როგორ დაკარგა საქართველომ 5 წელიწადში 43 ათასი ჰექტარი ტყე 

2016-2021 წლებში საქართველოს ტყეების ფართობი 43 ათასი ჰექტარით შემცირდა. მასშტაბი რომ წარმოვიდგინოთ, ეს დაახლოებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნახევარია. არასამთავრობო სექტორმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სახელმწიფო ტყეს კერძო თუ იურიდიულ პირებს უსასყიდლოდ ჩუქნის, რის შემდეგაც ხშირ შემთხვევაში მესაკუთრეები ტყეს ჩეხენ და ამ ადგილას სახლებს აშენებენ.

საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეა, თუ მას დავამატებთ ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრებს, მივიღებთ სახელმწიფო ქონების დაახლოებით 2/3-ს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა - CENN, ადამიანის უფლებათა ცენტრი და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - წარმოადგინეს კვლევა, რომლის მიხედვითაც კარგად ჩანს, რომ ამ საერთო ქონებას სახელმწიფო სხვადასხვა კერძო პირს ურიგებს.

CENN-ის ხელმძღვანელი ნანა ჯანაშია განმარტავს, რომ 2016 წელს გამარტივდა მიწის რეგისტრაციის წესი. ტყის ფონდის გასხვისება ახლა სამინისტროების გვერდის ავლით, თვითმმართველობის დონეზე ხდება. მუნიციპალიტეტებში შექმნილია აღიარებითი კომისიები, რომლებიც წყვეტენ, ვის მისცენ მიწა და ვის - არა.

შედეგად, 2016 წლიდან დღემდე მთელ საქართველოში ტყის ფონდიდან დაახლოებით 43 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი არის ამორიცხული. სულ გასხვისებულია ტყის 25 ათასი უბანი, აქედან 18 ათასი კერძო პირებზე, დანარჩენი - იურიდიულზე.

შიდა ქართლში ბევრი ნაკვეთია გადაცემული საპატრიარქოსთვის. ბევრი ნაკვეთია გადაცემული კერძო პირებზე, ხშირად ისინი ამ ტერიტორიებს მშენებლობისთვის იყენებენ. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თბილისის მიმდებარე ტერიტორიები, ბულაჩაური, ჭოპორტი, ასევე ბორჯომი, ბაკურიანი, სადაც მიწა ძვირია. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს მიწები უფასოდ გაიცემა, - ამბობს მკვლევარი ვახო ჩიტიშვილი.

პროცედურა ასეთია: პირმა თუ კომპანიამ, რომელსაც მიწის ნაკვეთის დაკანონება სურს, უნდა მოამზადოს საკადასტრო აზომვითი ნახაზი და დაამტკიცოს, რომ ეს ტერიტორია წარსულში ნამდვილად მას ეკუთვნოდა. ამ შემთხვევისთვის, როგორც წესი, მუნიციპალურ არქივებს იყენებენ.

როგორც მეუბნებიან, ძალიან ადვილად ხდება მიწის დამტკიცება, თან ძალიან კარგი, ძვირადღირებული ადგილების. კორუფციაზე საუბარი რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ ამის ეჭვი ჩნდება.

ჩვენ გვინდა, რომ თუ სახელმწიფო ტყის ნაწილს კერძო მესაკუთრეს გადასცემს, ეს მთავრობის დადგენილებით, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით მოხდეს და არა ადგილობრივ დონეზე, გარემოს დაცვის სამინისტროს გარეშე, - ამბობს ნანა ჯანაშია.

გარემოს დამცველები ამბობენ, რომ მთელ ამ პროცესში მთავარი პრობლემა ის არის, რომ ტყის ნაწილის კერძო მესაკუთრეზე გადაცემის შემდეგ, ამ ტერიტორიას ტყის სტატუსი ეხსნება.

„კერძო მესაკუთრეები დაუყოვნებლივ იწყებენ ტყის გაჩეხვას, ბეტონის გალავნებისა და აგარაკების მშენებლობას. ეს ხდება ბულაჩაურში, ბორჯომში... ასევე იურიდიული კომპანიები, რომლებსაც დიდი ფართობები გადაეცათ, იქ სასტუმროებს აშენებენ, - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი.

გარემოს დამცველების მთავარი მოთხოვნა ამ შემთხვევაში სწორედ ის არის, რომ გასხვისებულ ნაკვეთებს ტყის სტატუსი შეუნარჩუნდეს. ამ შემთხვევაში მესაკუთრე მათ გაჩეხას ვეღარ შეძლებს. ისინი ასევე ითხოვენ შეჩერდეს გამარტივებული წესით მიწების გასხვისება.

„თუ არა და, ჩვენ ვკარგავთ არა მარტო ტყეს, არამედ მიწებს, წყალს. ჩვენი ტყეები არ არის სამრეწველო დანიშნულების, ჩვენი ტყეები არის წყალწარმომქმნელი, წყალდაცვითი... და თუ ტყე არ გვექნა, არც წყალი არ გვექნება, - ამბობს ნინო ჩხობაძე, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ხელმძღვანელი.

რამდენად გაიზიარებს გარემოს დამცველების მოთხოვნებს სახელმწიფო, ნათელი არ არის. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავეს.