შარლ მიშელმა უმასპინძლა ასოცირებული ტრიოს პრემიერ-მინისტრებს

დენის შმიგალი, ირაკლი ღარიბაშვილი, შარლ მიშელი და ნატალია გავრილიცა.

ბრიუსელში ასოცირებული ტრიოს ლიდერების შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მასპინძლობით გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები: ირაკლი ღარიბაშვილი, დენის შმიგალი და ნატალია გავრილიცა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირისა და ასოცირებული პარტნიორების ლიდერთა შეხვედრებმა რეგულარული ხასიათი მიიღოს, რომელიც ასოცირებულ ქვეყნებში მონაცვლეობით გაიმართება.

შეხვედრისას განიხილეს 15 დეკემბერს დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი, რომლის დეკლარაციაში მნიშვნელოვანია ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის პრიორიტეტული საკითხებისა და მოლოდინების ასახვა.

სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ერთობლივი პოზიცია, რომ მნიშვნელოვანია, სამიტმა ახალი შესაძლებლობები გაუხსნას პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან შემდგომი ინტეგრაციის გზაზე, დიფერენციაციისა და მეტი-მეტისთვის პრინციპების საფუძველზე, ასევე ისაუბრეს იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე, რომლებიც სამი ქვეყნისთვის ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მნიშვნელოვანია.

ღარიბაშვილმა ილაპარაკა მთავრობის გეგმაზე, რომელიც გულისხმობს 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ევროპული არჩევანი, ისევე, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

შეხვედრას „ტვიტერზე" გამოეხმაურა შარლ მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ რეფორმები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა ევროკავშირისა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების თანამშრომლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს.

„ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველაზე საიმედო პარტნიორია", - წერს შარლ მიშელი.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრები ასევე შეხვდნენ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს. მან „ტვიტერზე" დაწერა, რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებმა და ევროკავშირმა შეთანხმებათა სრული პოტენციალი უნდა გამოიყენონ და თანამშრომლობა ყველა მიმართულებით უნდა გააძლიერონ.