რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი მიიჩნევს, რომ უკრაინა „ნებისმიერ მომენტში“ შეიძლება შეეჯახოს მასშტაბურ კრიზისს, რომელსაც შედეგად მოჰყვება მილიონობით ლტოლვილის გამოჩენა. განცხადება გაკეთდა რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების ახალი გამწვავების ფონზე. დასავლეთის ქვეყნები და უკრაინა ამტკიცებენ, რომ მოსკოვმა ზამთარში შესაძლოა დაიწყოს სამხედრო ინტერვენცია.
„უკრაინას ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოედოს ალი ისე, რომ მილიონობით უკრაინელი სხვა ქვეყნებს მიაშურებს თავშესაფრისთვის“, - განაცხადა პატრუშევმა გაზეთ „არგუმენტ ი ფაქტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. პატრუშევმა თქვა, რომ ასეთ ვითარებამდე მიგვიყვანა დასავლეთმა, რომელმაც, მისი თქმით, „უკრაინაში თავისი პროტექტორატი დაამყარა“ და „საზოგადოება უკანონობამდე მიიყვანა, მოსახლეობის ცალკეული ფენები კი სიღატაკემდე.“
პატრუშევთან ინტერვიუ ძირითადად ეძღვნება მიგრანტებთან დაკავშირებულ კრიზისს ბელარუსსა და ევროკავშირს შორის საზღვარზე. ამ კრიზისისთვის პასუხისმგებლობაც მან დასავლეთს დააკისრა. „არ გამოვიდა ქვეყნის ხელმძღვანელობის განადგურება, ქვეყნის ჩაძირვა ქაოსში, საპროტესტო მსვლელობებში. ახლა ცდილობენ, ქვეყანაში მიგრანტები მოაზღვაონ“, - თქვა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა. მისი სიტყვებით, დასავლეთი დამნაშავეა იმაში, რომ მან „ქაოსი და ნგრევა დათესა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში“, რასაც მოჰყვა ის, რომ მიგრანტები ახლა ბელარუსში მიემგზავრებიან და იქიდან ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას ცდილობენ. პატრუშევმა ბელარუსს „რუსეთის უახლოესი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი“ უწოდა.
ევროკავშირის ქვეყნები მიგრაციის კრიზისისთვის პასუხისმგებლობას ბელარუსის ხელისუფლებას და პირადად მის ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას აკისრებენ. ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ კრიზისში სავარაუდოდ რუსეთიც მონაწილეობს და ნახულობს მოგებას.
აშშ-ის მედიაში უკანასკნელ დღეებში გავრცელებული ცნობებით, ამერიკის დაზვერვას სავარაუდოდ მიაჩნია უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა. მოსკოვმა იერიში შეიძლება დაიწყოს ბელარუსის ტერიტორიიდან და ანექსირებული ყირიმიდან, აცხადებენ Bloomberg-ის წყაროები. ვარაუდობენ, რომ იერიშში მონაწილეობას მიიღებს 100 ჯგუფი, საერთო ჯამში 100 ათასამდე ჯარისკაცი. უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საფრთხის შესახებ ოფიციალური კიევიც აცხადებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ინტერვენცია შეიძლება 2022 წლის იანვარში ან თებერვალში დაიწყოს.
ინტერვენციის საფრთხის გარდა, დასავლეთის მედიაში ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთი შეიძლება შეეცადოს, ქვეყანაში დათესოს ქაოსი, რომელსაც შესაძლოა უკრაინის ხელმძღვანელობის პრორუსულით შეცვლა მოჰყვეს.
კრემლში აცხადებენ, რომ მოახლოებული ინტერვენციის შესახებ ცნობები ტყუილია და არ გამორიცხავენ, რომ ესაა „კამუფლაჟი აგრესიული მიზნების შესანიღბად“. ამასთან რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს დონბასში ვითარების მოგვარებასთან დაკავშირებული შეთანხმებებიდან ფაქტობრივ გასვლაში და ქვეყანაში ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერებას უწოდებს „წითელ ზოლს“, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება.