კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" ამოსაცნობად საქართველო სფეციფიკურ PCR ტესტებს მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის, განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის", ამოსაცნობად ქვეყანას სპეციფიკური PCR ტესტები მიეწოდება. გამყრელიძის თქმით, 2 ან 3 დეკემბერს ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომლებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ექნებათ კონსულტაციები.

"ჩვენთან უკვე შემუშავდა პროტოკოლი, თუ როგორ შეიძლება ეჭვის მიტანა "ომიკრონზე". აღნიშნული გადაეგზავნა ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას, ასევე ყველა ლაბორატორიას, ვინც აწარმოებს PCR დიაგნოსტიკას. ასევე, ჩვენი წინადადებაა, რომ შერჩევითად გარკვეული ნიმუშები გამოიგზავნოს ლუგარის ლაბორატორიაში, რათა ჩატარდეს ძვირადღირებული სეკვენირება, რომლითაც საბოლოოდ დადასტურდება ახალი შტამი. ახალ შტამს სპაიკცილაში 50-ზე მეტი მუტაცია აქვს, აქ არის სპეციფიური მუტაციები, რომელსაც ჩვენ სეკვენირებით ვადასტურებთ.

ქვეყანაში არსებობს პირველი წინასწარი პროტოკოლი, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი ახალ შტამზე და რა უნდა გავაკეთოთ. ალბათ, სპეციფიური PCR მალე მოგვეწოდება პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ჩვენც ვაკეთებთ სეკვენირებას, რომელიც ყველაზე ზუსტია", - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ასევე ნახეთ Moderna-ს დირექტორი ეჭვს გამოთქვამს არსებულ ვაქცინათა ეფექტიანობაზე შტამ "ომიკრონის" მიმართ

"ომიკრონის" შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) პირველად 24 ნოემბერს შეატყობინა სამხრეთ აფრიკამ.

28 ნოემბრიდან, კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“, გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საზღვრის კვეთისას რეგულაციები დაუწესდათ 8 ქვეყნის მოქალაქეებს.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, „ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

🔴სამხრეთ აფრიკა
🔴ბოცვანა
🔴ზიმბაბვე
🔴ნამიბია
🔴ლესოტო
🔴ესვატინი (სვაზილენდი)
🔴მოზამბიკი
🔴მალავი

ასევე ნახეთ ბაიდენი: შტამი "ომიკრონი" ქმნის საფუძველს შეშფოთებისთვის, მაგრამ არა პანიკისთვის