რას ნიშნავს სააკაშვილის თავისუფალ გარემოში მკურნალობა კანონის ენაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 23 ნოემბერს

რას ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის თავისუფალ გარემოში მკურნალობა და რამდენად შესაძლებელია ეს?

ჯერჯერობით ექიმებს უჭირთ იმის თქმა, რა დროში გამოჯანმრთელდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც ამ ეტაპზე, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს.

მსჯავრდებული პაციენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ რამდენიმე დღის წინ სააკაშვილისთვის თავისუფლად მკურნალობის უფლების მინიჭება მოითხოვა. თავისუფალი მკურნალობა ერთადერთ ეფექტიან გამოსავლად მიაჩნიათ პაციენტის დედას, გიული ალასანიას და პაციენტის პარტნიორს, უკრაინის რადის დეპუტატს, ლიზა იასკოს.

კანონის ენაზე თავისუფლად მკურნალობა ნიშნავს განაჩენის აღსრულების გადავადებას. ასე განმარტავენ ამ ინიციატივას იურისტები. გადავადება არ ნიშნავს სასჯელისგან გათავისუფლებას. ასეთ დროს გამოჯანმრთელების შემდეგ პაციენტი საპატიმროში უნდა დაბრუნდეს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ სასჯელის კანონიერებას არ აღიარებენ და მათ მთავარ ამოცანას მიხეილ სააკაშვილის სრული გათავისუფლება წარმოადგენს და გზების გამონახვაზე „აქტიურად მუშაობენ იურისტები“.

რა წერია კანონში და რა მაგალითები არსებობს, როცა პაციენტს სასჯელი გადაუვადეს? წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„მის აკრძალვას მოვითხოვთ“: შეძლებს „კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიად არსებობას?

„ალტ-ინფოს“ ჯგუფის მიერ დაფუძნებული პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირების პროცესშია, თუმცა ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ ეს პრორუსული, ჰომოფობიური შინაარსის, ხშირად ძალადობრივი განცხადებებით ცნობილი პარტია, რომლის დამფუძნებლები 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებიც არიან, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ისინი რეესტრს მოუწოდებენ, რომ ახალი პარტია არ დაარეგისტრიროს, დეპუტატები კი მის ასაკრძალად ხელმოწერების შეგროვებასაც აპირებენ.

საქართველოს კონსტიტუციით, პარტიის აკრძალვა შესაძლებელია საკონსტიტუციო სასამართლოში. ხოლო პროცესის ინიცირება შეუძლია პრეზიდენტს, მთავრობასა და 30 დეპუტატს.

თუმცა ოპოზიციაშიც არიან ისეთები, ვინც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის იდეას სიფრთხილით უყურებენ. ასეთია მაგალითად „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია. ის ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, სამომავლოდ საფრთხე შეუქმნას სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც.

ოპოზიციის ინიციატივას „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშიაც ეხმიანება. ის ამბობს, რომ ასეთი მოთხოვნა ლიბერალურ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება.

კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ამ პარტიებს მათ მიმართ პრეტენზია „ვითომდა ძალადობრივი მოწოდებების“ ნაწილში აქვთ, თუმცა, მისი სიტყვებით, ეს რომ ასე იყოს, „მათზე დღეს სისხლისსამართლებრივი საქმე უნდა ყოფილიყო აღძრული“.

წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

„ქართული წარმოების“ მწვანე პასპორტი - როცა არც მწვადს წვავ და არც შამფურს?

ერთ კვირაში საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტების სისტემა ამოქმედდება. გარკვეულ ობიექტებზე დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებულები, კოვიდგადატანილი ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხის მქონე მოქალაქეები.

ასეთი სისტემა უკვე არაერთ ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა ქართული - მათ უმრავლესობასთან შედარებით არც ისე რადიკალურია.

მაგალითად, არ აქვს მნიშვნელობა, როდის გადაიტანა ადამიანმა კორონავირუსი, პანდემიის დასაწყისში თუ ახლახან, მას მაინც ექნება მწვანე პასპორტი. ასევე რესტორანში, მუზეუმში, თეატრში, ფიტნესდარბაზში და ა.შ. მომუშავე პერსონალი არ არის ვალდებული, რომ კოვიდპასპორტი ჰქონდეს.

გადაადგმევინებს თუ არა აცრისკენ ნაბიჯს კოვიდპასპორტები მათ, ვინც ჯერ არ აცრილა? რესტორანთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ფიქრობს, რომ ეს ვერ გახდება რაიმე მნიშვნელოვანი იმპულსი იმისთვის, რომ მოსახლეობა აიცრას. ის თვლის, რომ როგორც ყველა სხვა სფეროში, სარესტორნო ბიზნესშიც, მწვანე სივრცის შექმნა აუცილებელია, თუმცა, ის ფორმა, რა ფორმითაც ამ ზონების შექმნა პირველი დეკემბრიდან იგეგმება, ვერ გაამართლებს, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ მწვანე სტატუსის დადასტურება მხოლოდ სტუმრის ვალდებულება იქნება და არა მასპინძლის - პერსონალის.

იქნება თუ არა შედეგიანი კოვიდპასპორტების სისტემა? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

თბილისის ცენტრში ცოცხალი ჯაჭვი მოეწყობა

ვარდების რევოლუციიდან 18 წლის თავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და აქტივისტები ცოცხალი ჯაჭვის მოწყობას გეგმავენ, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით.

როგორც აქციის ორგანიზატორი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, მონაწილეები ამ გზით მიხეილ სააკაშვილს მადლობას გადაუხდიან, ხელისუფლებას კი აჩვენებენ, რომ ეს დღე ახსოვთ.

უცნობია, იქნებიან თუ არა აქციაზე პოლიტიკოსებიც, თუმცა, ორგანიზატორების თქმით, მათი აქცია ყველასთვის ღიაა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

„კურსკი“ უცხოეთის წყალქვეშა ნავთან შეტაკებისგან დაიღუპა - აცხადებს რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის ყოფილი მეთაური. კრემლი კომენტარზე უარს ამბობს

რუსეთის ატომური წყალქვეშა ნავის, „კურსკის“ კატასტროფის მიზეზი 2000 წლის 12 აგვისტოს იყო ნატოს წევრი ქვეყნის წყალქვეშა ნავთან შეტაკება, - აცხადებს ადმირალი ვიაჩესლავ პოპოვი, რომელსაც ავარიის დროს ჩრდილოეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურის თანამდებობა ეკავა. ამის შესახებ პოპოვმა თქვა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, რია-ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, ამის შესახებ 90-პროცენტიანი დანამდვილებით იცის, მაგრამ მტკიცებულების წარმოდგენა არ შეუძლია.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა უარი თქვა პოპოვის განცხადების კომენტირებაზე და მას „ჰიპოთეზა“ უწოდა.

„კურსკის“ ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ყველა, 118 წევრი დაიღუპა. ეს იყო რუსეთის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა და ის რუსეთის ხელისუფლების და პირადად პრეზიდენტ პუტინის მიმართ ძლიერი კრიტიკის მიზეზი გახდა.

წაიკითხე მეტი.

17 წლის ლუკა სტრასბურგში იბრძვის - რატომ არის მისი გამარჯვება მნიშვნელოვანი სხვა შშმ პირებისთვისაც

ლუკა, რომელსაც აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს და ზიანს აყენებს საკუთარ თავს და დედას, ბიუროკრატიულ ხაფანგში აღმოჩნდა. ადვოკატები მის უფლებებს სტრასბურგსა და საქართველოში იცავენ. თუკი ეს დავა ლუკას სასარგებლოდ დასრულდება, მას გადაუდებელ დახმარებას აღმოუჩენენ, ათობით ბავშვს კი, ვისაც იგივე ტიპის სირთულეები აქვს, გაუჩნდება შანსი, რომ სერვისი საოჯახო გარემოში მიიღოს.

ლუკა 17 წლისაა და მას აუტისტური სპექტრის აშლილობა, მძიმე გონებრივი ჩამორჩენა და ქცევის სირთულეები აქვს. ექიმებმა დღემდე ვერ დაადგინეს, რა არის მისი არაპროგნოზირებადი გაღიზიანებების მიზეზები. კონკრეტული ხმა, ხმაური, ქცევა თუ სხვა რამ.

ლუკა პატარაობიდან ვერ მართავს აგრესიას, სახლში ამტვრევს ნივთებს, ბოლო 4 წლის განმავლობაში კი საკუთარ თავს და დედას მძიმე ფიზიკურ დაზიანებებს აყენებს.

ლუკას დედამ დახმარება 2021 წლის მარტში, სახელმწიფო ზრუნვის სამსახურს სთხოვა, „განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ სარგებლობა უნდოდა, ანუ ასისტენტი, რომელიც 12 საათის განმავლობაში მის შვილთან ერთად იქნებოდა და დაეხმარებოდა აგრესიის მართვასა და გარემოსთან ადაპტირებაში. ლუკა პროგრამაში ოფიციალურად ჩაირიცხა, თუმცა სერვისი ვერ მიიღო.

მულტიდისციპლინურმა ჯგუფმა, რომელიც აფასებს პროგრამაში ჩარიცხვის მსურველი ბავშვის მდგომარეობას, დაადგინა, რომ ლუკას ზედამხედველობა სჭირდება უწყვეტად ღვიძილის განმავლობაში, რაც არა 12-, არამედ 18-საათიან ზედამხედველობას გულისხმობს. იმ მომენტისთვის მთავრობას პერსონალური ასისტენტის 18-საათიანი მომსახურების პროგრამა არ გააჩნდა.

„პირველმა ნაბიჯმა“, ორგანიზაციამ, რომელიც ბინაზე მოვლის ქვეპროგრამას ახორციელებს, მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნაზე (18-საათიანი უწყვეტი ზედამხედველობა) დაყრდნობით უარი თქვა 12-საათიან სერვისზე და, შესაბამისად, დედა-შვილი ყოველგვარი დახმარების გარეშე დარჩა.

დედამ დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მიმართა, იურისტებმა კი სარჩელი სასამართლოში შეიტანეს.

რას ითხოვს PHR სასამართლოსგან? წაიკითხე ანი ბურდულის სტატიაში.

მაღაზიის ნისიებით დაწყებული, საგარეო ვალამდე. ფენოვანი 2.10 ვალზე. პირველი ნაწილი: მცირე სესხები, სესხის სპეციფიკა, მევახშეები. რამდენია ჩვენი ვალი?