WHO: ომიკრონი ქმნის ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის "ძალიან მაღალ" საფრთხეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 29 ნოემბერს გამოვიდა გაფრთხილებით, რომ კორონავირუსის ახალი შტამი, ომიკრონი, ქმნის ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის ძალიან მაღალ საფრთხეს და რომ ამ პოტენციურ ზრდას შესაძლოა "მძიმე შედეგები" მოჰყვეს.

გაეროს ჯანდაცვის სააგენტოს ეს შეფასება ყველაზე მკაცრია, რაც კი ამ უწყებას გამოუთქვამს კორონავირუსის ახალ ვარიანტზე, რომელიც პირველად მკვლევრებმა სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. WHO-ის თქმით, წინასწარი მონაცემები მიანიშნებს, რომ შტამის უპრეცედენტოდ მაღალმა მუტაციის მაჩვენებელმა შესაძლოა მას საშუალება მისცეს, თავი აარიდოს იმუნური სისტემის რეაქციას და ასევე გააძლიეროს მისი გადამდებობის ხარისხი.

ახალ ვარიანტთან დაკავშირებული სიკვდილის შესახებ ჯერჯერობით ცნობები არ არის, თუმცა ომიკრონი სწრაფად ვრცელდება, რის გამოც ქვეყნებს სასაზღვრო შეზღუდვები შემოაქვთ. ჯანდაცვის ექსპერტთა ნაწილი ამბობს, რომ ამგვარი შეზღუდვებით საზოგადოება დროს მოიგებს ახალი ვარიანტის შესწავლისთვის და ვაქცინაციის პროგრამების ინტენსიფიკაციისთვის.

სამხრეთ აფრიკაში ინფიცირების მაჩვენებელი მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, დღე-ღამეში 10,000 შემთხვევას გადააჭარბებს, მაშინ, როცა ერთი კვირის წინ ეს მონაცემი 300-ს უტოლდებოდა. ექიმების თქმით, პაციენტებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, თუმცა ახალი შემთხვევების უმრავლესობა მოდის 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდებზე, რომლებშიც COVID-19 ისედაც უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე უფრო ასაკოვან პაციენტებში.