ზალკალიანი საერთაშორისო კრიტიკაზე: უთანხმოება და კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არა შეურაცხმყოფელი

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პარლამენტში

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 19 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მათ აზრის გამოთქმისას ბალანსის დაცვა მოეთხოვებათ.

„ხშირად მეგობრებს შორისაც არის ხოლმე ასეთი საუბრები და უთანხმოება. ეს უთანხმოება და კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს და არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი. ჩვენმა პარტნიორებმაც უნდა გააცნობიერონ, რომ [საქართველო] სუვერენული ქვეყანაა, რომელიც თავის სახელმწიფო ინსტიტუტებს პატივს სცემს და აქედან გამომდინარე, ეს ბალანსი უნდა იყოს დაცული...

ხშირად არის ხოლმე, რომ არასწორ ინფორმაციაზე დაყრდნობით [ხდება ეს]. მათ ინფორმაციის მიწოდების წყარო ძალიან ბევრი ჰყავთ - მათი ყოფილი მეგობრები, ადამიანები, რომლებთანაც წლებია ურთიერთობა აქვთ... ეს ურთიერთობები ყალიბდება წლების განმავლობაში და ხანდახან სუბიექტივიზმშიც გადადის“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

19 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა „მინისტრის საათის“ ფორმატში და შემდეგ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს მიიღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან „რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, ვინც არ უნდა იყოს ის“.

„ქართული ოცნების“ უკმაყოფილება ბოლოს გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს „პოლიტპატიმარი“ უწოდა პოლონელმა ევროპარლამენტარმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ანა ფოტიგამ. ამ ფაქტის საბაბით, 13 ნოემბერს ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

„ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“, - წერია განცხადებაში, რომლის შინაარსიც ოპოზიციამ აღიქვა ხელისუფლების მკაფიო, ღია განაცხადად, რომ საქართველო უარს ამბობს დასავლურ ღირებულებებზე.

დავით ზალკალიანი ამბობს, რომ როდესაც საერთაშორისო პარტნიორები ცდებიან „ამაზე, ჯობია, რომ გულწრფელად ვუთხრათ, როგორც ღიად, ასევე პირად საუბრებში“ და ხელისუფლება ხშირად წარმატებით ახერხებს, რომ მათ აზრი შეაცვლევინოს.

„მერე მივსულვართ, ნორმალურად, ადამიანურად გვისაუბრია მათთან და მათ პოზიცია შეუცვლიათ. ამას ვაკეთებთ და გავაკეთებთ კიდევაც“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დავით ზალკალიანმა განცხადებები გააკეთა „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენლის, დეპუტატ დავით ზილფიმიანის შეკითხვაზე პასუხად - თუ რატომ აძლევენ თავს უფლებას საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები გამოთქვან თავიანთი კრიტიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ჩვენს მეგობარ ან სტრატეგიულ პარტნიორზე [ქვეყანაზე], კერძო, ადგილობრივმა, გინდაც - ინდივიდუალურმა პოლიტიკოსებმა, ან პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა, ან არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყონ შეძახილები, რომ იმედგაცრუებული არიან იმ ქვეყანაზე, ან წუხან მათ მიერ გადადგმული ნაბიჯებით... ეს ხომ ნონსენსია. თქვენ რა შეიძლება გააკეთოთ, რომ ასეთი დესტრუქცია ზოგიერთი ვითომ მეგობრისა რამენაირად შევზღუდოთ“, - მიმართა მინისტრს „ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელმა.