„ვარდების რევოლუცია“ სკოლაში

„ვარდების რევოლუციამ“, როგორც მნიშვნელოვანმა მოვლენამ, საქართველოს საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში შეაღწია; მან გავლენა იქონია როგორც ცალკეული ადამიანების ბედზე, ასევე მთელ რიგ ინსტიტუტებსა და მეზობელი ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაზეც კი. რა გასაკვირია, რომ „ვარდების რევოლუციამ“ შეაღწია სკოლებშიც, უფრო ზუსტად, შეაღწია ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში სასწავლო მასალის სახით.

  • როგორ ასწავლიან სკოლებში „ვარდების რევოლუციას“?
  • შეიცვალა თუ არა „ვარდების რევოლუციის“ ამსახველი სასკოლო მასალა პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად?
  • რა ადგილი უკავია ბიძინა ივანიშვილს ისტორიის სახელმძღვანელოში?

საქართველოს საჯარო სკოლების XII კლასის მოსწავლეები ისტორიას 2012 წელს გამოცემული სახელმძღვანელოებით სწავლობენ, IX კლასელები კი ისტორიის ცოდნას სულ ახალი, 2021 წლის სახელმძღვანელოებით იღრმავებენ. გამოცემის თარიღების გარდა, ასევე განსხვავებულია „ვარდების რევოლუციის“ ამსახველი მასალის როგორც მოცულობა, ასევე შინაარსი.

„ვარდების რევოლუცია“ 2012 წლის სახელმძღვანელოში

2012 წელს გამოცემულ ისტორიის სახელმძღვანელოში („ისტორია 12. მოსწავლის წიგნი“) „ვარდების რევოლუციაზე“ დაწერილი ორგვერდიანი პარაგრაფი იწყება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მეთაურის, ასლან აბაშიძის შესახებ თხრობით, რომ ის ავტოკრატიული მეთოდებით მართავდა აჭარას და, რომ არ ემორჩილებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას.

ისტორიის სახელმძღვანელო XII კლასელებისთვის

„ქვეყანაში მაღალი იყო კორუფციის დონე. პრეზიდენტი შევარდნაძე არ უწყობდა ხელს აუცილებელი რეფორმების ჩატარებას და ვეღარც აკონტროლებდა ვითარებას. ასეთ პირობებში 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის დროსაც მრავალი დარღვევა და გაყალბება დაფიქსირდა. ამის გამო უკმაყოფილებამ ქუჩაში გადაინაცვლა. ოპოზიცია საკმაოდ შეკავშირებული აღმოჩნდა და 23 ნოემბერს აიძულა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადამდგარიყო. ამას "ვარდების რევოლუცია" ეწოდა“, - შემდეგ თხრობა გრძელდება ასლან აბაშიძის გადადგომითა და წარმატებული რეფორმებით, რომელმაც ყველა სფერო მოიცვა: კორუმპირებული ავტოინსპექცია შეცვალა საპატრულო პოლიციამ, შეიქმნა ეფექტიანი საჯარო რეესტრი, გამარტივდა საგადასახადო სისტემა, გაიზარდა ბიუჯეტი და უცხოური ინვესტიციები, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა „ეკონომიკის პროდუქტიული დარგების - მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგების - ჩქარი ტემპით განვითარება ვერ მოხერხდა. უმუშევრობა ქვეყნის ყველაზე სერიოზულ პრობლემად რჩებოდა“.

„ვარდების რევოლუციაზე“ თხრობა სრულდება 2008 წლის აგვისტოს ომით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაძლიერებულ პროდასავლურ კურსს რუსეთის ფედერაციამ დაუპირისპირა პროვოკაციები, მათ შორის, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რაც მალე რუსულ-ქართულ ომში გადაიზარდა და საქართველოს ყოფილი ავტონომიების ოკუპაციით დასრულდა.

„ვარდების რევოლუცია“ 2021 წლის სახელმძღვანელოში

2021 წელს შედგენილ ისტორიის სახელმძღვანელოში („საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“) თითქმის გამეორებულია „ვარდების რევოლუციის“ წინაისტორია, თუმცა განსხვავებულად არის გადმოცემული „ვარდების რევოლუციიდან“ „რუსეთ-საქართველოს“ ომამდე პერიოდი.

ისტორიის სახელმძღვანელო IX კლასელებისთვის

„2004 წლის იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია. ახალმა მთავრობამ მოახერხა კორუფციის დაძლევა. თითქმის ყველა სფეროში (პოლიციაში, სასამართლოში, განათლების სფეროში, და სხვაგან) რეფორმები გატარდა, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს. კორუფციასა და კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა. იყო გადაცდომებიც - კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად დაიწყო გაურკვეველი დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დასჯილან. სასამართლოში საქმეების 99%-ს პროკურატურა იგებდა. ადამიანის უფლებები ხშირად ირღვეოდა. დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. ამ აქციებში მონაწილე აქტიურ პირებს, ხშირად უსაფუძვლოდ აპატიმრებდნენ და ციხეებში სვამდნენ. ციხეებში კი განუკითხაობა სუფევდა, რაც პატიმრების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა“.

საგარეო პოლიტიკისა და რუსეთის აგრესიის შესახებ თხრობა თითქმის იდენტურია ორივე სახელმძღვანელოში. ლაკონიურად, მაგრამ განსხვავებულად არის აღწერილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება.

  • 2012 წლის სახელმძღვანელო: „ზურაბ ჟვანია 2005 წლის მარტში გარდაიცვალა ტრაგიკულად“.
  • 2021 წლის სახელმძღვანელო: „გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია“.

დრო და ანგაჟირებული მასწავლებლები

ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ უახლესი პერიოდი ყველაზე მეტად იდეოლოგიზებული პერიოდია, რაც დიდწილად განაპირობებს ისტორიის სახელმძღვანელოებში მისი ასახვის სირთულეს.

დავით ჯიშკარიანი

„2004 წელს, როცა სკოლა დავამთავრე, ვსწავლობდით 2001 წელს გამოცემული სახელმძღვანელოთი, სადაც ეწერა, რომ ასლან აბაშიძემ ააყვავა აჭარა. 2005 წელს გამოსულ სახელმძღვანელოში, რა თქმა უნდა, სულ სხვა რამე ეწერა ასლან აბაშიძეზე. "ვარდების რევოლუცია" იყო ძალიან პოზიტივისტურად შეფასებული 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ ეს შეფასება შეიცვალა, თუმცა არც ისე რადიკალურად, ანუ მთლად პოლიტიკური დისკუსია არ შესულა სახელმძღვანელოში“, - უთხრა დავით ჯიშკარიანმა რადიო თავისუფლებას.

ნიკოლოზ წულაიაც, რომელიც წლებია ისტორიას ასწავლის მარტვილის I საჯარო სკოლასა და კერძო სკოლა „სხივში“, დარწმუნებულია, რომ საჭიროა მეტად დისტანცირება მოვლენიდან, რათა მისდამი დამოკიდებულება არ იყოს მიბმული მიმდინარე პოლიტიკურ კონიუნქტურაზე:

„ჩვენ სენტიმენტალური ხალხი ვართ, რის გამოც ჩვენი დამოკიდებულება აშკარად ვლინდება ხოლმე ყველაფერში. ამიტომ რთულია უახლესი ისტორიის სწავლება, არა მარტო "ვარდების რევოლუციის", არამედ თუნდაც პირველი პრეზიდენტისა და დამოუკიდებლობის მოპოვების საკითხისა. ვერიდებით ფართო მსჯელობას, რომელიც შეცდომებზე საუბარსაც გულისხმობს. რომ დაველოდოთ გარკვეული დროით, უკეთესი იქნება. პიროვნული დამოკიდებულებები შეიცვლება და უფრო სწორი ისტორია დაიწერება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ სუბიექტურები ვიქნებით. ზოგადად ისტორიის სწავლება დაკავშირებულია ისტორიის კვლევასთან. თუ რაღაც კვლევა არ ჩატარდა, მასწავლებელები ჩვენით ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი საკითხი, როგორ ვასწავლოთ. სამწუხაროა, რომ უახლესი ისტორიის შესწავლა ვერ ხდება იმის გამო, რომ არსებობს პიროვნული დამოკიდებულებები“.

ნიკოლოზ წულაია

ნიკოლოზ წულაიას თქმით, სწავლების თვალსაზრისით, სახელმძღვანელოზე მეტი როლი აკისრია მასწავლებელს, რომელსაც, „ახალი სკოლის“ მოდელით, ყველა იმ რესურსის შეტანა შეუძლია სწავლების პროცესში, რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, მაგრამ, როგორც ნიკოლოზ წულაია ამბობს, ხშირად თავს იჩენს მასწავლებლების პოლიტიკური ანგაჟირებულობა.

„სამწუხაროდ, მასწავლებლები პოლიტიკურად ყველაზე ანგაჟირებული ხალხი აღმოვჩნდით. როცა "ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, მაშინ "ვარდების რევოლუციას" როგორც უფრო მნიშვნელოვან მოვლენას, ისე აფასებდნენ. შესაბამისად, მაშინ უფრო ხშირად იწერებოდა სასკოლო გეგმებში (კურუკულუმებში) "ვარდების რევოლუციის" სწავლების საკითხი, ვიდრე ახლა - "ქართული ოცნების" პოლიტიკური მმართველობის დროს. ვერ ვიტყვი, რომ სამინისტრო აძალებს ვინმეს, მით უფრო, რომ მასწავლებლებს გვაქვს ინდივიდუალური დამოკიდებულების გამოვლენის საშუალება კურუკულუმების შედგენისას. მე, როგორც მასწავლებელმა, შემიძლია განვსაზღვრო კონკრეტული საკითხი, რომელზეც უფრო მეტად გავამახვილებ ყურადღებას სწავლების პროცესში და სამინისტრო არ შემზღუდავს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ჩვენი საზოგადოების კულტურა განაპირობებს იმას, რომ რაღაც საკითხების სწავლებისას ანგარიში ეწევა პოლიტიკურ მოცემულობას. განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოს ახალ და უახლეს ისტორიას“.

„ბატონი ბიძინა“ სკოლის სახელმძღვანელოში

პროფესორი თეა ქარჩავა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის ისტორიის ექსპერტი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ, IX კლასის კვალად, ასევე იგეგმება ეტაპობრივი შეცვლა X-XII კლასების ისტორიის სახელმძღვანელოებისაც, რომლებშიც ინფორმაცია გადმოცემული იქნება უახლესი ფორმატით.

„ძალიან ვცდილობთ, რომ ნებისმიერი ისტორიული პროცესის განხილვისას გვქონდეს მულტიპერსპექტულობა, რათა არ მოხდეს არც რამის მიჩქმალვა და არც სწორხაზოვანი, ერთგვაროვანი შეფასება იმის მიხედვით, ვის როგორ აწყობს. ამგვარი პოლიტიკური კონიუნქტურა არ უნდა იყოს. ისტორიული პროცესი უნდა შეფასდეს ყველანაირად მაქსიმალური ობიექტურობის გათვალისწინებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეა ქარჩავამ, რომლის თქმითაც, IX კლასის სახელმძღვანელო ამგვარი მიდგომის კარგი მაგალითია, რადგან ფაქტები საკმაოდ ნეიტრალურად არის აღწერილი:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და "ვარდების რევოლუცია" სკოლის სახელმძღვანელოში

„თუმცა ასევეა სადისკუსიო შეკითხვები, რათა დამატებითი ამბებით, ზეპირი ისტორიებით ან სხვა რესურსების მოშველიებით, მოსწავლეებმა იმსჯელონ, რატომ არის ამ მოვლენისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულება, რა ტიპის პლუსები მოუტანა ქვეყანას და ა.შ. საკითხი არ უნდა წარმოჩინდეს ვინმეს პოზიციონირებად. სხვადასხვა რაკურსით შეხედვის საფუძველზე უნდა იყოს დანახული ნებისმიერი ისტორიული მოვლენა, მათ შორის "ვარდების რევოლუცია", ანუ ჩვენ მიგვყავს მოსწავლე არა 2X2=4-ის მსგავსი მარტივი პასუხისკენ, არამედ იმის გაგებისკენ, თუ რატომ არსებობს საზოგადოებრივ პროცესებში განსხვავებული მოსაზრებები და დამოკიდებულებები“.

თუმცა, ისტორიკოსი ქეთი სიხარულიძე, რომელიც ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებს პროფესიული ინტერესით სწავლობს, ამბობს, რომ განათლების სამინისტრო, პირდაპირ თუ ირიბად, გავლენას ახდენს როგორც სახელმძღვანელოების შინაარსზე, ასევე თემატურ განაწილებაზეც.

2021 წელს გამოცემულ ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში („საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია“) თხრობა მთავრდება 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებითა და ბიძინა ივანიშვილის ღვაწლის ხაზგასმით:

„საქართველოში დემოკრატიულ ტენდენციებს შეუქცევადი ხასიათი ჰქონდა. ამის გამოხატულება იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" დამარცხდა და ოპოზიციურმა "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა“.

ბიძინა ივანიშვილი ისტორიის სახელმძღვანელოში

ქეთი სიხარულიძის თქმით, ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის სახელმძღვანელოში ასახვისთვის საჭიროა როგორც გარკვეული პერიოდი დაკვირვებისთვის, ასევე საკუთრივ პროცესის დასრულება.

„თავისუფლად შეგვიძლია შევისწავლოთ და სახელმძღვანელოში შევიტანოთ ის, თუ რა მოხდა 90-იანებში, როგორ მოხდა ხელისუფლების დამხობა და ა.შ. ისტორიკოსისათვის 2008 წლის ომზეც კი რთულია ლაპარაკი, რადგან პროცესი არ დასრულებულა“, - ამბობს ქეთი სიხარულიძე, რომლის თქმითაც, 2012 წლის ოქტომბრის ამგვარი აღწერა სწორედაც რომ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე მიუთითებს.

ქეთევან სიხარულიძე, ისტორიკოსი

„სახელმძღვანელო აუცილებლად უნდა მოსულიყო ამ მოვლენამდე, რათა დღევანდელი მმართველი პოლიტიკური კლასის პერიოდი შესულიყო მასში. არანაირ სტანდარტში არ ჯდება მოქმედ ხელისუფლებაზე ისტორიის სახელმძღვანელოებში წერა. ასე იწერება წიგნები ნურსულთან ნაზარბაევზე, როგორც დიდ რეფორმატორზე, რაც სასაცილო და ირონიის მომგვრელია“, - უთხრა ქეთი სიხარულიძემ რადიო თავისუფლებას.