"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტს "წინააღმდეგობა არ აქვს" გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით. ხერხეულიძემ ამ დეტალებზე სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"მის შიმშილობით გამოხატულ პროტესტს შეუერთდა ძალიან ბევრი ადამიანი - ის განიცდის ამას, განსაკუთრებით ელენეს მდგომარეობას, რომელსაც რთულად აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ითვალისწინებს ამ პოზიციას, თავისთავად სურს, რომ დააკმაყოფილოს ხალხის მოთხოვნა, რომელიც გარეთ დგას და ითხოვენ მის სამკურნალოდ გადაყვანას - ეს არ არის მისი არჩევანი, არც გორი და არცერთი სხვა ლოკაცია არ შეცვლის მის მთავარ განზრახვას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით და იგი აგრძელებს ბრძოლას.
ის, რაც ყველას გვაღელვებს - საჭიროა მან შეწყვიტოს შიმშილობა. მას აქვს ერთი პირობა, რისთვისაც დაიბარა უკრაინის კონსული და თავისი ადვოკატი, მათთან ერთად გაივლიან ტექნიკურ დეტალებს და ამასთან დაკავშირებით მოგახსენებენ პასუხს.
მიხეილ სააკაშვილს არ აქვს წინააღმდეგობა გორის ჰოსპიტალთან დაკავშირებით - არა იმიტომ მოხარულია, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად გადაიყვანენ, მისთვის მნიშვნელობა აქვს, როგორ გაგრძელდება ბრძოლა ამ ქვეყანაში", - თქვა ეკა ხერხეულიძემ.
დღეს, 19 ნოემბერს, როცა სააკაშვილის შიმშილობის დაწყებიდან 50 დღეა გასული, მას იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.
ასევე ნახეთ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს"ეს არის ადგილი, სადაც მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვიცავთ არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, რომლებიც ახლა შიმშილობენ.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, იგი გადაყვანილი იქნება რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. აქვე ხაზგასმით უნდა ვთქვათ, ოპონენტების მხრიდან ნებისმიერი სახის პროვოკაციის შემთხვევაში, რამაც ხელი შეიძლება შეუშალოს პატიმრის გადაყვანას და შემდგომ სამედიცინო პერსონალის მუშაობას, პატიმარი გადაყვანილი იქნება მე-18 დაწესებულებაში [გლდანში] და ნებისმიერი კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე", - თქვა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სექტემბრის ბოლო რიცხვებში დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან მან შიმშილობა გამოაცხადა.
11 ნოემბერს მან განაცხადა, რომ მზად არის შიმშილობა შეწყვიტოს, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანენ, იმ დათქმით, რომ ეს არ იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალი.