უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ლიზა იასკომ, გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ, მედიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი ზუსტი მდგომარეობა უცნობია.
იასკომ თქვა, რომ მისი ხედვით, ყველა საჭირო პროცედურა არ ტარდება, რაც, ალბათ, იმითაა გამოწვეული, რომ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ. ამასთან, იასკოს თქმით, ექიმების მხრიდან ყურადღება იგრძნობა, თუმცა, „რბილად რომ ვთქვათ, ის თავს კარგად არ გრძნობს.“
„მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ვგრძნობ, რომ მისთვის ძალიან სტრესული გარემოა, მუდმივად იგრძნობა ციხის შეგრძნება. დღეს იყო შემთხვევა, რომ მას სურდა კოვიდით მძიმედ ავადმყოფი ქალისთვის მხარდამჭერი წერილის გადაცემა, მაგრამ ეს წერილი ჩამოართვეს, ციხის დაცვამ არ მისცა საშუალება. შეხვედრაც რამდენჯერმე შეგვაწყვეტინეს, გვეუბნებოდნენ, რომ - დასრულდა. გასვლის დროა. ამას ვგულისხმობ კონკრეტულად ციხის გარემოში, რაც აქ არის შექმნილი“, - თქვა ლიზა იასკომ.
მისი სიტყვებით, ზოგადად წესები არაერთგვაროვანია და იცვლება სხვადასხვა დროს, რასაც ის ძალიან განიცდის.
ამასთან, ლიზა იასკოს განცხადებით, უცნობია პოსტტრავმატული სინდრომის დიაგნოსტიკის ზუსტი პასუხები. „ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის უსაფრთხოდ იყოს და არ მგონია, ამ პირობებში უსაფრთხოდ იყოს“,- თქვა მან.
კითხვაზე, რომელ ქვეყანაში ისურვებდა მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ წაყვანას, ლიზა იასკომ უპასუხა, უკრაინაში, ვინაიდან სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. პასუხად კითხვაზე, თუ რას ფიქრობს თავად მიხეილ საააკაშვილი ამ თემაზე, ლიზა იასკომ განაცხადა:
„ის ამბობს, რომ საქართველოში სიტუაციის შეცვლაა საჭირო, ის ამას ამბობს და თავის ჯანმრთელობას ყოველთვის არ უთმობს სათანადო ყურადღებას. ამისთვის ვართ ჩვენ, ახლობლები და მისი ადვოკატები, რომ ამაზე ვილაპარკოთ. მას ძალიან უნდა სასამართლოს წინაშე წარდგომა, რათა შეძლოს გამოხატვა და მიეცეს ხალხთან შეხვედრის შესაძლებლობა, ამგვარი კონტაქტის საშუალება და იმედი მაქვს, რომ ეს ასე მოხდება, სხვა შემთხვევაში ეს მისი უფლებების შეზღუდვა იქნება.“
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ერთ-ერთ მიმდინარე საქმეზე, 29 დეკემბერსაა დანიშნული. ფეისბუკ მიმართვაში სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, პროცესის მიმდინარეობისას სასამართლოსთან შეიკრიბონ.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომა მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.
20 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილი: უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მომცენ და დამასწრონ ჩემს პროცესებსსააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.