საქართველოში კოვიდპასპორტების სისტემა ამოქმედდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 1 დეკემბერს

დღეიდან რიგ დაწესებულებებში შესასვლელად კოვიდპასპორტი დაგჭირდებათ

1 დეკემბრიდან ძალაში შედის მთავრობის გადაწყვეტილება კოვიდპასპორტების სისტემის ამოქმედების შესახებ. ე.წ მწვანე სტატუსი მიენიჭება მათ, ვინც:

  • ორჯერაა აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით;
  • ან ჩატარებული აქვს 72 საათის ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ანტიგენ ტესტი;
  • ან გადატანილი აქვს კოვიდი.

რამდენად ემორჩილებიან კვების ობიექტები, სპორტდარბაზები და გასართობი სივრცეები ახალ რეგულაციას, ამას შრომის ინსპექცია შეამოწმებს. ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განმარტა, რომ დამრღვევთათვის პირველ ეტაპზე სანქციები იქნება, განმეორება კი გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებას.

„პირველ დღეები იქნება სარეკომენდაციო ხასიათის. ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნესსუბიექტებს, ასევე მოქალაქეებს, რომ მათ შეუფერხებლად გადმოწერონ და მიიღონ ის სერვისები, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ აღვასრულებთ იმ მოთხოვნებს, რომლებიც დადგენილებით არის გათვალისწინებული“, - თქვა ფერაძემ.

კოვიდპასპორტების ამოქმედებასთან ერთად გრძელდება კრიტიკა ე.წ. მარადმწვანე სტატუსის შესახებ. საუბარია კოვიდგადატანილ ადამიანებზე, რომლებსაც კოვიდპასპორტი იმ შემთხვევაშიც ეკუთვნით, თუკი ვირუსი ერთი წლის წინ გადაიტანეს და მას მერე არ აცრილან.

29 ნოემბერს ადვოკატებმა ანა არგანაშვილმა და ანა აბაშიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ადვოკატები ითხოვენ, სასამართლომ უახლოეს ორ დღეში დაავალდებულოს მთავრობა, წარმოადგინოს არგუმენტაცია კოვიდგატანილებისთვის „მწვანე პასპორტის“ უვადოდ გაცემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

წაიკითხე მეტი.

კობახიძე საარჩევნო ბარიერის დაწევაზე: ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმირებას გულისხმობს, არ განიხილება და მისი განხილვა დამოკიდებული იქნება "სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე".

მისი თქმით, არც ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით ყოფილა მსჯელობა.

"ის ბარიერი, რომელიც 2024 წლიდან ამოქმედდება, არის სრულად თავსებადი დემოკრატიულ სტანდარტებთან. ეს არის 5%-იანი ბარიერი, 2024 წლიდან ამოქმედდება ყველა შემთხვევაში სრულად პროპორციული სისტემა თავისი 5%-იანი ბარიერით.

რაც შეეხება 2 %-იან ბარიერს, უკეთესია თუ არა ეს 5 %-იანზე, ამაზე არავითარი სიღრმისეული მსჯელობა არ ყოფილა, შეიძლება უარესიც არის. ყველა შემთხვევაში ჩვენ ვხვდებით, რომ ეს არის პატარა საჩუქარი, რომელიც შეიძლება გაუკეთდეს ოპოზიციას. ეს საჩუქარი მათ გაუკეთდებათ თუ არა, ეს ჩვენს კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო კანონის პროექტის ინიცირება, რომელიც მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნების 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს, „შარლ მიშელის შეთანხმებით“ არის გათვალისწინებული. ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით, 7 სექტემბერს მიიღო.

წაიკითხე მეტი.

შარლ მიშელმა უმასპინძლა ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს

ბრიუსელში ასოცირებული ტრიოს ლიდერების შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მასპინძლობით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები: ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირისა და ასოცირებული პარტნიორების ლიდერთა შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღოს, რომელიც ასოცირებულ ქვეყნებში მონაცვლეობით გაიმართება.

შეხვედრისას განიხილეს 15 დეკემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი, რომლის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და მოლოდინების ასახვა.

წაიკითხე მეტი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უყრის კენჭს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1 დეკემბერს კენჭს უყრის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს. სავარაუდოდ ამ კვირაში კანდიდატებს უკვე პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა - ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი, გენადი მაკარიძე და თამარ ოქროპირიძე.

მათი მოსმენა გასულ კვირაში კრიტიკის ფონზე წარიმართა. მოსამართლეობის კანდიდატებთან მიმდინარე გასაუბრების პროცესს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო. დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იმედგაცრუებულია გასაუბრების პროცესის გაგრძელებით სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ.

ბლინკენი აფრთხილებს რუსეთს, რომ „სერიოზული შედეგები“ ექნება მის ნებისმიერ ახალ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ

უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციით დასავლეთის ქვეყნების მზარდი შეშფოთების ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ ნებისმიერი აგრესიის განმეორება უკრაინის წინააღმდეგ „სერიოზულ შედეგებს“ გამოიღებს.

30 ნოემბერს რიგაში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, ბლინკენმა „უჩვეულო“ უწოდა რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრაციას და დასძინა, რომ „აშშ-ში დიდ შეშფოთებას იწვევს ესკალაციისკენ მიმართული რუსეთის ნებისმიერი ქმედება“.

ლატვიის დედაქალაქში ორდღიანი მინისტერიალის დღის წესრიგით განსახილველ საკითხებს შორის იქნება ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება და ნატოს პოტენციალის გაძლიერება ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ.

წაიკითხე მეტი.

51 757 აცრა 200-ლარიანი დანამატის სანაცვლოდ - როგორ მუშაობს მთავრობის წამახალისებელი პროგრამა?

ბოლო ორი კვირაა ამბროლაურის ამცრელ პუნქტში პენსიონერების რაოდენობამ იმატა - მათ აცრა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გაიგეს, რომ მთავრობა პენსიაზე ერთჯერადად 200 ლარს დაუმატებდა, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებოდნენ.

ამბროლაურის საავადმყოფოს დირექტორი, ეკა მურუსიძე რადიო თავისუფლებას უყვება, რომ მომართვიანობა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, დაახლოებით ორჯერ მაინც არის გაზრდილი.

იმ დღეს სოფლიდან ცოლ-ქმარი იყო მოსული, პენსიონერები, აიცრნენ და მართლა უხაროდათ, რომ საახალწლოდ 400 ლარი დაემატათ“, - გვითხრა ეკა მურუსიძემ.

მისი თქმით, მიზნობრივ ჯგუფზე გათვლილმა ამ წამახალისებელმა ღონისძიებამ რაჭაში, რომლის სოფლებშიც ბევრი 60 წელს გადაცილებული ადამიანი ცხოვრობს, იმუშავა და, სულ მცირე, იმის იმედი გააჩინა, რომ ხანდაზმული ადამიანები სტაციონარში ნაკლებად მოხვდებიან ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში.

ბოლო ინფორმაციით, 8 ნოემბრიდან, მთავრობის წამახალისებელი პროგრამის ამოქმედების შემდეგ, რომელიც 60 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისათვის აცრის შემთხვევაში 200-ლარიანი დანამატის მიღებას ითვალისწინებს, ვაქცინაცია ჩაიტარა უკვე 51 757-მა მოქალაქემ.

როგორ მუშაობს მთავრობის წამახალისებელი პროგრამა? წაიკითხე ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

საქართველოში მშობლები, როგორც წესი, ერიდებიან ბავშვების აცრას, რასაც იმითაც ხსნიან, რომ ბავშვის ორგანიზმი ადვილად უმკლავდება კოვიდის ვირუსს. თუმცა არიან ბავშვები, რომლებიც მოუთმენლად ელიან, როდის დართავენ აცრის ნებას. ერთ-ერთი მათ შორის 14 წლის თინა წერეთელია. მან უკვე გადაიტანა კოვიდი და ახლა აცრაც გადაწყვიტა.