საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას იქ განთავსებისთანავე. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"სააკაშვილი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის ეს ჰოსპიტალი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მიერ არის აშენებული და მაღალტექნოლოგიურად არის აღჭურვილი. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, რომ იქ მაღალკვალიფიციური ექიმებიც არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაზუსტებით ვიცოდეთ, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი აღდგენის პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიშები", - თქვა გვარამიამ.
მისი თქმით, სააკაშვილს გორში დღესვე გადაიყვანენ და ხვალიდან მნიშვნელოვანი იქნება სამედიცინო დღის წესრიგის განსაზღვრა. გვარამია არ ამბობს დროს, როდის გადაიყვანენ სააკაშვილს. მისი განმარტებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ასეა გადაწყვეტილი.
"მე მინდა ვთხოვო მედიის გარდა ყველას, რომ დატოვოს ტერიტორია, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით. უბრალოდ, არ გამოვა დაწესებულებიდან რეანომობილი, თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე", - თქვა გვარამიამ.
ასევე ნახეთ ხერხეულიძე: არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვასდღეს, 19 ნოემბერს, როცა სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50 დღეა გასული, მას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ, რომ სააკაშვილი ხელისუფლებას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაეყვანა, ხელისუფლება კი ამბობდა, რომ თუ მას რუსთავის ციხეში ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდებოდა, გადაიყვანდნენ გლდანში, პენიტენციური სამსახურის სივრცეში არსებულ კლინიკაში. ასეც მოიქცა პენიტენციური სამსახური 8 ნოემბერს, რისი წინააღმდეგიც თავად სააკაშვილი იყო.
1 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.