სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე პოლიციამ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა

პოლიციამ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის იყო შეხლა-შემოხლა. ამ დროს რამდენიმე ადამიანის თქმით, მათ წინააღმდეგ გამოიყენეს სპრეი, რომელიც, თვალში მოხვედრის შემთხვევაში, იწვევს ძლიერ წვას რამდენიმე წუთის განმავლობაში. ასეთი ეფექტი დამახასიათებელია წიწაკის სპრეისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება და სასამართლოსთან შეკრებილ მოქალაქეებს მოუწოდა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს:

„ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები, რათა აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და უზრუნველყონ, რომ სასამართლო პროცესმა, ასევე, განსასჯელის - მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებამ ჩაიაროს უსაფრთხოების ზომების სრული დაცვით“.

შსს-ში აცხადებენ, რომ კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მყისიერი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

29 ნოემბრის დილიდან, რამდენიმე ასეული ადამიანი შეკრებილია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გრძელდება 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად ესწრება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.