ოხანაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს საკითხზე აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებთან კონსულტაციები იგეგმება

ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ილაპარაკა აშშ-ის საელჩოს განცხადების შესახებ, რომელიც ეხება, ამავე კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გამართულ გასაუბრების პროცესს.

„ჩვენთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება და განცხადებები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია, ამ შემთხვევაშიც გვექნება კომუნიკაცია, როგორც აშშ-ს საელჩოსთან, ასევე ევროკავშირთანაც. ჩვენ არასდროს არ გავურბივართ რაიმე ტიპის კომუნიკაციას და კონსულტაციას. ამის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი შეფასებები. ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ ჩვენ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე, ხანგრძლივი მოდელი, სადაც საზოგადოება მონიტორინგს უწევს მოსამართლეთა არჩევის პროცესს, სწორედ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მჭიდრო მხარდაჭერით და მასთან თანამშრომლობით განვახორციელეთ. სწორედ ეს რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ასეთ გამჭვირვალობას, იქნა მოწონებული როგორც ევროკავშირის, ასევე აშშ-ის საელჩოს მხრიდან. შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ამას ვაკეთებთ, არაფერს განსხვავებულს და განსაკუთრებულს მაშინ, როდესაც პარლამენტს სრული ლეგიტიმაცია აქვს", - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატი ამბობს, რომ ჯერჯერობით მოსამართლეობის კანდიდატურების კენჭისყრის თარიღი არ გამოცხადებულა და ამ საკითხზე გუნდში კონსულტაცია გაიმართება. გარდა ამისა, კონსულტაციები იგეგმება პარტნიორებთან.

ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში იყო მოწოდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხუთი არამოსამართლე წევრის არჩევის შესახებ. „მოწოდება, რომ აირჩიეთ, სწორია, მაგრამ „ქართული ოცნება“ 83 ხმის ფარგლებში ვერ აირჩევს და უნდა იყოს შემხვედრი პოზიციები. მზად ვართ კონსულტაციისთვის", - თქვა პარლამენტის წევრმა.

ოხანაშვილმა დაამატა, რომ „აშშ-ის საელჩოს არ უთქვამს, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, რომელიმე საერთაშორისო სტანდარტს ეწინააღმდეგება. მათ აქვთ სურვილი, რომ პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად ინკლუზიურად, ოპოზიცია სრულად იყოს ჩართული ამ პროცესში. ოპოზიციამ თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენს პარტნიორებთან კონსულტაციისთვის“.

ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩო განცხადებას აქვეყნებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შესახებ

26 ნოემბერს აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხაადებაში ვკითხულობთ: „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ".

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 26 ნოემბერს დასრულდა.