ღარიბაშვილი ონლაინკაზინოებისთვის გადასახადის გაზრდასა და მათ აკრძალვაზე საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში ონლაინკაზინოების რეგულაციების გამკაცრებასა და სამომავლოდ აკრძალვაზე საუბრობს. მისი თქმით, სწორედ ამ კომპანიებში მიედინება საქართველოს გაჭირვებული და უმუშევარი მოსახლეობის ფული.

"თითოეულ მოსახლეობას აწუხებს ძალიან - ეს არის სათამაშო ბიზნესი და ონლაინკაზინოები. მილიარდ ხუთასი მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინკაზინოების მეშვეობით... ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ და აგებენ ფულს და ეს თანხა შეადგენს 1,5 მლრდ ლარს. ამის თაობაზე მქონდა ეკონომიკურ გუნდთან საუბარი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე, ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა, ბატონი მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინკაზინოებისთვის, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის უცხოური კომპანიები და საუბედუროდ, ჩვენი მოსახლეობის ფული გაედინება უცხოეთში...

პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და ავწიოთ 25 წლამდე ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინკაზინოები", - თქვა ღარიბაშვილმა.

22 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მანვე ისაუბრა შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დახმარების გაცემის გამკაცრებაზე.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი შრომისუნარიანი მოსახლეობისთვის სოციალური დახმარების გაცემის გამკაცრებაზე საუბრობს

"ჩვენ, როგორც მთავრობამ, უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები... უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული მანკიერი სისტემა გაჯანსაღებული სისტემით... ჩვენ, ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა შევთავაზოთ შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ასეთი ათასობით და ათი ათასობით სამუშაო ადგილები", - თქვა ღარიბაშვილმა.

ასევე ნახეთ ± 21: აზარტული თამაში