ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომათა დარბაზში ხმაურია. წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს დაამტკიცოს 2022 წლის ბიუჯეტი და საკითხი 26 ნოემბრის სხდომაზე დააყენოს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ახლადარჩეული საკრებულოს წევრების მხრიდან, პროტესტი მოჰყვა.
2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა", ეს მოცემულობა ახლა, 2021 წლის არჩევნებით შეცვლილია. ბათუმის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატია და ოპოზიცია ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ცდილობს დროში მოასწროს ახალი ბიუჯეტის დამტკიცება.
ოპოზიციის წევრები, რომლებიც საკითხის 26 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში შეტანას ეწინააღმდეგებიან, აცხადებენ, რომ ბიუჯეტი ახალმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
"ეს კაცი აღარ იქნება მომავალი წლის საკრებულოში. როგორ უნდა მისცეს ახალი წლის ბიუჯეტს ხმა", - იკითხა მირდატ ქამადაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომელმაც ყურადღების მიპყრობა მაგიდაზე ასვლით სცადა.
საკრებულოში მობილიზებულია პოლიცია. პოლიციელებმა საკრებულოს ახალი წევრები, რომელთა უფლებამოსილებაც ჯერ არ დაწყებულა, სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს.
ბიუროს სხდომათა დარბაზიდან ახლადარჩეული ოპოზიციონერი დეპუტატების გამოძევების შემდეგ, ბიუჯეტის საკითხი 26 ნოემბერს განსახილველად დაამტკიცეს.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ერთპიროვნული უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 16 მანდატი მიიღო "ქართულმა ოცნებამ" და საერთო ჯამში, 19 ოპოზიციამ: "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 15, პარტიამ "საქართველოსთვის" - 3 და "ლელომ" - 1.
მასალა განახლდა ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ.