"პოლიტიკამ გაგვასწრო" - რა ჰყოფს და რა აერთიანებს ოპოზიციას
ოპოზიციური პარტიების ტაქტიკურ გეგმებში განსხვავებები მას შემდეგ უფრო ნათლად გამოჩნდა, რაც შესრულდა დიდი ნაწილის საერთო ამოცანა - ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
განსხვავებები მკაფიოა არჩევნების წინ შექმნილი იმ კოალიციის რიგებშიც, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებასა“ და „დროას“ აერთიანებს. მთავარი წყალგამყოფი, ერთგვარად, ისევ მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება, საერთო კი - ვადამდელ არჩევნებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანაზეა ორიენტირებული. მათი უახლოესი სამოქმედო გეგმა ჯერ უცნობია, თუმცა როგორც პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ ვარდების რევოლუციის 18 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ სტრატეგიას საზოგადოებას კვირის ბოლოს გააცნობს.
მელიამ თქვა, რომ მალე ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. „ყველა პოლიტიკური პატიმარი იქნება გათავისუფლებული, პოლიტიკური მართლმსაჯულება იქნება დასრულებული. ქვეყანა დაუბრუნდება ევროატლანტიკური განვითარების გზას“, - თქვა მან
როგორც თავიდანვე ჩანდა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ქუჩაში ენმ-თან ერთად დგომას არ აპირებდნენ კოალიციაში შემავალი სხვა პარტიები - „ლელო“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“. პარტიები ერთიანი იყვნენ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნის დროს.
გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კი, მაგალითად, "ლელოს" დეკლარირებული პოზიციაა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
რა ჰყოფს და რა აერთიანებს პარტიებს? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.
რაც მუზეუმში ხდება, მუზეუმში რჩება
ხელოვნების მუზეუმის ავარიული შენობა დანგრევის საფრთხის წინაშეა. ათასობით ექსპონატი, მათ შორის ოქროს ფონდი, რომელიც იქ ინახება, გადასატანია.
2021 წლის ზაფხულში მინისტრმა თეა წულუკიანმა დაამტკიცა ექსპონატების ევაკუაციის 10-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ნაწილი უკვე გადატანილი უნდა იყოს ალტერნატიულ სივრცეში და ეს პროცესი 2022 წლის თებერვალში უნდა დასრულდეს. გეგმა ვერ სრულდება. წულუკიანის მიერ დანიშნული ახალი დირექტორი არაფერს ეუბნება ფონდის თანამშრომლებს იმის შესახებ, როდის და სად გადავა ექსპონატები და ვინ იქნება მათზე პასუხისმგებელი. ნიკა ახალბედაშვილმა არც რადიო თავისუფლებას უპასუხა - ევაკუაციის პროცესზე მინისტრის ბრძანებით სწორედ ისაა პასუხისმგებელი.
მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ნელი კობიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ხელოვნების მუზეუმის ყველა ფონდი გეგმით ეროვნული გალერეის საცავში უნდა გადავიდეს, ეს შენობა ხელოვნების მუზეუმის უკან მდებარეობს და ამ ეტაპზე მისი ნაწილობრივი რემონტი იგეგმება. ამ შენობაში საცავებისთვის მხოლოდ ორი სართული მოეწყობა.
ხელოვნების მუზეუმის დასაცავად შექმნილი („ხელოვნების მუზეუმისთვის“) საინიციატივო ჯგუფის წევრები საუბრობენ იმაზე, რომ ეს შენობა კონსტრუქციული პრობლემების გამო, ექსპლუატაციაშიც კი არ არის მიღებული. მისი მხოლოდ ორი სართულის რემონტი კი ვერ აქცევს ამ სივრცეს ექსპონატებისთვის უსაფრთხო ადგილად.
რა ბედი ელის ხელოვნების მუზეუმს? წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.
სტრასბურგის სასამართლო სააკაშვილის საქმეზე მიღებულ შუალედურ ზომებს განიხილავს
24 ნოემბერს ბოლო ვადაა, როცა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადასცეს დამატებითი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ამის შემდეგ სასამართლო უკვე მიღებულ შუალედურ ზომებს განიხილავს.
როგორც სტრასბურგის სასამართლოს მიერ სააკაშვილის ადვოკატებისთვის გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, სასამართლო განიხილავს შუალედურ ზომებს, როგორც კი მოპასუხე მთავრობისგან 24 ნოემბერს დამატებით ინფორმაციას მიიღებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გუშინ გამოაქვეყნა სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბრით დათარიღებული წერილი, რომელშიც სასამართლო დროებით ღონისძიებას განმარტავს და სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოს ავალებს მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა გაუწიოს.
26 ნოემბერს სოჭში გაიმართება ვლადიმირ პუტინის, ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოჭში უმასპინძლებს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს. ამის შესახებ კრემლმა 23 ნოემბერს გამოაცხადა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკანასკნელ დღეებში განახლებული საბრძოლო მოქმედებების ფონზე.
სოჭის შეხვედრა 26 ნოემბერს გაიმართება. კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით შედგება.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაძაბულია შარშან შემოდგომაზე მხარეებს შორის განახლებული ომის შემდეგ, რომელსაც მინიმუმ 6500 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ნიკოლაი პატრუშევი: "უკრაინას ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოედოს ალი"
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი მიიჩნევს, რომ უკრაინა „ნებისმიერ მომენტში“ შეიძლება შეეჯახოს მასშტაბურ კრიზისს, რომელსაც შედეგად მოჰყვება მილიონობით ლტოლვილის გამოჩენა. განცხადება გაკეთდა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების ახალი გამწვავების ფონზე. დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა ამტკიცებენ, რომ მოსკოვმა ზამთარში შესაძლოა დაიწყოს სამხედრო ინტერვენცია.
„უკრაინას ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოედოს ალი ისე, რომ მილიონობით უკრაინელი სხვა ქვეყნებს მიაშურებს თავშესაფრისთვის“, - განაცხადა პატრუშევმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. პატრუშევმა თქვა, რომ ასეთ ვითარებამდე მიგვიყვანა დასავლეთმა, რომელმაც, მისი თქმით, „უკრაინაში თავისი პროტექტორატი დაამყარა“ და „საზოგადოება უკანონობამდე მიიყვანა, მოსახლეობის ცალკეული ფენები კი - სიღატაკემდე“.
„ვარდების რევოლუცია“ სკოლაში
„ვარდების რევოლუციამ“, როგორც მნიშვნელოვანმა მოვლენამ, საქართველოს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეაღწია; მან გავლენა იქონია როგორც ცალკეული ადამიანების ბედზე, ასევე მთელ რიგ ინსტიტუტებსა და მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაზეც კი. რა გასაკვირია, რომ „ვარდების რევოლუციამ“ შეაღწია სკოლებშიც, უფრო ზუსტად, შეაღწია ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში სასწავლო მასალის სახით.
საქართველოს საჯარო სკოლების XII კლასის მოსწავლეები ისტორიას 2012 წელს გამოცემული სახელმძღვანელოებით სწავლობენ, IX კლასელები კი ისტორიის ცოდნას სულ ახალი, 2021 წლის სახელმძღვანელოებით იღრმავებენ. გამოცემის თარიღების გარდა, ასევე განსხვავებულია „ვარდების რევოლუციის“ ამსახველი მასალის როგორც მოცულობა, ასევე შინაარსი.
2012 წელს გამოცემულ ისტორიის სახელმძღვანელოში („ისტორია 12. მოსწავლის წიგნი“) „ვარდების რევოლუციაზე“ დაწერილი ორგვერდიანი პარაგრაფი იწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მეთაურის, ასლან აბაშიძის შესახებ თხრობით, რომ ის ავტოკრატიული მეთოდებით მართავდა აჭარას და, რომ არ ემორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას.
თხრობა სრულდება 2008 წლის აგვისტოს ომით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაძლიერებულ პროდასავლურ კურსს რუსეთის ფედერაციამ დაუპირისპირა პროვოკაციები, მათ შორის, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რაც მალე რუსულ-ქართულ ომში გადაიზარდა და საქართველოს ყოფილი ავტონომიების ოკუპაციით დასრულდა.
2021 წელს შედგენილ ისტორიის სახელმძღვანელოში კი („საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“) თითქმის გამეორებულია „ვარდების რევოლუციის“ წინაისტორია, თუმცა განსხვავებულად არის გადმოცემული „ვარდების რევოლუციიდან“ „რუსეთ-საქართველოს“ ომამდე პერიოდი.
ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ უახლესი პერიოდი ყველაზე მეტად იდეოლოგიზებული პერიოდია, რაც დიდწილად განაპირობებს ისტორიის სახელმძღვანელოებში მისი ასახვის სირთულეს.
შეიცვალა თუ არა „ვარდების რევოლუციის“ ამსახველი სასკოლო მასალა პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად? რა ადგილი უკავია ბიძინა ივანიშვილს ისტორიის სახელმძღვანელოში? წაიკითხე ვრცლად ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.
როგორია, იყო პრეზიდენტის შვილი, იმ დროს, როდესაც მამაშენი ათიათასობით ადამიანს უყვარს და ამდენივეს სძულს. რამდენად იოლია, იყო მის გვერდით, როდესაც ყველაფერში არ ეთანხმები. ედუარდ სააკაშვილი, უტრეხტის უნივერსიტეტის სტუდენტი, საქართველოდან შორს, ჰოლანდიაში გოგი გვახარიასთან ერთად ცდილობს გაიაზროს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. ჰყვება მამაზე, დედასა და ბავშვობაზე, იხსენებს იმ პოლიტიკურ მოვლენებს, რომლის მომსწრეც პატარაობიდანვე გახდა.