Moderna-ს დირექტორი ეჭვს გამოთქვამს არსებულ ვაქცინათა ეფექტიანობაზე შტამ "ომიკრონის" მიმართ

აშშ-ის ფარმაცევტული კომპანიის, Moderna-ს, აღმასრულებელი დირექტორი გამოვიდა პროგნოზით, რომ არსებული ვაქცინები კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის", მიმართ შესაძლოა ისეთი ეფექტიანი არ იყოს, როგორიც აქამდე არსებული ვარიანტების მიმართ იყო - რითიც მან განგაშის ახალი ტალღა გამოიწვია გლობალური ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივაზე, იმ ფონზე, როცა ახალ საფრთხეს მთავრობები საზღვრების ჩაკეტვით და განახლებული შეზღუდვებით პასუხობენ.

Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 30 ნოემბერს გამოქვეყნდა, სტეფან ბანსელი ამბობს, რომ ახალ ვარიანტში არსებული მუტაციების რაოდენობა და მისი გავრცელების მაღალი უნარი არსებული ვაქცინების მოდიფიცირების საჭიროებაზე მიუთითებს, რაც მომავალ წელს მოხდება. "ვფიქრობ, [ეფექტიანობა] არ იქნება იგივე დონეზე ... რომელიც დელტასთან მიმართებით გვქონდა", - თქვა ბანსელმა და დასძინა: "ჩემი აზრით, იქნება ხელშესახები ვარდნა. უბრალოდ არ ვიცი რა ხარისხით, რადგან კვლავაც მონაცემებს ველოდებით. მაგრამ ყველა მეცნიერი, ვისაც ვესაუბრე, ... ამბობს "სიტუაცია კარგს არ გავსო".

ბანსელის სიტყვებმა რყევები გამოიწვია გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე. Moderna და Pfizer/BioNTech-ი უკვე მუშაობენ ვაქცინებზე, რომელთა სამიზნეც კონკრეტულად შტამი "ომიკრონი" და მისი RNA-ის ტექნოლოგიაა, რაც მათ საშუალებას აძლევს სწრაფად შეიმუშაონ ახალი პრეპარატები. მაგრამ ამ პროცესს და ვაქცინების მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცებას, შესაძლოა, რამდენიმე თვე მაინც დასჭირდეს, იმ ფონზე, როცა ბევრ მთავრობას ისედაც სირთულეს უქმნის ვაქცინათა მიმართ მოსახლეობის ეჭვებთან გამკლავება.