„ვარდების რევოლუცია“ 9+9 წლის შემდეგ

„ვარდების რევოლუციიდან“ 18 წელი გავიდა: „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ცხრაწლიან პერიოდს დაემატა „ქართული ოცნების“ ასევე „ცხრა წელი“. ცხადია, ორივე „ცხრა წელმა“ მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია 2003 წლის 23 ნოემბერს მომხდარი ისტორიული მოვლენის როგორც აღქმას, ასევე მასთან დაკავშირებული იდეების ხორცშესხმასა თუ დასამარებას.

მაინც რა დაემართა „ვარდების რევოლუციას“ ორი „ცხრა წლის“ განმავლობაში და რა დარჩა მისგან 9+9 წლის შემდეგ?

„ვარდების რევოლუციამდე“ ერთი კვირით ადრე, 2003 წლის 15 ნოემბერს, როცა საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით აღშფოთებული თბილისი მიტინგებითა და დემონსტრაციებით ცხოვრობდა, როცა არსებობდა საპროტესტსო აქციების წინააღმდეგ უხეში ძალის გამოყენების ყოველდღიური საფრთხე, „სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაზეთ „24 საათისათვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მიმდინარე მოვლენებს ოპტიმისტურად უყურებდა და, რომ ყველაფერი მშვიდობინად დასრულდებოდა, ხელისუფლება მომიტინგეების შეხებას ვერ გაბედავდა:

ზურაბ ჭიაბერაშვილი

„მთავარია, მოვშალოთ კლანებისა და ოლიგარქების საყრდენი და შევარდნაძის ყოვლისშემძლეობის შიში გადავლახოთ. რაც დღეს რუსთაველზე ხდება და ცოტა ხანში მთელ საქართველოში მოხდება, ამ შიშის დაძლევას ნიშნავს. ვხედავ, რომ არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, რაოდენ პოპულარულიც უნდა იყოს, ამ პროცესს არ მართავს. პროცესს ხალხი მართავს“.

18 წლის შემდეგ, როცა თბილისი და საქართველო კვლავ მიტინგებითა და დემონსტრაციებით ცხოვრობს, როცა კვლავ მძაფრია არჩევნებთან დაკავშირებული ვნებები, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ არ დაუკარგავს არც ოპტიმიზმი და არც საზოგადოებისადმი რწმენა.

„ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებები გარდაუვალია, ოღონდ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდგომი რეფორმებით შექმნილ სახელმწიფო ინსტიტუტებს მოაჯდა ავტორიტარული რეჟიმი, ამიტომ მასთან ბრძოლა გაცილებით რთულია“.

როგორ შემოვიდა რევოლუცია

მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ხალხი პარლამენტის წინ მთელი სამი კვირის განმავლობაში აპროტესტებდა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, მეხუთე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მაინც დაინიშნა 22 ნოემბერს, 16:00 საათზე, თუმცა სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ არჩეული დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“, „ბურჯანაძე-დემოკრატებიდან“, „ლეიბორისტული პარტიიდან“ და „ახალი მემარჯვენეებიდან“. 22 ნოემბერს პარლამენტში არც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

2003 წლის ნოემბრის აქცია

შეიქმნა კვორუმის პრობლემა. 16:50 საათზე სხდომა ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, მაგრამ სულ მალე პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდა „ახალი მემარჯვენეების“ 6-კაციანი დელეგაცია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს, დავით გამყრელიძეს, და განაცხადა, რომ კვორუმი „საკმარისზე მეტი“ იყო.

ედუარდ შევარდნაძე მივიდა ტრიბუნასთან და ვრცელი სიტყვის კითხვას შეუდგა, მაგრამ, როგორც 23 ნოემბერს გამოსული გაზეთი „24 საათი“ წერდა, ამ დროს „სხდომათა დარბაზის კარი ხმაურით გაიღო და შემოვიდა... „ვარდების რევოლუცია“.

მიხეილ სააკაშვილი. 2003 წლის 23 ნოემბერი

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილსა და „სახალხო ლაშქართან“ ერთად, შიშველი ხელებით აიღეს პარლამენტის შენობა... შევარდნაძე, თითქოს მის ირგვლივ არაფერი ხდებაო, აგრძელებდა დაწერილი სიტყვის კითხვას. ბოლოს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა ხელი სტაცეს და პარლამენტის შენობიდან გაიყვანეს. დარბაზიდან გაიქცნენ სახელისუფლებო ბლოკისა და „აღორძინების“ წევრებიც. 18:00 საათისათვის პარლამენტის შენობა მთლიანად გაერთიანებული ოპოზიციის ხელში იყო.

მიხეილ სააკაშვილი თავის წიგნში „ძალის გამოღვიძება“ წერს, რომ ზურაბ ჟვანია წინააღმდეგი იყო პარლამენტში შეჭრისა, რადგან, მისი თქმით, ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა სისხლისღვრა:

„ჟვანიამ მითხრა: ხელისუფლება გაისვრის, რადგან ეს იქნება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. საჭიროა მოლაპარაკების წარმოება ამერიკელების ან საერთაშორისო ორგანიზაციების შუამდგომლობით, მით უფრო, რომ ამერიკელები გვთავაზობდნენ შემდეგ კვირაში შეკრებას ვაშინგტონში ან თბილისში. ბურჯანაძემ ჟვანიას მხარე დაიჭირა. მე ვუთხარი, რომ ასეთი საუბრებისთვის დრო არ მქონდა და, რომ მე მივდიოდი პარლამენტში. „შენ ან მომყვები მე ან ხელიდან უშვებ შენს შანსს“, - ვუთხარი ბურჯანაძეს, - „პარლამენტის თავმჯდომარე ხარ და მანამდე უნდა შეხვიდე დარბაზში, ვიდრე ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. სხვა შემთხვევაში, ნახევარ საათში შენ აღარ იქნები პარლამენტის თავმჯდომარე“.

ზურაბ ჟვანია

შემდეგ მიხეილ სააკაშვილი იხსენებს შეხლა-შემოხლას შს მინისტრ კობა ნარჩემაშვილთან, სპეცრაზმის კორდონის გარღვევას და რამდენიმე ათას მხარდამჭერთან ერთად პარლამენტის ეზოში შესვლას, შენობის სახურავზე განლაგებული სნაიპერების სოლიდარობას („ხელი დავუქნიე და პასუხად, ისინიც ხელის დაქნევით მომესალმნენ“) და ბოლო წინაღობას პარლამენტის დერეფანში, სადაც, მისი თქმით, გზა გადაუღობა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ („უკიდურესად კორუმპირებულმა ადამიანმა, მაფიის ნათლიამ“) ოთხ შეიარაღებულ პირთან ერთად:

„მიშა, შენი საქმე წასულია!“ - მეუბნება. მე კიდევ იქით ვუტრიალებ კითხვას: „შენ აქ საიდან გაჩნდი?“ მივბრუნდი ჩემიანებისკენ და მშვიდად ვთქვი: „ეს ავტომატიანები განაიარაღეთ, ის კიდევ ეზოში ჩაიყვანეთ და დახვრიტეთ!“ გაფითრებულმა „მოადგილემ“ ყვირილი მორთო: „ცუდი არაფერი მიგულისხმია!“ ჩემმა ბლეფმა იმუშავა. ავტომატიანი პირები გაიფანტნენ და ჩვენ დარბაზში შევცვივდით“.

2003 წლის 2 ნოემბერი - გაყალბების მასშტაბი

2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბი თვალსაჩინო გახადა ხმების პარალელურმა დათვლამ, რომელიც საქართველოს საარჩევნო კოდექსით შესაძლებელი გახდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს ბეიკერის ვიზიტის შემდეგ.

საქართველოს ტერიტორიაზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2200 უბანი დაფარა. როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, „სანიმუშოდ“ შეგვიძლია ავიღოთ გლდანის მე-10 საარჩევნო ოლქის მე-8 უბანი, სადაც ხმების პარალელური დათვლით მმართველმა პარტიამ 63 ხმა მიიღო, თუმცა ცესკოს ვებსაიტზე გამოქვეყნებამდე ეს მაჩვენებული 10-ჯერ გაიზარდა და 630 ხმად იქცა. ასეთ ფაქტებს კი თვლა არ ჰქონდა, ამასთან, ხელისუფლება და მმართველი პარტია, რომელიც არჩევნებში ბლოკის „ახალი საქართველოსათვის“ სახელით მონაწილეობდა, ხმებს თვითონაც იმატებდა და ასლან აბაშიძის „აღორძინებასაც“ უმატებდა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემები რადიკალურად განსხვავდებოდა ხმების პარალელური დათვლით მიღებული შედეგებისგან.

2 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებული "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩევლების მიტინგი

სამართლიანი არჩევნების მიხედვით:

  1. ბლოკი „სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა“ - 26,26 %
  2. ბლოკი „ახალი საქართველოსათვის“ - 18.92%
  3. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 17,36%
  4. ბლოკი „ბურჯანაძე-დემოკრატები“ - 10,15%
  5. „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ - 8,13%
  6. ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“ - 7,98%

ცესკოს მიხედვით:

  1. ბლოკი „ახალი საქართველოსათვის“ - 21.32%
  2. „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ - 18.84%
  3. ბლოკი „სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა“ - 18.08%
  4. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 12.04%
  5. ბლოკი „ბურჯანაძე-დემოკრატები“ - 8.79%
  6. ბლოკი „ახალი მემარჯვენეები (ახლები)“ - 7.35%

გაყალბების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაიზარდა აჭარის ხმების შეჯამების შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ასლან აბაშიძის „აღორძინების კავშირმა“ აჭარაში ხმათა 95 %, ანუ 284 ათასი ხმიდან 270 ათასი მიიღო.

როგორც წავიდა (გაუშვეს) შევარდნაძე

2003 წლის 23 ნოემბერს, 20 საათსა და 45 წუთზე, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა.

„ახლა მე ვხედავ, რომ ის, რაც ხდება, უსისხლოდ არ ჩაივლის. იძულებული გავხდები გამოვიყენო ის უფლება, რაც მაქვს ამ პირობებში. ეს სისხლისღვრამდე მიმიყვანს. ჩემი ხალხისთვის არასოდეს მიღალატია და ახლა, ამ ვითარებაში, ალბათ, ჯობია პრეზიდენტი გადადგეს, რათა ყველაფერი უსისხლოდ დამთავრდეს“, - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ, რომელსაც ერთი საათით ადრე მაშინდელი ოპოზიციის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია შეხვდნენ.

მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, ედუარდ შევარდნაძე

2021 წლის 20 ნოემბერს, ჟურნალისტმა თომა ჩაგელიშვილმა გამოაქვეყნა „ვარდების რევოლუციის“ წლისთავზე, 2004 წლის 23 ნოემბერს ჩაწერილი ინტერვიუ, რომელშიც ედუარდ შევარდნაძე იხსენებს, როგორ მიიღო თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება.

ედუარდ შევარდნაძე

„ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ სისხლი დაღვრილიყო. მე ხომ მთავარსარდალი ვარ, ჯარი მემორჩილება, ტექნიკა, ყველაფერი და გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა იმ ცნობილი ამბების შემდეგ. მერე რომ მოვდიოდი, გზაში ვფიქრობდი, რა მოხდება: ან აქეთ დაიღუპებიან, ან - იქით. რა განსხვავებაა ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ჩემი მომხრე დაიღუპება თუ მოწინააღმდეგე, ყველა ქართველია. შინ რომ მივედი, ნანულიმ მკითხა: "ნუთუ, შენ სისხლს დაღვრი?" ჩემი შვილი მუშაობს იუნესკოში, პაატა, ისიც მირეკავს: "მამა, არაფერი შეგეშალოს, სისხლი არ დაღვარო, თორემ შეგაჩვენებს, სამუდამოდ შეგაჩვენებს ქართველი ხალხი". მეც ასევ ვფიქრობდი. მოვიდნენ - ბატონი მიხეილი და ბატონი ზურაბი და, ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, ლანგარზე დადებული მივართვი ხელისუფლება. და ვუთხარი: ამიერიდან თქვენ ხართ ამ ქვეყნის ხელმძღვანელები. თუ რამეში გამოგადგებით, შემატყობინეთ და მზად ვარ, გემსახუროთ. ცოტა კი გაფითრდნენ, ცოტათი გაშავდნენ კიდეც. გამოვედი პრესასთან და ვუთხარი, გადავდექი-მეთქი. ბევრი ჟურნალისტი იყო. ახლა სად მიდიხართო, მკითხეს, გიშვებენო?“

შევარდნაძის პასუხი იყო - მივდივარ სახლში!

რაზე თქვა უარი საზოგადოებამ 2003 წლის 23 ნოემბერს?

თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი და „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს, რომ ბევრი რამ ხდებოდა ცუდი მაშინდელ საქართველოში, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც იყო კორუფცია - წვრილმანი, საყოველთაო კორუფცია, რომელიც ყველა ადამიანს ეხებოდა.

თინა ხიდაშელი. 2011 წ.

„პრაქტიკულად მთელი საზოგადოება ამ სისტემის თანამონაწილე იყო, განცდა ჰქონდათ ადამიანებს, რომ ეს ცუდი რამე იყო, მაგრამ პრობლემებს მაინც იგვარებდნენ, შემდეგ დადგა ის მომენტი, როცა ყველას ყელში ამოუვიდა და ადამიანებმა გადაწყვიტეს პროტესტის ღიად გამოხატვა. კი, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა პრობლემაც იყო, იგივე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, პოლიციაში წამებაც ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ ვიცით, რომ საქართველოში ამის გამო დიდი პროტესტები არ დგება ხოლმე. ქუჩის პროტესტის მთავარი მამოძრავებელი იყო კორუფცია, მუდმივად ვიღაცის კარზე "მათხოვრად დგომა", ვიღაცისთვის ქრთამის მიცემა და ა.შ. - ამის ატანა გახდა შეუძლებელი, არჩევნების გაყალბებამ კი შეასრულა ბოლო წვეთის როლი. ხომ არის ხოლმე, იმედები რომ უკავშირდება რაღაცას, ცვლილება მოხდება, ვითარება შეიცვლება და უცბად აღმოჩნდა, რომ არც არაფერი: ორმა ბიძამ, ერთმა თბილისში და მეორემ ბათუმში, სხვანაირად დათვალა და სხვანაირად გადაწყვიტა. ეს ვერ მოითმინა ხალხმა“, - უთხრა თინა ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას.

საზოგადოებრივი მობილიზაციითა და სახალხო პროტესტით ხელისუფლების შეცვლა ბევრად რთული იქნებოდა, რომ არა ჩამოშლილი, შეუმდგარი სახელმწიფო, რომელიც ქაოსსა და კორუფციაში იყო ჩაძირული. ზურაბ ჭიაბერაშვილი, თბილისის ყოფილი მერი, დიპლომატი და ჯანდაცვის მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ბოლო წლებში, ასახელებს კიდევ ერთ მიზეზს, რამაც შესაძლებელი გახადა ხელისუფლების მშვიდობიანი, უსისხლო ცვლილება 18 წლის წინ:

ედუარდ შევარდნაძე სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრობისას მიხაილ გორბაჩოვთან, რონალდ რეიგანსა და ჯორჯ შულცთან ერთად. 1985 წ.

„ედუარდ შევარდნაძე პოლიტიკოსი იყო და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად დააფასა სააკაშვილმაც. შევარდნაძე, რადგანაც პოლიტიკოსი იყო, როგორც კი დაინახა, რომ ხალხს აღარ უნდოდა, დაჰყვა ხალხის ნებას. ივანიშვილი ასეთი არ არის. ივანიშვილი კლასიკური ავტორიტარული მმართველია. ამიტომ ის ბოლომდე გაჯინიანდება. ამასთან, ახლა გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც გაიმართა "ვარდების რევოლუციის" რეფორმებით. ეს ინსტიტუტები რეპრესიის იარაღია ავტორიტარული რეჟიმის ხელში. ამიტომ ის სისასტიკე, რომელიც ვნახეთ სააკაშვილისადმი მოპყრობის სახით, არსად არ წასულა და, სამწუხაროდ, კიდევ უფრო შემზარავ სისასტიკეს გვაჩვენებს რეჟიმი, მაგრამ ის, რომ გარდატეხა მოხდება, ამაში ეჭვი არ მეპარება“.

„ვარდების რევოლუცია“ „ნაციონალური მოძრაობის“ 9 წელში

„რა დაემართა "ვარდების რევოლუციასთან" დაკავშირებულ იდეებს, იმედებსა და მოლოდინს "ნაციონალური მოძრაობის" 9 წელში?“ - ამ კითხვის პასუხად თინა ხიდაშელი ამბობს, რომ მასობრივი კორუფციის აღმოფხვრისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამართვის პარალელურად, გაჩნდა უსამართლობის განცდა.

"ვარდების რევოლუცია"

„ყოველდღიური, წვრილმანი კორუფცია გაქრა, ქრთამს აღარ იღებდნენ ჩვეულებრივი ადამიანისგან, მაგრამ ქვეყანაში გაჩნდნენ არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ყველა საკითხს მარტივად იგვარებდნენ. ბევრი თვალსაჩინო, მონუმენტური მაგალითი შეიქმნა ამგვარი მიდგომის თუ არათანაბარი მოპყრობისა და, რა თქმა უნდა, ამას "ხელი შეუწყო" იმ ცნობილმა სისხლის სამართლის საქმეებმა, სადაც ერთმნიშვნელოვანად გამოჩნდა, რომ არსებობდნენ ამ ქვეყანაში ხელშეუხებელი ადამიანები, ხალხი, ვისთვისაც კანონის წინაშე თანასწორობა არაფერს არ ნიშნავდა. ისევ დაბრუნდა კახა თარგამაძის დროინდელი განცდა "რკინის კაცის", მართალია სხვა რამეს ეძახდნენ, "ხერხემალი" დაარქვეს იმავე თანამდებობის კაცს, მაგრამ გაჩნდა განცდა, რომ ამ თვალსაზრისით ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა“, - უთხრა თინა ხიდაშელმა რადიო თავისუფლებას.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით კი, მიუხედავად ძალიან ბევრი წინაღობისა, მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, „ვარდების რევოლუციის“ ადმინისტრაცია ერთგული დარჩა „ვარდების რევოლუციის“ იდეებისა, რაც, მისი თქმით, ყველაზე მკაფიოდ გამოიხატა ხელისუფლების არჩევნების გზით მშვიდობიან გადაბარებაში:

მიხეილ სააკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, დევიდ კამერონთან ერთად. 2011 წ.

„საბოლოო ჯამში, დემოკრატიის კონსოლიდაციას სჭირდება ზედიზედ ორჯერ არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა. "ვარდების რევოლუციის" ავტორებმა და "პირველი ცხრა წლის" ადმინისტრაციამ არა მარტო "ვარდების რევოლუცია" მოახდინა, არამედ "ვარდების რევოლუცია" გააფორმა იმით, რომ მშვიდობიანად, არჩევნების გზით დათმო ხელისუფლება, თორემ, რა თქმა უნდა, ტაქტიკურად, იმ 9 წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა ისეთი, რაც შეიძლება შევაფასოთ როგორც უკანდახევა "ვარდების რევოლუციის" იდეალებიდან, ოღონდ უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ, მათ შორის გადაცდომაც, მოხდება მომავალშიც და მოხდება ყველა ხელისუფლების დროს, მათ შორის - განვითარებულ, დიდი ხნის კონსოლიდირებულ დემოკრატიებშიც. ეს არ არის გამართლება ამ გადაცდომებისა, ეს არის ფაქტი“.

„ვარდების რევოლუცია“ „ქართული ოცნების“ ცხრა წელში

როგორ შეიცვალა დამოკიდებულება „ვარდების რევოლუციისადმი“? მივუახლოვდით თუ დავშორდით „ვარდების რევოლუციის“ იდეალებს „ქართული ოცნების“ მმართველობის 9 წლის განმავლობაში?

თინა ხიდაშელი: „ზუსტად ისევე, როგორც პირველი 9 წლის განმავლობაში, 2004-2006 წლებში, ჯერ მივუახლოვდით, შემდეგ კი დაიწყო ამ იდეალების ღალატი და დაღმასვლა დემოკრატიის თვალსაზრისით. ზუსტად იგივე მოხდა, სამწუხაროდ, "ოცნების" ხელისუფლების დროსაც. თავიდან აქტიურად, ქმედითად იდგმებოდა ნაბიჯები. მაშინ ამას 1 ოქტომბრის მონაპოვრის დაცვა ერქვა, მაგრამ არსით ერთი და იგივე იყო 2003 წლის 2 ნოემბრისა და 2012 წლის 1 ოქტომბრის ცვლილებებთან დაკავშირებული მოლოდინები, მაგრამ შემდეგ, სულ რაღაც 2-3 წლის შემდეგ, მკვეთრი ტემპით დაიწყო რეგრესი, უკან სვლა, ზუსტად ისევე, როგორც "ვარდების რევოლუციის" პირველ პერიოდში. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახერხებდნენ ამ რეგრესის ტემპის შეჩერებას, მაგრამ ვერ ახერხებდნენ პროგრესისკენ შეტრიალებას. მეორე პერიოდის მთავრობა უკვე აღმოჩნდა წარუმატებლობისთვის განწირული. მოხდა იმ იდეალების სრული ღალატი, რომლისთვისაც ჯერ 2003 წელს, შემდეგ 2012 წელს ვიბრძოდით“.

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. 2012 წლის 9 ოქტომბერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველოს ეკონომიკა გაპარტახდა.

ირაკლი ღარიბაშვილი

„მძიმე ათწლეულით დაღლილმა ჩვენმა ხალხმა მთელი იმედები ე.წ. ვარდების რევოლუციაზე დაამყარა. შედეგად კი, მოჩვენებითი განვითარების ნაცვლად, მივიღეთ ისედაც უიმედო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ბოლომდე გაპარტახება. უნდა გავიხსენოთ ადამიანების წამება, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, საბედისწერო ომი უმძიმესი შედეგებით, ტერიტორიების დაკარგვითა და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით, რამაც კიდევ უფრო გაართულა დიპლომატიის გზით აფხაზებთან და ოსებთან შერიგების შესაძლებლობა“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ამბობს, რომ, „ის, რაც ამ 9 წელში ხდება, ეს არის "ვარდების რევოლუციის" პრინციპული უარყოფა, რომელიც ყველაზე ცხადად ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, როცა განაცხადა, რომ "ვარდების რევოლუციის" შედეგად დაინგრა ქართული ეკონომიკა, დაინგრა ქართული სახელმწიფო... ეს უტიფრობა მოდის რუსული პროპაგანდიდან. ამ ადამიანებისთვის მიუღებელია საქართველოს სახელმწიფოდ შედგომა. ამიტომ, თუ პირველ ცხრა წელში შეიძლება ხდებოდა ცალკეული ამბები, რომლებიც არათავსებადი იყო "ვარდების რევოლუციის" იდეალებთან, "ქართული ოცნების" ცხრა წელი და თვითონ "ქართული ოცნება" თავისი არსით კონტრრევოლუციაა. ისტორიიდან ვიცით, რომ ყოველ რევოლუციას მოჰყვებოდა ხოლმე კონტრრეფორმაცია, რეაქციული პერიოდი. ეს 9 წელი სხვა არაფერია, თუ არა რეაქცია "ვარდების რევოლუციაზე", თუ არა "ვარდების რევოლუციის" კონტრრევოლუცია“.