ევროპის კომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის დადგა დრო, განიხილონ კორონავირუსის წინააღმდეგ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ზომები აუცილებელია კორონავირუსის ახალი, ბევრად უფრო გადამდები ვარიანტის, „ომიკრონის“, გამოჩენისა და აუცრელ მოქალაქეთა შორის ინფიცირების მაჩვენებელთა ზრდის გამო.
ევროკომისია, სხვათა შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, ევროკავშირის შიგნით ჯერჯერობით მოერიდონ „უწესრიგო“ ზომებს, მაგალითად, მოგზაურობის შეზღუდვას. გასულ კვირაში მიღწეულ იქნა შეთანხმება, კოორდინირებულად შეწყდეს სამგზავრო რეისები აფრიკის ზოგიერთი ქვეყნიდან, სადაც პირველად გამოჩნდა „ომიკრონი“.
ეს შტამი პირველად ნოემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს, ვინაიდან ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე წინა ვარიანტები და დიდი რაოდენობით მუტაციას შეიცავს. მაგრამ ჯერჯერობით ლაპარაკია წინასწარ დასკვნებზე.
მინიმუმ 23-მ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის რამდენიმე წევრში, გამოვლინდა „ომიკრონით“ ინფიცირების 200-ზე მეტი შემთხვევა.