ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ უსაფრთხო და ღირსეული საცხოვრებლის მოსაპოვებლად

ზუგდიდში, ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ეზოში, პოლიეთილენის პარკებით და ძველი ფიცრებით შეკრულ ფარდულში შიმშილობს აფხაზეთიდან დევნილი 4 მოქალაქე. ერთ-ერთ მათგანს, 63 წლის ქეთევან ინალიშვილს პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. ოთხივე მოშიმშილე ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობს და იქ არსებული მძიმე პირობების გამო, სახელმწიფოსგან ახალი ბინით დაკმაყოფილებას მოითხოვს.

გალიდან დევნილი ქეთევან ინალიშვილის შვილი, ელმირა ინალიშვილი შიშობს, რომ რამდენიმე დღეში მოშიმშილეების მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდება: „შენობაში საშინელი საპირფარეშოა, საშინელი ონკანები და აქ ცხოვრება გაუსაძლისია. ჯერჯერობით მთავრობისგან არანაირი რეაგირება არ არის. მეთერთმეტე დღეა შიშილობენ და უკვე ვერ დგებიან, ვერ საუბრობენ“.

„არ ავდგებით, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება“, "სახალხო დამცველო დაინტერესდი, ჩვენც დევნილები ამ ქვეყნის შვილები ვართ", „აფხაზეთის უზენაეს საბჭოს ვთხოვთ, ამოიღოთ ხმა და დადგეთ მართალი დევნილების გვერდით“, „ბატონო პრემიერო, გთხოვთ გამოყოთ კომისია და შეისწავლოს ჩვენი გაუსაძლისი მდგომარეობა“, - ამ შინაარსის პლაკატები აქვთ გამოკრული მოშიმშილე დევნილებს, რომლებიც ამბობენ, რომ შენობას, სადაც წლებია ცხოვრობენ, ექსპერტიზის დასკვნით, ნგრევადის სტატუსი აქვს და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.

დევნილების ინფორმაციით, შენობაში არ არსებობს ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვის პირობა, რაც განსაკუთრებით აუცილებელია ეპიდემიის დროს. შენობის საერთო საპირფარეშოებში მოუწესრიგებელი წყლის სისტემის გამო ანტისანიტარიაა. წვიმის დროს შენობაში წყალი ჩადის.

რამდენიმე დღის წინ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადასცა 600 ოჯახს. მათ შორის ვერ მოხვდა დღემდე უმძიმეს პირობებში მცხოვრები ათეულობით ოჯახი.

მათ, ვისაც უსამართლობის განცდა ჰქონდა, შეეძლო დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიისთვის მიემართა. ასე მოიქცა ერთ-ერთი მოშიმშილე, ჯემალ ბაძაღუა. მას შემდეგ, რაც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ, ბინის მიმღებთა სიაში საკუთარი გვარი ვერ იპოვა, კომისიას მიმართა, თუმცა, გასაუბრებითაც უკმაყოფილო დარჩა. უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ბინები მიიღეს მესამე-მეოთხე კატეგორიის ნგრევადი ობიექტების მცხოვრებლებმა და მათ, ვისაც მძიმე სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. ჯემალ ბაძაღუას თქმით, ახალ ბინას დაჰპირდნენ სახლში, რომელიც სახელმწიფომ 3 წელიწადში უნდა ააშენოს.

„მესამე-მეოთხე ხარისხის ნგრევადი უნდა ყოფილიყოო და მაშინ მიიღებდითო. თქვენი არისო მეორე. არადა, ჩვენ რომ ვნახეთ და მოვიძიეთ საბუთები, არის მესამე ხარისხის. ბინა სამი წელი არ იქნებაო და სამი წელი ჩვენ ვიქნებით?!“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ჯემალ ბაძაღუამ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ თითოეული ოჯახის საკითხი ღიად და გამჭვირვალედ, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილა. სააგენტოსგან წერილობით მიღებული პასუხის თანახმად, „ზუგდიდში, გასაჩივრების კომისია რამდენიმე დღის განმავლობაში მუშაობდა. კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდნენ ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელთაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნდათ. კომისიამ იხელმძღვანელა არსებული კანონმდებლობით, თითოეულ დევნილ ოჯახს განემარტა, თუ რატომ ვერ მოხდა ამ ეტაპზე მათი ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება და შესაბამისად, მათთვის ეს მიზეზები ცნობილია“.

მოშიმშილე დევნილები აქციის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.