სააკაშვილი: რომ არა ლომჯარიას გამბედაობა, მე დღეს აქ ცოცხალი არ ვიდგებოდი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და ამბობს, რომ მისმა გამბედაობამ იხსნა როგორც სააკაშვილის, ისე სხვა ადამიანების სიცოცხლე.

მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას და მის მხარდამჭერებს:

„რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა და მისი კონსილიუმის წევრების პრინციპულობა, მე დღეს აქ თქვენს წინაშე, ცოცხალი არ ვიდგებოდი, რადგან მან, პრაქტიკულად, ცენტრ „ემპათიასთან“ ერთად და რაც მთავარია, ქუჩაში გამოსულ უამრავ ადამიანთან ერთად, გადაარჩინა არა მხოლოდ ჩემი სიცოცხლე, არამედ ელენე ხოშტარიას და უამრავი სხვა მოშიმშილის სიცოცხლე. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ნიკა მელიასი, რომელიც არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც ეწყობოდა ჩემს გლდანში ყოფნასთან დაკავშირებით. ეს უნდოდა პროვოკაციის მომწყობთ, რომ, ერთი მხრივ, მე მოვეკალი და მეორე მხრივ, გაენეიტრალებინათ ყველაფერი და ძალიან დიდი მადლობა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც თავშეკავებით, მაგრამ ძალიან დიდ ბრძოლისუნარიანობას აჩვენებს“.

16 ნოემბერს სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით, მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 17 ნოემბერს შეაფასეს და განაცხადეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ახლოს არის დამძიმებასთან. ექსპერტების დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელებულიყო პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ასეთი პირობები მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ არსებობდა.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაკავების, ანუ 1 ოქტომბრის შემდეგ, 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა. მან შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანის გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომები მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე - 2007 წლის 7 ნოემბრის, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი, რომელსაც 1 ოქტომბრიდან შიმშილობა ჰქონდა გამოცხადებული, სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.