კონსილიუმის ექიმები: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია

სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა ექიმებმა ელენე გიორგაძემ და ინეზა სულამანიძემ გორის ჰოსპიტალში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და „შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულიც არის“.

ელენე გიორგაძის თქმით, შიმშილობის შეწყვეტისას კრიტიკულად ითვლება პირველი სამი დღე. „გართულებები ნამდვილად არა აქვს“ - აღნიშნა ექიმმა და დასძინა, „დღეს წნევა ჰქონდა სტაბილური, ისე, რომ არც ერთხელ არ დაგვჭირდა არანაირი პრეპარატის დამატებაო.“

რეანიმატოლოგ ინეზა სულამანიძის თქმითაც სააკაშვილი ყველა დატვირთვას იტანს, რასაც აძლევენ. „შეიძლება ითქვას, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულიც არის. გაუმჯობესებულია მისი თვითშეგრძნებაც. ის ძალიან მადლობელია იმ დახმარებით, რასაც იღებს, არის ძალიან დამჯერი პაციენტი, მისი ლაბორატორიული პარამეტრები გაუმჯობესებულია. დიდი იმედი გვაქვს, რომ შემდეგი დღეებიც გართულების გარეშე ჩაივლის,-განაცხადა სულამანიძემ.