უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ნინო სანდოძე უარყოფს სასამართლო სისტემაში ე.წ. „კლანის“ არსებობას, როგორც ამჟამად, ასევე წინა ხელისუფლების დროს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის უვადო მოსამართლემ ასეთი განმარტება გააკეთა 26 ნოემბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე მოსმენის დროს, „მოქალაქეების“ წარმომადგენელი დეპუტატის, ლევან იოსელიანის შეკითხვის საპასუხოდ.
„ასეთი [გავლენიანი] ჯგუფი არ არსებობდა არც წინა ხელისუფლების დროს, არც დღეს არ არსებობს. არ არის შემთხვევა, რომ მივუთითოთ, რომ ვინმემ, რომელიმე მოსამართლის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე განახორციელა [ზეწოლა]“, - განაცხადა ნინო სანდოძემ საკომიტეტო მოსმენაზე.
მოსამართლე მიიჩნევს, რომ საქართველოში შეინიშნება "მიზანმიმართული მოქმედებები", რომლებიც მიმართულია "გრძელვადიანად სასამართლო სისტემის ლეგიტიმაციის შემცირებისკენ".
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი პარლამენტის კომიტეტში კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
პროცესში არ მონაწილეობს საპარლამენტო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი, არ არის ჩართული სახალხო დამცველის აპარატი და არც დიპლომატიური კორპუსი. ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი უნდა „დაპაუზდეს“, სასამართლო რეფორმის შემდგომი ნაბიჯების გადადგმამდე.
საერთაშორისო პარტნიორები, სამოქალაქო სექტორი და სახალხო დამცველი, მათ შორის - სასამართლოს მიმართ სანდოობის თვალსაზრისით, დიდ პრობლემად მიიჩნევენ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელებას, იმ „ამბიციური სასამართლო რეფორმის“ გარეშე, რომელზეც ლაპარაკია ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის უშუალო ძალისხმევით, პოლიტიკურ პარტიებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილ შეთანხმებაში.
ამ შეთანხმებას 28 ივლისს ცალმხრივად გამოეთიშა "ქართული ოცნება".
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გამორჩეულია თავისი ღიაობით.
„ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი, სადაც მონაწილეობას იღებენ, როგორც პარლამენტის წევრები, ასევე სამეცნიერო წრეების, ადვოკატთა ასოციაციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა 25 ნოემბერს, სხვა ორი კანდიდატის - გენადი მაკარიძისა და თამარ ოქროპირიძის მოსმენის შემდეგ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ნინო სანდოძის კანდიდატურა პარლამენტს ბოლოს 2021 წლის 15 ნოემბერს წარუდგინა. სანდოძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად იყო წარდგენილი 2018 წელსაც, პარლამენტისთვის გადაცემული ხმაურიანი, 10-წევრიანი სიის შემადგენლობაში.
ამ სიის წარდგენას მწვავე პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში და პირველ ეტაპზე, უმრავლესობა დატოვეს დეპუტატებმა ეკა ბესელიამ და გედევან ფოფხაძემ. ბესელია ასევე გადადგა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან. 10-კაციანი სიის განხილვის პროცესი ჩავარდა, რასაც რამდენიმეეტაპიანი საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყვა.
საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო საზოგადოება ამ დრომდე თვლიან, რომ პროცესში აუცილებელია საერთაშორისო რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება.