კორეა მოდაშია და მისი პოპულარობა ჯერ კიდევ არ არის პიკში. მოვლენამ, რომელსაც მსოფლიომ კორეული ტალღა შეარქვა, ბოლო წლებში საქართველოსაც გადაუარა.
50-მილიონიანი სახელმწიფო, რომელსაც საზღვარი მხოლოდ ზღვასთან და ტოტალიტარულ ჩრდილოეთ კორეასთან აქვს, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, მათი გატაცების მთავარი მიზეზი კორეული კულტურა - ძირითადად მუსიკა და სერიალებია.
„ჯერ ერთ კორეულ დრამას ვუყურე, მერე მეორეს, მესამეს... ასე შევედი კორეულ სამყაროში და ვეღარ გამოვდივარ“, - ამბობს თეკლა მგელაძე, რომლიც კორეულს ჯერ საქართველოში სწავლობდა, შემდეგ კი კორეაში გააგრძელა, - „პირველად რომ ჩავედი კორეაში, ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე კორეულმა საჭმელმა, სრულიად განსხვავდება ქართულისგან. ძალიან კარგი სამზარეულო აქვთ, განსაკუთრებით იმას მოეწონება, ვისაც ცხარე კერძები უყვარს. კორეაში შენთვის ხარ, თავისუფლად, თან ძალიან დაცული, 24-საათიანი ქვეყანაა და ღამითაც შეგიძლია ქუჩებში უსაფრთხოდ იარო. სტუდენტების აქაურ რეჟიმს საქართველოსას ვერც შევადარებ. ძალიან ბევრს მეცადინეობენ, ამის გამო ბევრ ჩემს კორეელ მეგობარს ჰქონდა დეპრესია“.
კორეული ენის სპეციალისტი თამთა აბულაძე, რომელსაც ასევე აქვს კორეაში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება, ამბობს, რომ საქართველოში სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება კორეულის შესწავლის სურვილი. კორეული ენა არც იაპონურს ჰგავს და არც ჩინურს. უნიკალურია დამწერლობაც - 40-ასობგერიანი ანბანი ჰანგილი.
„სიტყვები მარცვლებად, ხმოვნისა და თანხმოვნის ნაერთად იყოფა. თითოეული მარცვალი შეიძლება შედგებოდეს 2, 3 ან 4 ასობგერისგან. ასევე ფუძეში შეიძლება გვქონდეს 1 ან 2 თანხმოვანი. იწერება ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ. წინადადების სტრუქტურა ქართულისგან საკმაოდ განსხვავებულია, შემასმენელი აუცილებლად ბოლოში უნდა იყოს, წინ ვერ გადმოიტან. არა აქვთ ისეთი ქართული ასობგერები, როგორიცაა ყ, ზ, წ... ანბანი მართლაც არ არის რთული შესასწავლი, განსაკუთრებით პირველი ორი დონე, მისი დაძლევა ორ სემესტრში შეიძლება“, - ამბობს თამთა აბულაძე, ის კორეულს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის.
მიზეზი, რომლის გამოც ეს საკმაოდ ეგზოტიკური ენა და ანბანი მსოფლიოსთვის საინტერესო გახდა, კორეული კულტურაა, რომლის აღმასვლა 90-იანი წლებიდან იწყება. კორეულმა კულტურამ ჯერ მეზობელი ქვეყნები დაიპყრო, ბოლო წლებში კი მსოფლიო მოიცვა. ამას კორეის მთავრობის ძალისხმევამ და დახარჯულმა ფულმაც შეუწყო ხელი. შედეგად, კორეული რომანტიკული სერიალები და პოპი ძალიან ცნობილი გახდა, მით უფრო სიმღერის - Gangnam Style-ის გამოსვლის შემდეგ.
„ამ კორეულმა ტალღამ ძალიან დიდი პოპულარიზაცია გაუწია კორეულ კულტურას. სერიალებს ჩვენთან უფრო გოგოები უყურებენ, გაგიჟებულები არიან მსახიობებზე, მოსწონთ მათი ჩაცმულობა, რომანტიზმი. კორეული ენის სასწავლებლად ძირითადად სწორედ ამ სერიალების გამო მოდიან“, - ამბობს ნანა მიქაბერიძე, კორეული ენის ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში.
კორეული საზოგადოება გარკვეულწილად საკუთარ თავშია ჩაკეტილი, მაგალითად, კორეაში ყველაზე პოპულარული მუსიკალური მიმდინარეობა კეი-პოპია, რომელიც განსაკუთრებული ქორეოგრაფიით და კლიპის მაღალი ვიზუალური ხარისხით გამოირჩევა. მიუხედავად მსოფლიო ცნობადობისა, სიმღერები კორეულ ენაზე სრულდება. მიზეზი, რის გამოც ბევრმა ახალგაზრდამ კორეული ენის შესწავლა გადაწყვიტა, სწორედ ეს არის. სხვანაირად ისინი უბრალოდ ვერ გაიგებენ, რას მღერიან მათი კერპები.
„სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტები მოდიან. პირველი კატეგორია არის კორეული პოპის მოყვარულები, რომლებსაც სურთ, გაიგონ მათი საყვარელი სიმღერები, მომღერლების ინტერვიუები წაიკითხონ.
მეორე კატეგორიას რაც შეეხება, მათ კორეაში სწავლა უნდათ. კორეაში განათლების სისტემა ძალიან მაღალ დონეზეა, უამრავი გაცვლითი პროგრამა და გრანტი აქვთ. ეს პროგრამები ძირითადად კორეის საელჩოს საიტზე დევს ხოლმე. ადრე უფრო გოგოები მოდიოდნენ სასწავლებლად, ახლა უკვე ბიჭებიც წამოვიდნენ. თითოეულ ჯგუფში ორი-სამი ბიჭი მაინც ზის“, - ამბობს თამთა აბულაძე.
რა არის განსაკუთრებული კორეულ კინემატოგრაფში, რომლის გამოც ახალგაზრდები კორეას აწყდებიან ან იქ ჩასვლაზე ოცნებობენ? როგორც ყველა სერიალში, აქაც აუცილებლად ვიღაცას ემართება ამნეზია, ვიღაც დაკარგულ შვილს პოულობს, ვიღაც, ვინც გარდაცვლილი ეგონათ, უცებ ცოცხალი მოდის... ეს ყველაფერი ჟანრის კანონია და ბანალურობას ვერ სცდება, მაგრამ არის კორეული თავისებურებებიც, რაც ამ ფილმებს ეგზოტიკურობას სძენს.
კორეა კონსერვატიული ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებით მთელ მსოფლიოს ამარაგებს, რიგი ტრადიციები აქ ისევ ძალაში რჩება. მოხუცების პატივისცემა, და ზოგადად ყველასი, ვინც თუნდაც ერთი წლით მაინც არის უფროსი; მშობლების აზრის გათვალისწინება, განსაკუთრებით ოჯახის შექმნისას; სუფრაზე უფროსის პატივისცემა - ეს დღესაც კორეელების ყოველდღიური ყოფაა.
„სამხრეთ კორეას დილის სიმშვიდის ქვეყანას უწოდებენ. აქ ტრადიციები და თანამედროვე ცივილიზაცია ერთმანეთს არის შერწყმული. იმდენად დალაგებული და დაგეგმილია ყველაფერი, რომც მოგინდეს, ვერ ჩამორჩები. ალბათ ერთი საუკუნით მაინც გვისწრებენ წინ“, - ამბობს ნანა მიქაბერიძე.
კორეაში სპეციფიკურია სილამაზის სტანდარტები - პატარა სახე, დიდი თვალები და თეთრი კანი. მამაკაცები კოსმეტიკას ისევე იყენებენ, როგორც ქალები. განსაკუთრებულია ჩაცმის სტილიც, მაგალითად, გოგოებს შეიძლება ძალიან მოკლე კაბა ეცვათ, მაგრამ მხრების გამოჩენა მაინც უხამსობად ითვლება.
ზოგადად სექსუალობა კორეაში არცთუ ისე ღია თემაა. კორეულ სერიალში წყვილი მხოლოდ მეოთხე სერიაში თუ ხვდება, რომ ერთმანეთი უყვართ, მეხუთე-მეექვსეში - შეიძლება სეულის ქუჩებში ხელიხელჩაკიდებულებმა გაიარონ, კოცნაზე დაახლოებთ მე-12 სერიაში გადადიან. რაც შეეხება უფრო გულწრფელ სცენებს, წყვილი ადრე თუ გვიან ლოგინში კი წვება, მაგრამ აუცილებლად ჩაცმული და ხშირად პალტოიანად. კორეულ სერიალებში სექსულური სცენები თითქმის არ არის, ამის კომპენსაცია რომანტიზმით ხდება. ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ კორეული სერიალები განსაკუთრებით ახლაგაზრდებს უყვართ.
„აზიაში ამ სერიალებს ქალებიც უყურებენ და კაცებიც, მაგრამ საქართველოში - უფრო გოგოები. ისეთი სცენარებია, რომელიც გოგოების გულს უფრო იზიდავს“, - ამბობს ნანა მიქაბერიძე.
თუმცა არსებობს სხვანაირი კინოც. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია კორეულმა ფილმმა „პარაზიტი“, რომელმაც 2020 წელს ოსკარი აიღო, და „კალმარის თამაშმა“ - ეს სერიალი კინემატოგრაფიაში ბევრჯერ გამოყენებული სიუჟეტის კორეული ვარიანტია.
კორეული ცხოვრების წესი
„მოდას აყოლილი ხალხია. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ, რას ჩაიცვამენ, თუმცა სხვას რა აცვია, არ აინტერესებთ. უცხოელებთან ურთიერთობა უჭირთ. რაც არ უნდა კარგად ლაპარაკობდე კორეულად, მაინც უცხო ხარ. მაგრამ თუ გაიხსნენ, მერე ძალიან პირად საკითხებზეც კი შეუძლიათ შენთან იხუმრონ. კონფლიქტი არ უყვართ. თუ რამე, ეგრევე პოლიციაში რეკავენ, მათთვის სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ და სახელი თუ გაუფუჭდათ, მთელი ბიზნესი წყალში ჩაეყრებათ. ამის გამო კორეაში სუიციდის შემთხვევები ძალიან ხშირია“, - ჰყვება თეკლა მგელაძე.
„პალი-პალი“ ანუ „ჩქარა-ჩქარა“ - ეს კორეული ტერმინი და ცხოვრების წესია, ერთ-ერთ მიზეზი, რის გამოც კორეა დღეს განვითარებულ ქვეყნად მიიჩნევა. კორეელები ძალიან ბევრს სწავლობენ და კიდევ უფრო მეტს შრომობენ. სულ გადარბენაზე არიან. ძალიან უფრთხილდებიან იმიჯს და არასდროს გაუშვებენ შანსს ხელიდან, კორეა სხვებსაც გააცნონ.
„კორეაში იმასაც კი გაუსვამენ ხაზს, რომ მათთან ოთხი სეზონია. ქართველებს ეს არ გვიკვირს, მაგრამ შრი-ლანკიდან თუა ჩასული ვინმე, მისთვის შეიძლება უცხო იყოს. არის კულტურული მსგავსება ქართველებთან, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩვენ მაინც ბევრად ლაღები ვართ“, - ამბობს თამთა აბულაძე, კორეელების წარმატების საიდუმლოს ის სამი რამით ხსნის: ბევრს მუშაობენ, აქვთ კარგი განათლების სისტემა და ძალიან, მართლა განსაკუთრებულად უყვართ თავიანთი ქვეყანა.