რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი „აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან დიალოგით“ შეეცდება მიაღწიოს „კონკრეტულ შეთანხმებებს, რომლებიც გამორიცხავს ნატოს ნებისმიერ შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით“, ასევე უშუალოდ რუსეთის ტერიტორიასთან იარაღის ისეთი სისტემების განთავსებას, რომლებიც მოსკოვში მუქარის შემცველად მიაჩნიათ.
1 დეკემბერს 20 ქვეყნის - მათ შორის ნატოს წევრი სლოვაკეთის, ესპანეთისა და იტალიის - ელჩებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე გამოსვლისას პუტინმა გაიმეორა რამდენიმე დღის წინ გამოთქმული მოსაზრება იმის აუცილებლობაზე, რომ დასავლეთმა რუსეთს გარკვეული „უსაფრთხოების გარანტიები“ უნდა მისცეს. ამასთან, პუტინმა ახსენა, რომ ზოგიერთი ქვეყანა „დაძაბულობას ამძაფრებს“ რუსეთის საზღვრებთან.
პუტინის თქმით, რუსეთისთვის აუცილებელია „სწორედ სამართლებრივი, იურიდიული გარანტები“, ვინაიდან, როგორც მან თქვა, „დასავლელმა კოლეგებმა არ შეასრულეს ზეპირად ნაკისრი ვალდებულებები“, მათ შორის იმის თაობაზე, რომ ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთით.
ადრე პუტინი არაერთხელ შეეხო ამ საკითხს. ის აცხადებს, რომ ასეთი ზეპირი გარანტიები დასავლეთმა მისცა საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტ მიხაილ გორბაჩოვს. ნატოს წარმომადგენლები უარყოფენ, რომ რაიმე მსგავს გარანტიებზე ყოფილიყოს ლაპარაკი. რუსეთსა და ნატოს შორის არსებული შეთანხმებების მიხედვით, მოსკოვს არა აქვს უფლება, ვეტო დაადოს ჩრდილოატლანტიკურ კავშირში სხვა ქვეყნების შესვლას; თავის მხრივ, ნატომ იკისრა რამდენიმე ვალდებულება, მათ შორის - ბირთვული იარაღი არ განათავსოს ნატოს ახალი წევრების ტერიტორიებზე.