„დედაჩემი“ („Mia madre“, იტალია, 2015, რეჟისორი ნანი მორეტი)
ნანი მორეტი იმდენად მიყვარს, რომ მის სუსტ ფილმებსაც კი სიამოვნებით ვუყურებ. აგერ წელს, კანში თავისი ახალი სურათით, „სამი სართულით“ ჩავიდა, წარმოუდგენლად სენტიმენტალური „საპნის ოპერით“, რომლის მსგავსს თითქმის ყოველდღე უჩვენებენ ჩვენი ტელეარხები საერთო სახელით „თურქული სერიალი“. იტალიური კინოს ერთ-ერთი ლიდერის სხვა ნამუშევრები თუ არ გინახავს, „სამ სართულზე“ აღშფოთდები, ყოველ შემთხვევაში გაგიკვირდება, იფიქრებ, „რა უნდა ამას კანის ფესტივალის კონკურსში?“, მაგრამ ისიც თუ გახსოვს, რომ ამ კაცს არსებითად არცერთი ფილმი არ გადაუღია „ხუთიანზე“, ყველას აკლია მთლიანობა, დრამატურგიის მწყობრი განვითარება, ყველაში აქვს პაუზები, ჩავარდნები, რომელიც დიდ მაესტროს არ ეკადრება, მაგრამ ყველა ფილმში, აბსოლუტურად ყველა ფილმში არის რამდენიმე სცენა-მარგალიტი... ეგ ეპიზოდები როცა გაგახსენდება (მარტო „პაზოლინის ტური“ რად ღირს „ძვირფას დღიურში“), უკან იხევ და აღიარებ მას, როგორც განუმეორებელ ოსტატს. აი, როგორ ვთქვა, არ ვიცი - ძალიან საყვარელია ამ თავისი გულუბრყვილობით და თანაც, არტისტიზმით! ამისთანა საყვარელი რეჟისორი იტალიას კი არა, თანამედროვე კინოს ბევრი არ ჰყავს.
„დედაჩემი“ არ ითვლება ნანი მორეტის შედევრად (2001 წელს მორეტის „შვილის ოთახი“ კანის ფესტივალის „ოქროს პალმით“ აღინიშნა), მაგრამ ფილმში არის ის, რაც აუცილებლად შეგვეხება, გაგვახსენებს ჩვენს უსუსურობას მაშინ, როცა ყველაზე ახლობელი ადამიანი გვიკვდება. მერე იმას, თუ როგორ ვეჩვევით სიკვდილს, მერე მის არყოფნას და, რაც მთავარია, იმას, თუ როგორ გვენატრება, როცა ეს ადამიანი ჩვენ გვერდით აღარაა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მორეტის, რომელმაც სურათი გარდაცვლილ დედას მიუძღვნა (ამიტომ მთავარი გმირი, კინორეჟისორი მარიანა სწორედაც რომ თავად ნანი მორეტია), სინდისი აწუხებს, რაღაც მოუნელებელ დარდს ატარებს დედის გამო. იტალიელისთვის, სადაც, მოგეხსენებათ, დედის კულტია, ეს დარდი ცხოვრების ნაწილია. ქართველისთვისაც, ცხადია. მით უმეტეს, რომ ყოველდღე კოვიდით იხოცებიან ჩვენი დედები და მამები, ბებიები და ბაბუები. ჩვენ კი გვრჩება დანაშაულის შეგრძნება იმის გამო, რომ ვერ გადავარჩინეთ.
თანაც, მოვლენები ზუსტად ისე ვითარდება ხოლმე, როგორც ნანი მორეტის ფილმშია. სწორედ მაშინ, როდესაც იცი, რომ ახლობელი ადამიანი დღეს თუ არა, ხვალ მაინც სამუდამოდ დაგტოვებს, ყველაფერი ერთად დაგაცხრება თავზე. აქ მარიანას მაინცდამაინც იმ დროს მოუხდება შეყვარებულთან განშორება, მაინცდამაინც იმ დროს გაჭიანურდება მისი ფილმის გადაღება, მაინცდამაინც მაშინ გაურთულდება ურთიერთობა შვილთან...
კანის ფესტივალის პრესკონფერენციაზე ნანი მორეტიმ აღნიშნა, რომ ფილმის იდეა გარდაცვლილი დედის მოწაფეებთან შეხვედრის შემდეგ დაებადა. დედამისი, ისევე როგორც მარიანას მომაკვდავი დედა, ლინგვისტი იყო. მაგრამ სიბერეში - როგორც ხდება ხოლმე - სიტყვების დავიწყება დაიჩივლა. დიაგნოზიც მალე დაუსვეს - „დემენცია“, თუმცა მეხსიერებასთან ერთად გულიც აწუხებდა. სტუდენტებმა უთხრეს, სიტყვების დავიწყება ჩვენც შევამჩნიეთ, მაგრამ ისიც დავინახეთ, როგორ ოსტატურად ანაცვლებდა ერთ სიტყვას მეორეთი ისე, რომ აზრი არ დაკარგულიყოო. სხვა ისტორიებიც უამბეს. აღმოჩნდა, რომ შვილი, უბრალოდ, არ იცნობდა დედას. აიღო და ფილმი მიუძღვნა. უფრო ზუსტად კი, ფილმი მოგვიძღვნა ყველას, ვინც კარგად არ ვიცნობთ ახლობელ ადამიანებს, გვეზარება მათთან კონტაქტი, დრო არ გვაქვს. მერე კი ძალიან ვნანობთ ამას.
მარიანა სოციალურ ფილმს იღებს მუშებზე, რომლებსაც სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებათ მას შემდეგ, რაც მეპატრონემ ქარხანა რომელიღაც დიდ კორპორაციას მიჰყიდა. თავად ნანი მორეტისა არ იყოს, რომელიც ყოველთვის სწორედ სოციალურ, პოლიტიკურად მწვავე კინოს უჭერდა მხარს, „დედაჩემის“ გმირისთვის იმ მომენტში მთავარი იმის გაგებაა, თუ რისთვის იბრძვის ეს ხალხი, რას უქადის მათ უმუშევრობა. მარიანამ ისიც იცის, რომ დღევანდელი იტალია ნეორეალიზმის ეპოქაში აღარ ცხოვრობს (ნეორეალისტების მიმართ ნოსტალგია ნანი მორეტის არაერთ ფილმში გამოჩნდა), ამიტომ ფილმმა მცირე მოგება მაინც რომ მოუტანოს, რომელიმე ვარსკვლავით უნდა „გაამდიდროს“... იწვევენ ჰოლივუდელ მსახიობს (ჯონ ტურტუროს შესრულებით), რომელიც ამტკიცებს, რომ სტენლი კუბრიკთან თანამშრომლობდა. აქ ნანი მორეტის უნდა, რამენაირად იქილიკოს კომერციულ კინოზე, მაგრამ აშკარად არ გამოსდის. მთელი ეს მასკარადი, ტურტუროს ექსცენტრიზმით, სრულიად ამოვარდნილია ფილმიდან. ასეა თუ ისე, საქმეში ჩართულ მარიანას, რომელსაც „მშრომელი ხალხის“ პრობლემები აწუხებს, თითქმის ავიწყდება ყველაზე ახლობელი ადამიანები, ისინი, ვისაც სჭირდებათ მისი დახმარება და ყურადღება... და აქ გამოჩნდება სწორედ ერთი საინტერესო ტენდენცია ნანი მორეტის შემოქმედებაში - მისი შემობრუნება სოციალურ-პოლიტიკური კინოდან საოჯახო დრამისკენ, მემარცხენეობიდან თითქმის კონსერვატიზმისკენ. კინოს მოყვარულებს ახსოვთ, როგორ დაიწყო დიდმა რეჟისორმა, ფილმით „მესა დასრულებულია“, რომლის მთავარი გმირი, თავად ნანი მორეტის შესრულებით, ახალგაზრდა მღვდელი-მარქსისტია. ამის შემდეგ მორეტი იღებს კინოს, რომელიც იტალიელი მემარცხენე რეჟისორების ლიდერად აქცევს - „ძვირფასი დღიურის“ და „აპრილის“ პრემიერის შემდეგ ზოგიერთი კრიტიკოსი მას პიერ-პაოლო პაზოლინის მემკვიდრედაც კი აღიარებდა. თუმცა ნელ-ნელა იკლებს მისი ფილმების პოლიტიკური სიმწვავე და წინა პლანზე გამოდის ოჯახის თემა - „დედაჩემი“ ამ ტენდენციის დასაწყისია. ნანი მორეტი ფაქტობრივად აღიარებს, რომ დაიღალა და იმასაც აღიარებს, რომ ასაკში შევიდა.
ჰოდა, ძალიან საყვარელია სწორედ ამ აღიარების გამო. რეჟისორი, რომელიც იმედია კიდევ დიდხანს გაგვაცინებს და გვატირებს. ერთდროულად ძალიან ბუნებრივი და ძალიან არტისტული - ნანი მორეტი.