სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რა მიზნით იმყოფებოდა ტაილანდში

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე ისაუბრა ტაილანდში ჩასვლის მიზნებზე, რომლის ხარჯებიც ერთ-ერთია ამ საქმეში, როგორც პირადი სარგებლობისთვის გამოყენებული საბიუჯეტო სახსრები. სააკაშვილის თქმით, ის ნამდვილად იმყოფებოდა ტაილანდში და იქ სტუმრების მასპინძლობა ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს უკავშირდებოდა.

„ჩვენ ვიყავით ტაილანდში, რომ იცოდეთ, ხალხნო, ეს იყო ძალიან რთული პერიოდი, როდესაც რუსები ფულის ჩემოდნებით დარბოდნენ და იღებდნენ აღიარებებს ნაურუდან, ვანუატუდან და ა.შ. ძალიან ბევრი ასეთი კუნძულოვანი სახელმწიფოდან. რამდენადაც ვიცი, ტუვალუს აღიარება დაუჯდათ ერთი მლნ დოლარი, პირდაპირ ჩემოდანი ჩაახუტეს სოჩაში ჩამოყვანილ ტუვალუს პრემიერ-მინისტრს, რომელიც ჩააფრინეს ნიუ იორკიდან სოჩაში და მერე გადაიყვანეს სოხუმში. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეხმარებოდა ავსტრალიის მთავრობა. ავსტრალიის მთავრობამ გვითხრა, სამიტი იყო ჩრდილოეთ კორეაში, თუ არ ვცდები და გვითხრა, რომ მანამდე სადმე შენ წაიყვანე რამდენიმე მათი მინისტრი ან პრემიერ-მინისტრი და დაელაპარაკეთ ისე, არაფორმალურ სიტუაციაში, ეს იქნება თქვენთვის კარგი.

ჩვენ ამოვარჩიეთ ტაილანდი, ჩავიყვანეთ ეს ხალხი, ფასიანი საჩუქრები, ძალიან ძვირფასი ფასიანი საჩუქრები ვაჩუქეთ თითოეულს და ამას ჯიბიდან ვერ ამოვიღებდი, რადგან ეს ფული მე არ მქონია. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს ფული იმისთვის, რომ არ მომხდარიყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის ლეგიტიმაცია. პრორუსულ მთავრობას, რა თქმა უნდა, ეს არ სიამოვნებს. დიახ, პირველად ვამბობ დღეს ამას. ჩავიყვანეთ, მოვთაფლეთ, დავალევინეთ, ვაჭამეთ, მოვესიყვარულეთ და საჩუქრებიც ჩავუდეთ“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. მან განაცხადა, რომ პროკურატურა ტაილანდის ხსენებით აკეთებდა ირიბ მინიშნებებს სექსინდუსტრიასთან, თუმცა რეალურად ის არა სექსინდუსტრიის წარმომადგენლებს, არამედ ევროპარლამენტარებს და ჰილარი კლინტონს შეხვდა ამ ვიზიტისას.

ასევე ნახეთ სააკაშვილი: რაც შეეხება ლეგენდარულ ბოტოქსს, სიცრუეა, მჭირდებოდა კანზე მკურნალობა

სააკაშვილმა ამ სხდომაზე ასევე ილაპარაკა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, ერთ-ერთ სპა რეზორტზე გამართულ შეხვედრაზეც, რომელიც ასევე საბიუჯეტო თანხებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა მისი მიზანი, ექსპრეზიდენტის თანახმად, დიპლომატიური მოლაპარაკება იყო მეზობელი ქვეყნის ლიდერთან.

„ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის დელეგაცია იყო ძალიან მაღალი დონის ჩამოსული და არა გასართობად ვიყავით წასული, ისევე, როგორც ჩვენი ძირითადი შეთანხმება 2008 წელს, როცა ილჰამ ალიევს შევხვდი მერანოში სწორედ. გასახდომ პროცედურებზე კი არ ვიყავი წასული, წამიყვანა ილჰამმა და ილჰამმა რა გაგვიკეთა ომის დროს, ამას როდესმე შემდგომში მოვყვები. ერთი წამით რომ არ გაჩერებულა არც ჩვენი ნავთობმოხმარება, არც გაზის მომარაგება, არც ჩვენი ეროვნული ბანკის მომარაგება და ა.შ. დიახ, შევხვდი სპა რეზორტ მერანოში ილჰამ ალიევს.

დიახ, ეს ცოდვა ჩავიდინე და დიახ, ამაზე უნდა მომისაჯონ თურმე 11 წელი. სპა რეზორტში ვიყავი, პროცედურებსაც ვიტარებდი. სამაგიეროდ, საქართველოს არ ჩაუკეტეს საზღვარი და სამაგიეროდ, საქართველოს შეუნარჩუნეს გაზის ფასი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღესვე, საქართველოს პროკურატურაში სააკაშვილის საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც თქვა, რომ "მსგავს ტყუილს მოვისმენთ ძალიან ბევრს" და დოკუმენტაციაში, რომელიც ტაილანდში პრეზიდენტის ვიზიტის ხარჯებს აღწერს, არ ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ პოლიტიკურ ლიდერებთან მართავდა შეხვედრებს. პროკურორ გიორგი მუჯირის თქმით, საქმეში არსებობს "49 ბაინდერად წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც პირდაპირ ასახავს მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვისთვის კომფორტის შექმნის ხარჯებს." პროკურორის თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სააკაშვილმა "აღიარებითი ჩვენება" მისცა, რომ ნამდვილად მისი გადაწყვეტილებით იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები მისი და მისი ოჯახის წევრებისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 2 დეკემბერს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით განახლდა მის წინააღმდეგ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმის განხილვა.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის დეპუტატი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი: სანდრას რატომ არ ასამართლებთ?