ევროკავშირი მოსამართლეთა დანიშვნაზე: ეს ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს

ევროკავშირის საგარეო სამსახური საგანგებო განცხადებით ეხმიანება საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს. განცხადების თანახმად, 1 დეკემბერს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების პირობას და ასევე ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობის მიმართ საფრთხეს.

"ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ დანიშნა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე. ამგვარი დანიშვნები, რომლებიც ხორციელდება მანამ, სანამ ყურადღება მიექცევა ნომინაციის პროცესში არსებულ ხარვეზებს, არ პასუხობს ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

ეს ბოლო დანიშვნები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ლიდერების მიერ წელს, 19 აპრილის შეთანხმებით დადებულ და 28 ივლისს გამეორებულ პირობასთან ამბიციური სასამართლოს რეფორმის გატარების შესახებ. ეს მოიცავდა უზენაეს სასამართლოში ნომინირების პროცესზე მუშაობას, მანამ, სანამ მოსამართლეები დაინიშნებოდნენ. ეს ნაბიჯები ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის ძირის კიდევ უფრო მეტად გამოთხრის საფრთხეს.

ასევე ნახეთ პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერით უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდა კიდევ 4 მოსამართლე

ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, ფართო, ინკლუზიური და პარტიებსშორისი რეფორმის პროცესით. ევროკავშირი გამოდის შეხსენებით, რომ ის სრულად ერთგული რჩება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისა, თუმცა საქართველოს მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის პირობა პროგრესია მნიშვნელოვანი რეფორმების, მათ შორის სასამართლოს რეფორმის პროცესში".

საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით 1 დეკემბერს მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხივე კანდიდატს. გადაწყვეტილების შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ გახდნენ: გენადი მაკარიძე, თამარ ოქროპირიძე, ნინო სანდოძე და თეა ძიმისტარაშვილი.

უფრო ადრე, 2021 წლის 12 ივლისს, პარლამენტის უმრავლესობის მხარდაჭერის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს წევრი უვადოდ გახდა კიდევ 6 მოსამართლე. ეუთომ ეს შეაფასა პროცესად, რომელსაც "აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა".

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო განცხადებას აქვეყნებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შესახებ

უზენაეს სასამართლოში კიდევ 4 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის განზრახვას ისევ მოჰყვა როგორც ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის, ისე ევროკავშირის და აშშ-ის კრიტიკა, თუმცა, მიუხედავად ამისა, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ პროცესი არ შეაჩერა.