოიპოვება იმის თაობაზე, რომელიც მიუთითებდა ამ ვიზიტის რაიმე სახელმწიფო მნიშვნელობაზე. გვაქვს მოლოდინი, რომ მსგავს ტყუილს მოვისმენთ ძალიან ბევრჯერ, - თქვა პროკურორმა და დაამატა, - ოფიციალურ ვიზიტებზე, იმ ვიზიტებზე, რომლებიც რეალურად სახელმწიფო მნიშვნელობას ატარებდა, სახელმწიფო რეალურად გაიღებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თანხებს და იმავე პერიოდში დახარჯულია მილიონობით ლარი".
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის ნამდვილად იმყოფებოდა ტაილანდში და იქ სტუმრების მასპინძლობა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს უკავშირდებოდა.
ასევე ნახეთ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რა მიზნით იმყოფებოდა ტაილანდშისააკაშვილმა პროცესზე ილაპარაკა ასევე მისი შვილის, ედუარდის სწავლის საფასურის დაფინანსების შესახებ და თქვა, რომ ის განსაკუთრებით ნიჭიერი ადამიანია. როგორც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, ამაყობს ქართველი სტუდენტებისთვის გახსნილი შესაძლებლობით, ესწავლათ საერთაშორისო უნივერსიტეტებში.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ „არცერთ კანონში არ წერია, რომ პრეზიდენტის ოჯახის შვილის დაფინანსება არ უნდა მოხდეს".
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 დეკემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით განახლდა მის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა.
პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.