პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სახელით „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც ის მიმართავს საზოგადოებას. ექსპრეზიდენტი მთავარ აქცენტს აკეთებს სასამართლო პროცესებზე. სააკაშვილს მის საქმეებთან დაკავშირებულ არცერთ სხდომაზე დასწრების საშუალება დღემდე არ ჰქონია.
ყოფილი პრეზიდენტი უნდობლობას უცხადებს საქართველოში მოქმედ სასამართლო სისტემას, მიუხედავად ამისა, ის მოითხოვს პროცესებზე დასწრებას. სააკაშვილს სურს სასამართლოს სხდომების მეშვეობით მიმართოს ქართველ ხალხს.
„უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მომცენ და დამასწრონ ჩემს პროცესებს, სადაც დაველაპარაკები ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს", - ვკითხულობთ ექსპრეზიდენტის წერილში.
მიხეილ სააკაშვილმა „ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, კიდევ ერთხელ გაახსენა შეთავაზება სასამართლოსთან დაკავშირებით.
„ივანიშვილის სასამართლოში ნულოვანია ჩემი შანსი, ვიპოვო სამართალი. ივანიშვილს რომ მართლა სურდეს ჩემი გასამართლება სამართლიანობის აღდგენის მოტივით, იგი დათანხმდებოდა ჩემ მიერ შეთავაზებული მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს შესახებ. კვლავ ვიმეორებ ამ შეთავაზებას და ვაცხადებ, რომ მე, ივანიშვილისგან განსხვავებით, არ მეშინია თავისუფლად და საჯაროდ წარვსდგე სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ქართველი ხალხის თვალწინ დავიცვა ჩემი სიმართლე და გავიმარჯვო", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.
სასამართლო პროცესებზე სააკაშვილის არდაშვების საკითხზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 22 ნოემბერს ილაპარაკა. ის სააკაშვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტას პროცესებზე მისი დასწრების საფუძვლად განიხილავს.
ასევე ნახეთ ბრეგაძის თქმით, შიმშილობის შეწყვეტა იძლევა საფუძველს, სააკაშვილი პროცესებს დარბაზში დაესწროსექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამჯერ გაიმართა სხდომა მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებზე. სამივე შემთხვევაში სააკაშვილი სხდომებზე დასწრების სურვილს გამოთქვამდა, თუმცა, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოში მის მიყვანაზე უარი თქვა და მიზეზად დაასახელა ესკორტირებისას შესაძლო საფრთხე და „დამატებითი რისკი ჯანმრთელობისთვის“.
20 ნოემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
სააკაშვილი დასთანხმდა იუსტიციის მინისტრის წინადადებას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადასვლის შესახებ, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
ასევე ნახეთ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 50 დღე - ქრონოლოგიამისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად იყო შიმშილობა შეეწყვიტა, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანდნენ, იმ დათქმით, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო გორის სამხედრო ჰოსპიტალი.