ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია

ელენე ხოშტარია, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, 19 ნოემბერი

ექიმების შეფასებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ანალიზების პასუხები - დამაკმაყოფილებელი. 19 ნოემბრიდან პოლიტიკოსი „ნიუ ჰოსპიტალში“ მკურნალობს. ჯერჯერობით ექიმებს უჭირთ პროგნოზირება, თუ რა დრო დასჭირდება პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას, 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ.

„დაეწყო ინტრავენური გადასხმები და დაწყებულია სპეციალიზებული კვება მცირე ულუფებით და პროტოკოლის მიხედვით მოხდება კვების გაზრდა“, - უთხრა ჟურნალისტებს კლინიკის ექიმმა ალექსანდრე მხარგრძელმა.

პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც, 19 ნოემბერს, დადებითად გადაწყდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ციხის საავადმყოფოდან“ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხი.

ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში 3 ნოემბრის შემდეგ შიმშილობდა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი პატიმარი პაციენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, ხანგრძლივი უარის შემდეგ, 19 ნოემბერს მიიღო.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 18 ნოემბერს, როცა მან გონება ადვოკატების თვალწინ დაკარგა და შემდეგ გლდანის სამკურნალო დაწესებულების ახლად აწყობილ რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ შესაძლებელი იყო მისი სიკვდილი.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, ჩნდება „ხელახალი კვების სინდრომის“ წარმოშობის რისკი, რაც ფატალური შედეგითაც შეიძლება დასრულდეს. არასათანადო მართვის პირობებში, შესაძლოა, განვითარდეს ღვიძლის დისფუნქცია, გულის არითმია და ფილტვისა თუ ნევროლოგიური პრობლემები.

მაქსიმალური სიფრთხილეა რეკომენდებული ყველასთვის, ვინც შიმშილობდა ხუთი დღის ან მეტი ხნის განმავლობაში. მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.